აბუ-დაბიში ტურისტებს მხოლოდ ბუსტერ დოზის ვაქცინაციის შემდეგ შეუშვებენ. ქვეყანაში მგზავრობის წესებზე სამთავრობო განცხადებას Associated Press (AP) ავრცელებს.
მთავრობის განაცხადში მოცემულია გაფრთხილება, რომ არაბეთის გაერთიანებული საემიროების დედაქალაქში შესვლისთვის ტურისტებმა ვაქცინირებულის სტატუსის დამადასტურებელი, ე.წ. მწვანე პასპორტი (green pass) უნდა წარადგინონ. თუმცა დანამატში ნათქვამია, რომ ტურისტები სრულად ვაქცინირებულად ორი დოზის შემდეგაც კი არ ჩაითვლებიან, თუ მათ ვაქცინის გამაძლიერებელი, ანუ ბუსტერ დოზა მეორე დოზის მიღებიდან, მინიმუმ, ექვსი თვის შემდეგ არა აქვთ მიღებული.
გარდა ამისა, აბუ-დაბიში შესვლამდე ორი კვირით ადრე, მოგზაურებმა კორონავირუსის უარყოფითი ტესტი უნდა აიღონ, რომ თავიანთი „მწვანე“ სტატუსი დაადასტურონ.
მწვანე პასპორტებს ქალაქის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებსა და ადმინისტრაციულ შენობებში შესასვლელად უკვე ითხოვენ.
AP-ის ცნობით, ტურისტულ დუბაიში კოვიდ-წესები უფრო რბილია. გავრცელებული ინფორმაციით, არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით მოსახლეობის 90%-ზე მეტი სრულად არის აცრილი. თუმცა დეკემბერში ქვეყანაში დაავადების შემთხვევების ახალი ზრდა დაფიქსირდა.
BPN.GE