ლარის ეფექტური გაცვლითი კურსი შესაძლოა არსებულ დონესთან შედარებით მცირედით გაუფასურდეს და წლის მეორე ნახევარში გამყარდეს, - ამის შესახებ ინფორმაცია „თიბისი კაპიტალის“ ახალი კვლევის საბაზო სცენარში არის მოცემული.
კვლევის მიხედვით, მოსალოდნელია, რომ მიმდინარე წლის აგვისტო-სექტემბერში ლარის კურსი დოლართან მიმართებაში 3.15-ს გაუტოლდება, ხოლო დეკემბერში 3.0-მდე გამყარდება.
კვლევის თანახმად, შემოდინებების გარდა, ლარის კურსი აშშ დოლართან ასევე დამოკიდებულია დოლარის კურსზე ევროსთან, ლირასთან და რუბლთან მიმართებაში. იმის გათვალისწინებით, რომ დოლარი უკვე ძალიან მყარია სხვა ვალუტებთან მიმართებაში, საერთაშორისო ბაზრებზე მისი შემდგომი მნიშვნელოვანი გამყარება ნაკლებ სავარაუდოა. გარდა ამისა, ამჯერადაც, ევროს, რუბლს, ლირასა და ლარს დოლართან მიმართებით გარკვეულწილად მსგავსი ციკლი ახასიათებს.
„თიბისი კაპიტალის“ ახალი კვლევაში რამდენიმე საკითხი გამოიკვეთა:
- ლარი უფრო სტაბილურია ევროს, ვიდრე დოლარის მიმართ;
- საქართველოში ეკონომიკის ზრდა უფრო სტაბილურია ევროში დოლართან შედარებით;
- ბიზნეს მსესხებლებისათვის შესაძლებელია ევროს შედარებით მეტი წილი იყოს ოპტიმალური;
- სავარაუდოდ, საშუალოვადიან პერსპექტივაში ევრო დოლართან მიმართებაში გამყარდება, რასაც ლარის დოლართან გამყარებაც მოყვება, თუმცა შესაძლოა შედარებით ნაკლები ტემპით;
- დოლარის გამყარების ალბათობა ნაკლებია, თუმცა ასეთ შემთხვევაში ნეგატიური ეფექტი ბევრად მეტია.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 26 ივნისისთვის ერთი ამერიკული დოლარი 3.0551 ლარია, ევრო – 3.4266 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.7963 ლარი.
ნინო თამაზაშვილი