ცნობილი ბიზნესმენი დავით ფანჯაკიძე სოციალურ ქსელში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს, რომელსაც კომერსანტი უცვლელად გთავაზობთ:
„ტყუილად იშლიან ნერვებს ერთნი, სულ ტყუილად იშლიან ნერვებს მეორენი და სულ ტყუილად უშლიან ნერვებს ხალხს ორივენი... მათი წარმოდგენები სახელმწიფოს მოწყობაზე იდენტურია, ამიტომ ვერც ერთნი და ვერც მეორენი ვერ შეძლებენ სოციალისტური მმართველობის გზით ვერც სიღარიბის დაძლევას, ვერც ეკონომიკის აღორძინებას, ვერც გაჭირვებულთა დახმარებას და ვერც სამართლიანობის უზრუნველყოფას, ვინაიდან სოციალისტურ სისტემას ეს უბრალოდ არ შეუძლია... არც ერთნი და არც მეორენი არ ებრძვიან გაბატონებულ აზრს რომ სახელმწიფოს არსი ხალხზე მზრუნველობაა, ეს აზრი კი ხალხს ამყოფებს მუდმივ მოლოდინში რომ ან ეხლა გამოჩნდება უკეთესი მზრუნველი, ან ხვალ ... სამწუხაროდ მცდარ მოლოდინებს ასრულება არ უწერია ...
ადამიანებმა უნდა იზრუნონ საკუთარ თავზე და თავად უნდა უზრუნველყონ საკუთარი კეთილდღეობა, ცოდნით, შრომით, უნარებითა და გამოცდილებით, ხოლო სახელმწიფო კი მათ სჭირდებათ იმისათვის რომ დასახული მიზნების მიღწევასა თუ საკუთარ თავსა თუ საკუთარ ოჯახზე ზრუნვაში არც თანამოქალაქეებმა შეუშალონ ხელი და არც გარეშე მტერმა!
ასეა ეს ... როცა ამას მოსახლეობის უმრავლესობა გაიაზრებს და დაიჯერებს, მაშინ დასრულდება სახელმწიფოს მზრუნველობაც და დამარცხდება სიღატაკეცა და სიდუხჭირეც ... მანამდე კი ვიქნებით მოწყალე ხელისუფლების სუბსიდიების მოლოდინში, სოცმუშაკის არითმეტიკაში უცოდინარობის იმედად და საპენსიო ფონდის აღზევების ცაგარელისეული პროგნოზის ზეგავლენის ქვეშ...
აბა კარგი შაფ(ბ)ათ-კვირა !
p.s. ამ ეტაპზე კი ვადევნოთ თვალყური ვინ უფრო კარგ და სტაბილურ ფასს შემოგვთავაზებს წიწიბურაზე , ე.წ. გრეჩიხაზე ‘’,-წერს დავით ფანჯაკიძე.