ბავშვთა ქალაქ „მზიურის“ ტერიტორიაზე არსებული, დაახლოებით 2 ჰექტარი მიწის ნაკვეთი მუნიციპალიტეტს მესაკუთრესთან მოლაპარაკებების გზით, ადგილმონაცვლეობის პრინციპით უბრუნდება. იმაზე, თუ რა პირობებით მოხდება „მზიურის“ ტერიტორიაზე კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ადგილმონაცვლეობა, განმარტება დედაქალაქის მერის მოადგილე ირაკლი ხმალაძემ გააკეთა. მისი თქმით, კომპანიას გადაეცემა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ალტერნატიული ფართი ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, დაახლოებით 14 ჰექტარი.
საუბარია ორ მიწის ნაკვეთზე, რომლის მესაკუთრე არის შპს „პიაცა მზიური”. კომპანიის დირექტორი ვაჟა ბოლქვაძეა, ხოლო 50-50%-იან წილებს დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის მოქალაქეები შოთა ხატიაშვილი და გიორგი გოჩა ჭიღლაძე ფლობენ.
ორივე ეს მონაკვეთი „სარეკრეაციო ზონა 2-ში (იგივე რზ 2) მდებარეობს — ეს სარეკრეაციო ზონაა და აქ მშენებლობა დასაშვებია მხოლოდ საგამონაკლისო სახეობების შემთხვევაში, რომლებიც საჭიროებს სპეციალურ (ზონალურ) შეთანხმებას. რაც შეეხება ტერიტორიას ლისზე, როგორც ვიცე-მერი, ირაკლი ხმალაძე ამბობს, ლისზე არსებული ტერიტორიები „სარეკრეაციო ზონა 3-ში“ (იგივე რზ 3) მდებარეობს.
„კომპანიას გადაეცემა მუნიციპალიტეტის საკრებულოში არსებული ალტერნატიული ფართი, რომელიც მდებარეობს ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე — სადაც შესაძლებელი იქნება ერთბინიანი კერძო დასახლების გაშენება — დაახლოებით 14 ჰა (140 ათასი კვ.მ), თუმცა ამის სანაცვლოდ მუნიციპალიტეტმა საკუთრებაში გადმოიტანა 15 ათასი კვ.მ. „მზიურის“ ტერიტორიაზე, რომლის კეთილმოწყობაც ვერ მოხდა აქამდე, რადგან იყო კერძო საკუთრება და მომავლი წლიდან მუნიციპალიტეტი ამ ტერიტორიას კეთილმოაწყობს.
მიწის ნაკვეთმა, რომელიც გადავეცით, შეადგინა დაახლოებით 4 მილიონი დოლარის ეკვივალენტი და ამავე ღირებულებით მოხდა მიწის ნაკვეთის ჩათვლა ადგილმონაცვლეობაში, თუმცა, სამხარაულის შეფასებით, მზიურის მიწის ნაკვეთის ღირებულება გაცილებით მეტია“, — აღნიშნა ხმალაძემ.
მიწის ნორმატიული ფასი (სახელმწიფოს მიერ დადგენილი), ორივე ტერიტორიის შემთხვევაში განსხვავებულია. მაგალითად თუ მზიურის 2 ჰექტარი ტერიტორიის ნორმატიული ფასი კვ.მ-ზე 128-დან 340 ლარამდეა, ლისის ტბის მიმდებარედ არსებული ტერიტორიის ფასი 16-დან 43 ლარამდე მერყეობს. თუმცა, ცხადია განსხვავებულია არსებული მიწების საბაზრო ღირებულება და მისი სამშენებლო ტერიტორიად გამოყენების შემთხვევაში მიღებული სარგებელი.
ურბანისტი და არქიტექტორი ირაკლი ჟვანია ამბობს, რომ ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით ამ გაცვლას ნებისმიერი კუთხით აქვს სრულიად არათანაზომიერი ხასიათი და გენგეგმას ეწინააღმდეგება რამდენიმე პუნქტში. ადგილი, სადაც კერძო პირი ვერასდროს ვერაფერს ააშენებდა სარეკრეაციო ზონა 2-ის გამო, გაიცვალა შვიდჯერ მეტი ფართის ტერიტორიაში, სადაც ასევე არ შეიძლებოდა მშენებლობა, მაგრამ ახლა მთელი უბანი გაჩნდება.
„უცბად ყველას გაგვეხარდა მზიურში ოდესღაც გაყიდული ნაკვეთი, რომ დაუბრუნდა პარკს. მაგრამ კარგად ვნახოთ რაში გაიცვალა ეს ტერიტორია. მზიურის ნაკვეთი (ორ ნაწილად ყოფს ვერეს ხეობაში გაყვანილი გზა) არის დაახლოებით 18 ათასი კვადრატული მეტრი და ის გაიცვალა ლისის ტბასთან მდებარე ნაკვეთში რომლის ფართია 14 ჰექტარი, ანუ 140 ათასი კვადრატული მეტრი, ესე იგი დაახლოებით 7.7-ჯერ აღემატება გაცვლილს.
