„რესპუბლიკელმა“ კონგრესმენმა, ადამ კინზინგერმა განაცხადა, რომ „რესპუბლიკურ“ პარტიაში თავს იზოლირებულად და მარტოდ გრძნობს მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპის იმპიჩმენტსა და კონსტიტუციის 25-ე შესწორებით მის გადაყენებას მხარი დაუჭირა.
ადამ კინზინგერის განმარტებით, ყოფილი პრეზიდენტისა და მისი მომხრეების გაკიცხვის შემდეგ საკუთარ პარტიაში თავს გარიყულად გრძნობს.
„ჩემს პარტიაში თავს ძალიან იზოლირებულად ვგრძნობ. თავს ძალიან იზოლირებულად და მარტოდ ვგრძნობ. ვფიქრობ, მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში ეპიკური ბრძოლა გვექნება, რაც პარტიის მომავალს განსაზღვრავს“, - აღნიშნა ადამ კინზინგერმა.
„რესპუბლიკელმა“ კონგრესმენმა ასევე განაცხადა, რომ საკუთარ პოლიტიკურ მომავალზე არ ფიქრობდა, როდესაც დონალდ ტრამპის იმპიჩმენტს მხარი დაუჭირა.
„ვღელავ თუ არა ჩემს პოლიტიკურ მომავალზე? არა, რადგან რაიმე პოლიტიკური იმპერიის შექმნა აზრადაც არ მქონია. სწორი ნაბიჯი გადავდგი და ვფიქრობ, ისტორია ამას ასე განსჯის“, - აღნიშნა ადამ კინზინგერმა.
imedinews.ge