9 VS 9 - რა გაკეთდა 2004-2012 და რა 2013-2021 წლებში

9 VS 9 - რა გაკეთდა 2004-2012 და რა 2013-2021 წლებში

access_time2021-10-18 12:00:01

ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლიდან 9 წელი შესრულდა, ზუსტად იმდენი, რამდენ ხანსაც ნაციონალური მოძრაობის მმართველობა გაგრძელდა. როგორც ერთ, ასევე მეორე გუნდში უკეთეს ეკონომიკურ განვითარებას, ინფრასტრუქტურული პროექტების სიმრავლესა და სამართლებრივი სახელმწიფოს შექმნას იჩემებენ. მეტ-ნაკლებად ნეიტრალური დამკვირვებლები კი თანხმდებიან, რომ ბოლო 9 წელიწადში შემცირდა როგორც ეკონომიკის ზრდის ტემპი, ასევე სახელმწიფოს მხრიდან ადამიანზე ძალადობის შემთხვევათა რაოდენობა, თუმცა ეს უკანასკნელი ისევ სერიოზულ პრობლემად რჩება.



2004 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ვარდების რევოლუციის ტრიუმფატორს მხარი ამომრჩეველთა 96%-ზე მეტმა დაუჭირა. საპარლამენტო არჩევნებზე კი ნაციონალურმა მოძრაობამ 66% აიღო. იმავე წლის 6 მაისს აჭარიდან ასლან აბაშიძე გაიქცა. მანამდე, თებერვალში კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებებით, პრეზიდენტის უფლებამოსილება მნიშვნელოვნად გაფართოვდა. შევარდნაძის დროინდელმა „მოქალაქეთა კავშირმა“ არსებობა შეწყვიტა. მისი წევრები ან პოლიტიკიდან წავიდნენ, ან ნაციონალურ მოძრაობაში გადაბარგდნენ. ყველაზე რეიტინგული „რუსთავი 2“-ის მფლობელები ტელევიზიიდან განარიდეს და არხზე სახელისუფლებო კრიტიკა აკრძალეს. მმართველი გუნდის ხელში რამდენიმე თვეში აბსოლუტური და უკონტროლო ძალაუფლება აღმოჩნდა, რაც ერთდროულად იძლეოდა როგორც სწრაფი ტრანსფორმაციის საშუალებას, ასევე სერიოზულ რისკებს უქმნიდა იმ ადამიანებს, რომლებიც ხელისუფლების იდეებს არ იზიარებდნენ.



მემკვიდრეობით მიღებული მდგომარეობა საკმაოდ რთული იყო. ასაკობრივი პენსია 14 ლარს შეადგენდა და ყოველ მეორე თვეს „იყინებოდა.“ სრული დატვირთვის მომუშავე სკოლის მასწავლებლის ხელფასი 50-70 ლარის ფარგლებში მერყეობდა. ელექტროენერგია მოსახლეობას დედაქალაქშიც კი გრაფიკით მიეწოდებოდა, რომელიც სისტემატურად ირღვეოდა. 4-5 საათით მიღებული დენის ფულს კი სრულად მოსახლეობის 20% იხდიდა, დანარჩენი ზოგი მრიცხველს აჩერებდა, ზოგი სხვა ალტერნატიულ საშუალებებს პოულობდა. გაზეთებში ბინის გაქირავებისა და გაყიდვის განცხადებებში დამატებით ბენეფიტად „ლევი ხაზი“ ეწერა. „გაიშნიკს“ და თითქმის ყველა საჯარო მოხელეს ქრთამის მოთხოვნა დაუფარავად შეეძლო და მის გაპროტესტებას არავინ ფიქრობდა. უმაღლეს სასწავლებელში შვილის „უფასოზე მოწყობა“ უფრო ძვირი ჯდებოდა, ვიდრე ფასიან სექტორში სწავლა. 2010 წლის მუდმივ ფასებში გადაანგარიშებით საქართველოში 1 სულ მოსახლეზე შემოსავალი $2000-ს შეადგენდა, ამჟამინდელზე 2.3-ჯერ ნაკლებს. მართალია ამ მხრივ საქართველო ზიმბაბვეს, ნიკარაგუასა და სომხეთს უსწრებდა, მაგრამ უფრო ღარიბი იყო, ვიდრე ანგოლა, ელ სალვადორი, ვანუატუ და გვატემალა. ჭაობიდან ამოსასვლელად და სწრაფი განვითარებისთვის შექმნილი ვითარება ხისტ მიდგომას საჭიროებდა.