მზიურს და იმ ნაკვეთს ფარავს სარეკრეაციო ზონა 2. ახალ ნაკვეთს მერიის ინტერაქტიულ რუკაზე ჯერ ადევს ზოგადი სარეკრეაციო ზონა და როგორც მედიიდან გავიგეთ მას მიენიჭება კონკრეტული სარეკრეაციო ზონა 3 სტატუსი სადაც აშენდენა კერძო სახლები. ახლა წავიკითხოთ რა წერია კანონში სარეკრეაციო ზონა 3-ზე:
სარეკრეაციო ზონა-3 (რზ-3) წარმოადგენს ზონას, რომელიც მდებარეობს განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებში, სადაც დასაშვებია დასასვენებელი, სამკურნალო, სპორტული და გასართობი დანიშნულების შენობა-ნაგებობების განთავსება. ასევე დასაშვებია ამ წესების დანართი 1-ით განსაზღვრული ძირითადი და სპეციალური ზონალური ნებართვით დაშვებული სახეობები.
- როგორც ხედავთ აქ არ წერია რომ ამ ზონაში საცხოვრებელი სახლები დაშვებულია. მაგრამ იქვე არის ჩანაწერი სპეციალური ზონალური შეთანხმების შესახებ, რაც მერიას აძლევს იმის უფლებას რომ საცხოვრებელი სახლების მშენებლობაზე დართოს ნება. ეს ჩანაწერი რეალურად მრავალი წელია გამოიყენება ბოროტად და ქალაქის საზიანოდ, რაც არ შეიძლება იმას ხდის შესაძლებელს, განსაკუთრებით მაშინ როდესაც ათეულობით ჰექტარზე ხდება სულ სხვა ტიპის განვითარება რაც ზონის განმარტებისათვის არის სრულიად მიუღებელი. კერძო საცხოვრებელი სახლებისთვის არსებობს საცხოვრებელი ზონა 1 (ესეც სასოფლო-სააგარაკო ტერიტორიაზე) და 2.
- ზონის განმარტებაში გარკვევით წერია რომ ის უნდა მდებარეობდეს განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებში. ამ ადგილზე ჯერ ერთი რომ ტრიალი მინდორია და მეორეც - ის ზუსტადაც რომ მდებარეობს გენგეგმით დადგენილი განაშენიანების კონტურის გარეთ, რომელიც ვაშლიჯვარის და ნუცუბიძის პლატოს ზედა შენობებზე და მაჭავარიანი ქუჩაზე გადის. აქედან აღნიშნულ ნაკვეთამდე არის კილომეტრნახევარი - ორი კილომეტრი.
- გენგეგმამ თქვა, რომ თბილისში უნდა შეჩერდეს სუბურბანული განვითარება. ეს პირდაპირ არის კიდევ ერთი ახალი სუბურბანული განვითარება. ახლა ესეც რომ განაშენიანდება და მის გვერდზე მიმდინარე „ლისი ტოპოგრაფიც“ დასრულდება, საცობები მერე ნახეთ ყველა იქეთ მიმავალ გზაზე და სმოგის ფოტოები ვპოსტოთ. მერე მაჭავარიანს ქუჩას რამე მესამე განშტოების ახალი გზები და ესტაკადებიც დავამატოთ და ვთხლიშოთ იქ კიდე ერთი ასი მილიონი ლარი.
- გენგეგმამ თქვა, რომ ლისის ტერიტორიისთვის უნდა მომზადებულიყო ცალკე დეტალური ხედვა რომელიც განსაზღვრავდა ლისის ირგვლივ ტერიტორიების განვითარებას სხვადასხვა რეკრეაციული დანიშნულებებით. ამ პროექტზე მუშაობა დაიწყო მაგრამ ის მერიამ მალევე შეწყვიტა და გააგრძელა დიდი დასახლებებისთვის მშენებლობის ნებართვების გაცემა.
ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით ამ გაცვლას აქვს სრულიად არათანაზომიერი ხასიათი ნებისმიერი კუთხით და გენგეგმას ეწინააღმდეგება რამდენიმე პუნქტში. ადგილი სადაც კერძო პირი ვერასდროს ვერაფერს ააშენებდა სარეკრეაციო ზონა 2-ის გამო, გაიცვალა შვიდჯერ მეტი ფართის ტერიტორიაში სადაც ასევე არ შეიძლებოდა მშენებლობა მაგრამ ახლა მთელი უბანი გაჩნდება. კიდევ გამწვანების აუცილებლობაზე გვესაუბრებიან, როდესაც ლისის უზარმაზარი არეალი, რომელიც გენგეგმით სარეკრეაციო ზონად იყო დადგენილი და სადაც ურბანული პარკის განვითარება შეიძლებოდა, ნადგურდება.
კატასტროფაა რომ ოდესღაც პარკებს ტერიტორიები ჩამოაჭრეს და გაყიდეს და ამის შემობრუნება დღეს ძალიან ძვირი ჯდება, ხშირად შეუძლებელიცაა, მაგრამ იმ პირობებით როგორითაც ეს კონკრეტული გაცვლა მოხდა, გარდა მორიგი გახსნის ცერემონიის ეფექტისა, ცუდი უფრო მეტია, ვიდრე კარგი. თუ ქალაქად მარტო ცენტრს არ მივიჩნევთ და გავიაზრებთ ფართო მასშტაბს, ქალაქის ინტერესები აშკარად დაზიანდა და თუ რატომ მოხდა ესე კიდევ ბევრ კითხვას აჩენს“,— ამბობს ირაკლი ჟვანია.