დღეს აჭარის მთავრობის სხდომა გაიმართა. ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ 2020 წელი შეაჯამა და ისაუბრა იმ ქმედით ნაბიჯებზე, რომელიც მთავრობის მხრიდან პირველივე ეტაპზე გადაიდგა.
თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, რომ რეგიონში არის პანდემიის სტაბილიზაციის საკმაოდ კარგი ნიშნები. მთავრობის მხრიდან გრძელდება მოქალაქეების მიზნობრივი დახმარება. სოციალურად დაუცველი ოჯახების საცხოვრებლით, სასურსათო და მედიკამენტების მიმართულებით უზრუნველყოფა.
,, აჭარის ბიუჯეტში გათვალისწინებულია შესაბამისი სახსრები, რომ ყველა სოციალურად დაუცველ ოჯახს ჰქონდეს აბსოლუტური მხარდაჭერა სახელმწიფოს მხრიდან, ხელვაჩაურში უკვე დავასრულეთ ერთი ახალი სოციალური სახლის მშენებლობა. მოქალაქეები შეძლებენ, რომ ახალ წელს ახალ ბინებში შეხვდნენ. როგორც კი ჩვენ დავიწყეთ პირველადი ღონისძიებების გატარება კორონა ვირუსთან მიმართებაში, 61 000 ზე მეტმა ადამიანმა გაიარა საკარანტინო სივრცის რეჟიმი. მსურს ექიმებთან ერთად, მადლობა გადავუხადო პერსონალს, რომელიც ჩართული იყო ამ სივრცეების მართვაში. განსაკუთრებით ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენლებს“ - განაცხადა მთავრობის თავმჯდომარემ.
თორნიკე რიჟვაძემ ასევე ისაუბრა ბიზნესის ხელშეწყობის მნიშვნელობაზე. აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ბიზნესი რეგიონში ფუნქციონირებდეს შეუფერხებლად - ,, ვინაიდან პანდემიის ეფექტი და მისი გავლენა გრძელდება, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება , რომ ყველა ინვესტორს, რომელსაც შესაბამისი ვალდებულებები აქვს, აჭარის მთავრობა დამატებით 6 თვეს განუსაზღვრავს საშეღავათო პერიოდს ყოველგვარი სანქცირების გარეშე. მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესთან ერთად შევძლოთ როგორც სამუშაო ადგილების აღდგენა, ასევე ახალი სამუშაო ადგილების შექმნა. მნიშვნელოვანია მათი თანამონაწილეობა, ამ პროცესში“.