„გასულ წელს გომისმთა უცხოელების სიმრავლეს ვერ აუდიოდა, რითაც სარგებლობდა ადგილობრვი მოსახლეობა და მიმდებარე სოფლებიც, რომლებიც სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებს უცხოელ ვიზიტორებზე ჰყიდდნენ. ახლა, რა თქმა უნდა აქაურ ფერმერებს რთული მდგომარეობა აქვთ, რადგან წელს საგრძნობლად მცირეა ვიზიტორების რიცხვი,“ - ამის შესახებ „კომერსანტს“ ოზურგეთის მერიაში განუცხადეს.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში გომისმთის დასახლებას დაბის სტატუსი მიენიჭა. გომისმთა საკურორტო ადგილია, რომელსაც გააჩნია მინერალური წყლები, ტყე და სხვა ბუნებრივი რესურსები. გომისმთაზე ტურისტების რაოდენობა ყოველწლიურად მატულობდა, პანდემიის გამო კი სურათი შეიცვალა და ადგილობრივი ფერმერებისთვის ცალკეული ხელშეწყობის პროგრამა შეიქმნა - ეკონომიკის გავითარებისა და ქონების მართვის ტურიზმის განყოფილებაში არის მცირე მეწარმეების ბაზა საიდანაც ადგილობრივ ვიზიტორებს საქართველოდან სთავაზობენ ადგილობრივ პროდუქტებს.
გომის მთაზე უკანონო მშენებლობებისა და დასახლების სტატუსის არქონამ შეაფერხა განაშენიანების გენერალური გეგმის შემუშავებაც, ამჟამად კი გეგმის დამტკიცების გაჭიანურება იწვევს იმას, რომ ზონირება ვერ ხერხდება და ინვესტორები ამ ეტაპზე თავს იკავებენ კონკრეტული პროექტების განხორციელებისგან. გენერალური გეგმა შპს არტ-სტუდიომ შეიმუშავა.
გომისმთას დღემდე არ ჰქონდა დასახლების სტატუსი, რაც ზღუდავდა მისი, როგორც კურორტის მიზანმიმართული და ეფექტური განვითარების შესაძლებლობებს. სტატუსის არქონის გამო შეფერხდა გომის მთის გენგეგმის დამტკიცებაც, რომელიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაკვეთით 2018 წელს დასრულდა.
„სანამ გენგეგმა არ დამტკიცდება, ჯერჯერობით ინვესტიციებზე საუბარი ნაადრევია და ჯერ არ განიხილება. აქამდე ქაოტურად მიმდინარეობდა მშენებლობები და ეს არის ხელისშემშლელი ფაქტორი.
უკანონოდ ასუფთავებდნენ დასახლების შემოსასვლელ ტერიტორიას, პატარა ბოძებს ასობდა ხალხი და ისაზღვრავდა ტერიტორიებს. დაბის სტატუსის მინიჭებამ მეტი ბერკეტი მისცა მუნიციპალიტეტს იმის, რომ უფრო აკონტროლოს მშენებლობები. ინფრასტრუქტურულ პროექტებს რაც შეეხება, ინფრასტრუქტურის და რეგიონალური განვითარების სამინისტრომ გამოაცხადა ტენდერი შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ოზურგეთი- გომის საავტომობილო გზის სარეაბილიტავიო სამუშაოებზე რომლის სიგრძე შეადგენს 20 კილომეტრს . პროექტის ღირებულება არის 23 მილიონ 837 ათას 700 ლარი, დამკვეთი კი არის საავტომობილო გზების დეპარტამენტი,“ - განმარტავენ ოზურგეთის მერიაში.
ჯერჯერობით უცნობია, როდის დამტკიცდება გენერალური გეგმა, როდის მოხდება გომისმთის ზონირება, როდის დაიწყება ინვესტიციების მიღება და დაბის განვითარება, ასევე შეიქმნება სამუშაო ადგილები. თუმცა, ამ ეტაპზე ადგილობრივების ერთადერთი შემოსავლის წყარო -ტურისტები პანდემიის გამო ნაკლებად სტუმრობენ მხარეს.
გომის მთის განაშენიანების გეგმის პირველი ეტაპი საკრებულომ უკვე დაამტკიცა. სამუშაო პროცესი მომდევნო ეტაპზეა, იგეგმება განხილვები მოსახლეობის ჩართულობით. საბოლოოდ ეკონომიკის სამინისტროს შეთანხმების შემდეგ, განაშენიანების გეგმას მუნიციპალიტეტის საკრებულო დაამტკიცებს.
მარიამ მორგოშია