აჭარის მთავრობის ხელშეწყობით, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ციტრუსის ლოჯისტიკისა და რეალიზაციის ხელშეწყობის, ასევე ციტრუსის სუბსიდირებისთვის უზრუნველყოფის მიზნით, რეგიონში ციტრუსის რეალიზაციის საკოორდინაციო შტაბი აამოქმედა, რომელიც დღეს, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა გიორგი სურმანიძემ დაქობულეთის მუნიციპალიტეტის მერმა მირიან ქათამაძემ გახსნეს. ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.
,,არასტანდარტული მანდარინის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის ღონისძიებების შეუფერხებლად განხორციელების მიზნით შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც გარდა არასტანდარტული მანდარინის რეალიზაციისა უწყვეტ რეჟიმში ჩართული იქნება სტანდარტული მანდარინის რეალიზაციის მიმდინარეობის პროცესებში.
შტაბის საქმიანობაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები.
შტაბი მუშაობას დღეიდან დაიწყებს და 1 თებერვლამდე გააგრძელდება. იმუშავებს ცხელი ხაზიც 1501 ან 0422 27-96-05 სადაც ნებისმიერ მსურველს საჭირო ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა ექნება.
25 ნოემბრიდან დაიწყება არასტანდარტული მანდარინის სუბსიდირების პროგრამა. აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, სამრეწველო გადამუშავების (არასტანდარტულ) მანდარინზე სუბსიდია გაიცემა. სახელმწიფოს მხრიდან 1 კგ სამრეწველო მანდარინზე 10 თეთრიანი თანადაფინანსება იქნება. 10 თეთრს გადაიხდის საწარმო, შესაბამისად სამეწარმო გადამუშავებისთვის განკუთვნილი მანდარინის ფასი 20 თეთრი იქნება.
მიმდინარე წელს არასტანდარტულ მანდარინის მიღება-გადამუშავებას შპს ,,Georgian industrial Asset Management Group’’ განახორციელებს. საკონსერვო ქარხანა შეუზღუდავი რაოდენობით მიიღებს არასტანდარტულ მანდარინს. რაც შეეხება საექსპორტო მანდარინს 30–მდე ციტრუსის მიმღებ-დამხარისხებელი საწარმო მიიღებს, წელს საპროგნოზო მონაცემებით ციტრუსის მოსავალი 35-40 ათას ტონამდე იქნება“ – ნათქვამია ინფორმაციაში.