აჭარაში, ხიხანის ციხეზე ასასვლელი ბილიკის მოწყობა იგეგმება. ზღვის დონიდან 2236 მეტრზე მდებარე ხიხანის ციხე ერთ-ერთი ყველაზე კარგად შემონახული და რთულად მისასვლელი ციხე-სიმაგრეა აჭარაში, რის გამოც ის მიმზიდველი ძირითადად მოლაშქრეებისთვისაა.
ტურისტული ბილიკის დალაშქვრის გამარტივების მიზნით აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო ციხეზე ასასვლელი ბილიკის გაფართოებას, მოაჯირების მონტაჟს და კიბეების მოწყობას გეგმავს. გარდა ამისა, იგეგმება ბილიკზე ტურისტულად მიმზიდველი, მამოტივირებელი მანიშნებლების, ინფრასტრუქტურის მოწყობა და ტურისტული ბილიკის მარკირება.
ამ ეტაპზე, ციხეზე გეოლოგებისა და ტოპოგრაფების მიერ კვლევითი სამუშაოები მიმდინარეობს. კვლევის პროცესს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი ლელა გოგუაძეც დაესწრო, რომელმაც სპეციალისტებთან ერთად ბილიკზე არსებული მდგომარეობა და პროექტის განხორციელების ეტაპები განიხილა
საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის შედეგებზე დაყრდნობით ციხეზე ასასვლელ ბილიკზე მოსაწყობი ინფრასტრუქტურის ესკიზური პროექტი და მისი სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტი პირველ აგვისტომდე მომზადდება, რის შემდეგაც სამშენებლო სამუშაოები დაიწყება.
პროექტის განხორციელდების შედეგად, ხიხანის ციხე ჩირუხი – ხიხანი- გოდერძის მარკირებულ გარდამავალ ალპურ მარშრუტზე მთავარი დანიშნულების ადგილი გახდება, რაც მარშრუტის ხანგრძლივობას გაზრდის. გარდა ამისა, შესაძლებელი იქნება ციხეზე კულტურულ-სპორტული ღონისძიებების განხორციელება და უფრო მასშტაბური პრეს-ინფო ტურების ორგანიზება.