2004 წლის ივნისში საქართველოს ეკონომიკის მინისტრი კახა ბენდუქიძე გახდა. მის სახელს ახალი საგადასახადო კოდექსი, დერეგულაცია, გადასახადების შემცირება და პრივატიზაცია უკავშირდება. 21 დასახელების გადასახადი 6-მდე შემცირდა, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ზოგ მათგანს უბრალოდ სახელი შეეცვალა და მოსაკრებელი დაერქვა, მაგალითად სათამაშო ბიზნესის, ან ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის გადასახადები, მაგრამ სოციალური დაზღვევის, ავტომობილის ფლობისა და ქონების გადაცემისთვის დაკისრებული გადასახადები მთლიანად გაუქმდა.



ბენდუქიძემ მინისტრობის დროს 900-მდე კანონი გააუქმა. მას დღემდე ელემენტარული უსაფრთხოების უგულებელყოფისთვის ადანაშაულებენ, თავად კი აცხადებდა, რომ რეგულაციების სიმრავლე კორუფციისთვის ნოყიერ ნიადაგს ქმნიდა და ეკონომიკური ზრდის ტემპსაც ანელებდა.



მოგვიანებით ბენდუქიძემ გაიხსენა, რომ ვითარების სერიოზულობა მინისტრთა კაბინეტშიც არ ჰქონდათ გააზრებული და გულუბრყვილოდ სჯეროდათ, რომ ევროპის განვითარებულ ქვეყნებს 2-3 წელიწადში დაეწეოდნენ, ხოლო როცა მათ განუმარტა, რომ მიზნის მისაღწევად ათწლეულები იყო საჭირო, მოესმა კითხვა - ეს მიშამ (პრეზიდენტმა) იცის? რეფორმატორ გუნდის წევრებსაც კი, რომლებსაც ქვეყნის მართვა ებარათ, წარმოდგენა არ ჰქონდათ იმაზე, რომ $2000 სამი წლის შემდეგ $40 000 ვერ გახდებოდა. და ექსელში ან თუნდაც კალკულატორზე მარტივი კალკულაცია სახელმწიფო საიდუმლოება ეგონათ.



2004 წელს ხელფასებისა და პენსიების „გაყინვის“ პრაქტიკა დასრულდა. 2005 წლის ბოლოსთვის თითქმის მთელი ქვეყანა, ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით, 24 სთ-იან ელექტრომომარაგებაზე გადავიდა.



2006 წელს პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა $1 მლრდ-ს გადააჭარბა, 2007 წელს - $2 მლრდ-ს. 10 წლის შემდეგ საქსტატმა მონაცემები დააკორექტირა და $2.015 მლრდ $1.764 მლრდ-მდე შეამცირა, თუმცა მშპ-ს მიმართ 19.5% მაინც რეკორდად დარჩა.



2005-2006 წლებში მშპ-ის ზრდის ტემპმა 9%-ს გადააჭარბა, 2007 წელს კი 12.6%-ს მიაღწია, რაც დღემდე რეკორდულ მაჩვენებლად ითვლება. 12%-იანი ზრდა არც 2007 წლამდე დაფიქსირებულა.



ეკონომიკის პარალელურად რეფორმები თითქმის ყველა მიმართულებით ტარდებოდა. 2004 წლის აგვისტოში ქუჩებში საპატრულო პოლიცია გამოჩნდა. ათწლეულების შემდეგ პირველად პოლიცია მოქალაქეებს ქრთამს აღარ სთხოვდა.



2005 წელს მისაღები გამოცდები ერთიან ეროვნულ გამოცდებად გადაკეთდა. უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარებაც ქრთამის გარეშე გახდა შესაძლებელი.



