ადამიანები აღარ იყენებენ ნაღდ ფულს, არ დადიან სტუმრად და არ იხდიან დაბადების დღეებს, - პანდემიამ ადამიანების ქცევებზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა. COVID-ის გავლენა თბილისელების ქცევასა და ცხოვრების სტილზე მარკეტინგულმა კომპანია ACT-იმ შეისწავლა. კომპანია დაინტერესდა 2020 წლის 14-15 მარტის მონაცემთან შედარებით რა ფორმით შეიცვალა ქცევა შეზღუდვების გამკაცრების ფონზე. კვლევას "კომერსანტი" უცვლელად გთავაზობთ :
2020 წლის დეკემბერში ჩატარებული კვლევის მიხედვით, გამოკითხული რესპონდენტების უმრავლესობამ შეცვალა ქცევა სხვადასხვა მიმართულებით, მაგალითად: რესპონდენტების 51%-მა შეამცირა და მათ შორის 12% საერთოდ აღარ იყენებს ნაღდ ფულს; პარკებში და სკვერებში სიარული შეწყვიტა 36%-მა; რაც შეეხება ფიზიკურ აქტივობას (ვარჯიში სახლში, ქუჩაში, სტადიონზე) გამოკითხული რესპონდენტების მხოლოდ 22% აღარ ახორციელებს.
2020 წლის მარტში ჩატარებული კვლევის მიხედვით სტუმრად სიარული გამოკითხული რესპონდენტების 40%-მა ხოლო, 2020 წლის 11-13 დეკემბრის მონაცემის მიხედვით რესპონდენტების 55%-მა შეწყვიტა. შესაბამისად, სახლში სტუმარს მარტის მონაცემის მიხედვით 36%, ხოლო დეკემბრის მონაცემის მიხედვით 56% აღარ ეპატიჟება.
რაც შეეხება დაბადების დღეებზე და პანაშვიდებზე სიარულს 2020 წლის დეკემბრის მონაცემის მიხედვით კიდევ უფრო შემცირდა. მარტში 43%, ხოლო დეკემბერში ჩატარებული კვლევის მიხედვით, რესპონდენტების 60% უფრო ნაკლებად ან საერთოდ აღარ ახორციელებს აღნიშნულ აქტივობას“, — ნათქვამია კვლევაში.
კომპანიაში ასევე განმარტავენ, რომ გამოკითხვა ჩატარდა შემთხვევითი შერჩევის გზით, 403 ზრდასრულ თბილისის მოსახლეს შორის 2020 წლის 11-13 დეკემბერს. მათი ინფორმაციით მონაცემთა სტატისტიკური ცდომილება საშუალოდ არ აღემატება 4.9%-ს. ხოლო კვლევის ჩასატარებლად გამოყენებული იყო სატელეფონო გამოკითხვის მეთოდი.