„დღეს აღარ არის იმის დრო, რომ მოგებაზე ვიფიქროთ. ახლა მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურული პროექტები არ გაჩერდეს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ვიმუშავოთ და ხალხი ვამუშავოთ. ვთვლი, რომ დღეს გაჩერება არის დაღუპვის ტოლფასი.“ - კომპანია „კავკასუს როუდ პროჯექტის“ ხელმძღვანელი პაატა ტრაპაიძე „კომერსანტთან“ საქართველოს მთავრობის მიერ ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის კურსის დაზღვევის შეთავაზებას დადებითად აფასებს.
ცოტა ხნის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ კურსთაშორისი სხვაობის რისკი ინფრასტრუქტურულ პროექტებსაც დაეზღვევათ. „ჩვენ ცხრა ძირითად სასურსათო პროდუქტზე ძირითად მომწოდებლებს კურსთაშორისი სხვაობის რისკი დავუზღვიეთ და ამ ნაბიჯებს გავაგრძელებთ იქამდე, ვიდრე ეკონომიკაში ეს ტურბულენტობა გაგრძელდება. მსგავსი მიდგომა შევთავაზეთ კომპანიებს, რომლებიც ინფრასტრუქტურულ პროექტებს უკვე ახორციელებენ ან ახლა იგებენ ტენდერებს, რადგან ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია სისტემური ინფრასტრუქტურული პროექტების გაგრძელება“-განაცხადა პრემიერმა.
პაატა ტრაპაიძემ ცოტა ხნის წინ „კომერსანტთან“ საუბრისას აღნიშნა, რომ კომპანიებს მასალების შესყიდვა მაღალი კურსით უწევთ, მომწოდებლების დიდი ნაწილი კი თანხების წინასწარ გადახდას ითხოვს. მისივე თქმით, სექტორი დიდ სიძნელეებს აწყდება და პროექტების განხორციელება საკრედიტო პოლიტიკის დარეგულირების გარეშე შეუძლებელია. პრემიერის ბოლო ინიციატივა კი „კავკასუს როუდ პროჯექტის ხელმძღვანელმა დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ კურსის გადაზღვევა ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაჩერების საშუალებას არ მისცემს, რისი საფრთხეც რეალურად არსებობდა.
„რა თქმა უნდა, ინფრასტრუქტურული დარგისთვის ეს ძალიან კარგია იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ლარში გვაქვს კონტრაქტები, ხოლო მასალები დოლარში უნდა შევიძინოთ.მთავრობის მიდგომა ასეთია, ჩვენ პროექტი უნდა შევასრულოთ, პროექტის დასრულების შემდეგ, ლარის კურსის გამო გაძვირებულ მასალებსა და პროექტის დასაწყისში მითითებულ ფასს შორის სხვაობის ანაზღაურება მოხდება მთავრობის მიერ. მაგალითად, არმატურის ფასი ხელშეკრულებაში გვიწერია 1500 ლარი, ამ დროს დოლარის ფასი იყო ვთქვათ 3,2 ლარი. შემდეგ კურსის ცვლილების გამო არმატურის ფასი გაიზარდა 1800-ამდე ან 1900 ლარამდე. პროექტის შემსრულებლებმა შესაბამისი ფაქტურებით უნდა დავასაბუთოთ, რამდენად ვიყიდეთ ძირითდი მასალები და რა იყო მაშინ გაცვლითი კურსი. ხოლო პროექტის ბოლოს მოხდება ამ თანხის ანაზღაურებით. ეს ეხება 1 აპრილიდან მიღებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს. თუ კურსი ისევ გაიზარდა, ის სხვაობა კომპანიას პროექტის ბოლოს დაუკომპენსირდება. რაც შეეხება მასალების დეფიციტს, ამ ეტაპზე ეს პრობლემა არ დგას და ვფიქრობ, მოსალონდელიც არ უნდა იყოს იმიტომ, რომ მასალების ტრანსპორტირებები გრძელდება.“ - განმარტა ტრაპაიძემ.
მარიამ მორგოშია