2011 წელს ბათუმში პირველი იუსტიციის სახლი გაიხსნა. გაბნეული 450 სერვისი ერთ სივრცეში გაერთიანდა. ბიუროკრატია შემცირდა. სტანდარტულ საფასურზე თანხის დამატების შემთხვევაში პირადობის მოწმობის, პასპორტის, უძრავ ქონებაზე ამონაწერისა თუ სხვა დოკუმენტის მიღება განაცხადის შევსების დღესვე გახდა შესაძლებელი.



ეკონომიკური ზრდის, სახელმწიფო ინსტიტუტების ფორმირების, კორუფციისა და კრიმინალის შემცირების პარალელურად სახელმწიფო არც ძალადობაზე ამბობდა უარს, რომელიც ხშირად უფრო დაშინებას ემსახურებოდა, ვიდრე რაიმე სხვა კონკრეტული მიზნის მიღწევას.



2004 წლის თებერვალში ეკლესიიდან განკვეთილი რელიგიური ექსტრემისტი ბასილ მკალავლიშვილი სპეცრაზმის გამოყენებით, საკუთარი მრევლის თვალწინ დააკავეს, როცა მისი აყვანა უხმაუროდაც შეიძლებოდა. უნივერსიტეტში გამეფებული კორუფციის მიუხედავად, 2005 წელს შენობაში სპეცრაზმის შეყვანა და პროფესორების დარბაზში გამოკეტვა მოსახლეობის დიდმა ნაწილმა უარყოფითად აღიქვა. 2007 წლის 2 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე 100 ათასზე მეტი ადამიანი შეიკრიბა. აქციები შემდეგ დღეებშიც გრძელდებოდა, მაგრამ ნელ-ნელა ხალხის რაოდენობა მცირდებოდა. 7 ნოემბრის დარბევა, არათუ მორალურად, პრაგმატულადაც გაუმართლებელი იყო. საგანგებო მდგომარეობის რამდენიმე საათით ადრე გამოცხადების შემთხვევაში პრეზიდენტს ტელეკომპანია „იმედის“ მაუწყებლობის შეჩერება დეკრეტით შეეძლო, დაუმორჩილებლობის შემთხვევაში კი არც ანძიდან ჩაჭრა წარმოადგენდა პრობლემას. ტელევიზიაში სპეცრაზმის შეყვანა რაციონალურად არ აიხსნებოდა.




90-იანი წლებში ე.წ. პრივატიზაციით თითქმის ყველა მეტ-ნაკლებად მსხვილი გარიგება დარღვევით გაფორმდა. სახელმწიფოს ამ ქონების სასამართლოს გზით დაბრუნება თავისუფლად შეეძლო, მაგრამ მან „ჩუქების“ გზა აირჩია. ბიზნესმენებს ღამის 3 საათზე სახელმწიფოსთვის  ქონების დაჩქარებული წესით ჩუქების იდეით ეღვიძებოდათ და ვისაც ამ იდეით არ ეღვიძებოდა, ის რამდენიმე დღეში უკვე საკანში იღვიძებდა.



პატიმართა რაოდენობამ 23 000-ს გადააჭარბა რაც მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით ევროპაში ყველაზე მაღალ მაჩვენებლად შეფასდა. მსოფლიოშიც საქართველოს მხოლოდ 3 ქვეყანა უსწრებდა. ყოველი 10 000 პატიმრიდან წელიწადში 60-ზე მეტი იღუპებოდა, რაც ასევე ძალიან მაღალი მაჩვენებელი იყო. ე.წ. ციხის კადრებამდეც პატიმართა წამების შესახებ ძალიან ბევრჯერ თქმულა და დაწერილა. ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკით არასრულწლოვნები სიგარეტის ქურდობისთვის გისოსებს მიღმა ხვდებოდნენ. შეკრებითობის პრინციპის გამოყენებით რამდენჯერმე ჩადენილი ქურდობისთვის პატიმრობის ვადა 10-15 წლამდე იზრდებოდა.



2011 წლის 26 მაისის აქცია ღამის 00:00 სთ-დან უკვე არასანქცირებული იყო, თუმცა ის მიტინგი დაშლის მაგივრად დაარბიეს. ადამიანებს გაქცევის საშუალებაც არ მისცეს. ფიზიკურად გაუსწორდნენ მომიტინგეთა უმრავლესობას, მათ შორის ზოგს დაკავების შემდეგ ადგილზე და ზოგსაც პოლიციის განყოფილებაში. არსებობს კადრები, სადაც მიტინგის ერთ-ერთი მონაწილე ნიკა კვინტრაძე ხელბორკილდადებული ასფალტზე წევს, ორ დღეში მას და სულიკო ასათიანს მაღაზიის სახურავზე გარდაცვლილებს ნახულობენ. გარდაცვალების მიზეზად კი დენის დარტყმა სახელდება.



2012 წლის 1-ლი ოქტომბრის შედეგების დადგომაში ძალადობის შემთხვევათა სიმრავლემ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა.



დღეს პოპულარულია აზრი, რომ სააკაშვილის მმართველობა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე სასტიკი იყო, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. მართალია 2000-იან წლებში შევარდნაძის რეჟიმი დასუსტდა, მაგრამ აბსოლუტურად განსხვავებული ვითარება იყო 90-იან წლებში. თუ 7 ნოემბერს მომიტინგეებს რეზინის ტყვიები ესროლეს 1992 წლის 3 იანვარს, 7 იანვარსა და 2 თებერვალს ავტომატებიდან მათ ნამდვილი ტყვია დაუშინეს. 2 თებერვალს მოკლულთა რაოდენობამ 9 აპრილს დახოცილთა რაოდენობასაც კი გადააჭარბა. მართალია შევარდნაძე საქართველოში 7 მარტს დაბრუნდა, მაგრამ მისი პასუხიმგებლობისგან გათავისუფლება იგივე იქნება, ვინმემ რომ თქვას 1921-ში სტალინი რა შუაში იყო წითელ ურდოს ორჯონიკიძე შემოუძღვაო. ისინი ვინც სააკაშვილის „ნულოვან ტოლერანტობას“ იხსენებენ, არ ახსოვთ ან არ უნდათ გაიხსენონ შევარდნაძის ნათქვამი: „როდესაც ბოროტ ძალას ებრძვი, ზედმეტია საუბარი გაუპატიურებასა და მსხვერპლზე“ (1994 წლის 24 ივნისი, სატელევიზიო ინტერვიუ იური ციკოლიასთან). „ბოროტ ძალაში“ შევარდნაძე „პროვინციალურ ფაშიზმს“ გულისხმობდა, „პროვინციალურ ფაშიზმში“ კი სამეგრელოს რეგიონში მყოფ პირველი პრეზიდენტის მხარდამჭერებს, რომელთან ბრძოლაშიც შევარდნაძე მხედრიონს უხდიდა მადლობას. მან ჯერ კიდევ 1992 წლის 7 მარტს, ტრაპზე ყოფნის დროს მადლობა გადაუხადა ინტელიგენციას, რომელმაც მისივე შეფასებით „როცა საჭირო გახდა დემოკრატიის დასაცავად იარაღი აიღო ხელში“. სახელი და გვარი „ვახტანგ ნოდია“ დღეს ცოტას თუ ეუბნება ვინმეს რამეს. 1993 წლის ოქტომბერში მხატვარ ვახტანგ ნოდიას ხელი ავტომატის ხიშტით პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას პორტრეტის დახატვის გამო მოაჭრეს და შემდეგ წამებითვე მოკლეს.



გარდა იმისა, რომ იმდროინდელი სასტიკი ქმედებები მხოლოდ გაზეთით შუქდებოდა, ისიც მცირე ნაწილი, იმ ფაქტმა, რომ მოქალაქეთა კავშირმა არსებობა შეწყვიტა, ამ ძალის მიმართ მოსახლეობაში არსებული აგრესია შემცირდა. მოქალაქეთა კავშირისგან განსხვავებით, ნაციონალური მოძრაობა დღემდე მთავარ ოპოზიციურ ძალად ითვლება, თუმცა ხელისუფლებაში დაბრუნებას ვერ ახერხებს.



2012 წლის 1-ელ ოქტომბერს, პირველად 1990 წლის 28 ოქტომბრის შემდეგ, საქართველოში ხელისუფლება არჩევნების გზით შეიცვალა. ქართული ოცნების საარჩევნო დაპირებები მემარცხენე პოპუილიზმით უხვად იყო გაჯერებული. ივანიშვილი და მისი თანაგუნდელები მოსახლეობას კომუნალური გადასახადების განახევრებას, პენსიების ზრდას, უფასო მოხვნას და სხვა სოციალური საჭიროებების დაკმაყოფილებას პირდებოდნენ. როდესაც გამარჯვების შემდეგ გაზი 50%-ის ნაცვლად მხოლოდ 10%-ით გაიაფდა და პენსიაც 230 ლარის ნაცვლად მხოლოდ 150 გახდა, ოპოზიციამ ხელისუფლების კრიტიკა დაიწყო, მაგრამ ოპოზიციაში რჩებოდა 1 ადამიანი, ვინც ფიქრობდა, რომ ოცნების დაპირებების ბოლომდე შესრულება ქვეყანას კარგს არაფერს მოუტანდა, ჯობდა ხელისუფლებას არაფერი ეკეთებინა და სტაგნაცია შეენარჩუნებინა, ვიდრე ემოქმედა და რეგრესში გადასულიყო ეს ერთი ადამიანი კახა ბენდუქიძე იყო.



ნაციონალური მოძრაობის გეგმის მიხედვით, 2013 წელს საშემოსავლო გადასახადი 18%-მდე უნდა შემცირებულიყო, ხოლო შემდეგ 15%-მდე. ოცნებაში განაცხადეს, რომ ამ დათვლით მინისტრის ხელფასი 70 ლარით იზრდებოდა, მასწავლებლის 7 ლარით და ალტერნატივის სახით დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება წარადგინეს. იმ ადამიანებს, რომელთა წლიური დარიცხული ხელფასიც 6000 ლარზე ნაკლებს შეადგენდა, (თვეში 500 ლარი, ხელზე ასაღები 400 ლარი) იმ დროს არსებული საარსებო მინიმუმის 150 ლარის 20% - 30 ლარი უკან უბრუნდებოდა. ეს კი წელიწადში მაქსიმუმ 360 ლარი გამოდიოდა. პროგრამამ მხოლოდ 2 წელი იარსება. დღეს საშემოსავლო ისევ 20%-ა, რასაც სავალდებულო საპენსიო შენატანის 2%-იც ემატება. დაუბეგრავი მინიმუმის ცნება კი აღარ არსებობს.



ბენდუქიძისეული დერეგულაციის საპირისპიროდ ოცნების მთავრობამ ვალდებულებებისა და აკრძალვების რიცხვი მნიშვნელოვნად გაზარდა. ჯერ 100 ათას ლარამდე, შემდეგ კი 200 ათას ლარამდე უცხოურ ვალუტაში სესხის აღება აიკრძალა. დაწესდა ლიმიტები შემოსავალთან მიმართებაში, თუ რა ნაწილი შეიძლება მოხმარდეს სესხის მომსახურებას. დაგროვებითი საპენსიო სისტემა 40 წლამდე პირებისთვის სავალდებულო გახდა, 40 წელს გადაცილებულებსაც მხოლოდ ერთხელ მიეცათ სისტემიდან გასვლის 3 თვიანი ვადა. რესტორნებში მოწევა აიკრძალა, თბილისში ტაქსები თეთრად გადაიღება. აღდგა ტექდათვალიერება, თუმცა ბევრ ავტომობილს ისევ ხილული ბოლო გასდის. კოვიდრეგულაციებიც ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი საქართველოში აღმოჩნდა. მანქანაში მეუღლის წინა სავარძელში დასმისთვის ან შვილის გვერდზე მაღაზიაში დისტანციის დაუცველობისთვის 3000 ლარით აჯარიმებდნენ.



დაანონსებული მეგა-პროექტებიდან ყველა ჩავარდა, დროში გაიწელა და მასშტაბურობა დაკარგა. რიკოთზე სამშენებლო სამუშაოები თავდაპირველი გეგმით 2020 წელს უნდა დასრულებულიყო, თარიღმა ჯერ 2022 წლამდე, შემდეგ კი 2024 წლამდე გადაიწია. ანაკლიის პორტს პირველი პანამაქსის ტიპის გემი (პანამაქსის გემი 10 000 კონტეინერს იტევს, ფოთის პორტს 1500 კონტეინერიანზე უფრო დიდი გემის მიღება არ შეუძლია) 2020 წელს უნდა მიეღო. პორტი არ აშენებულა. ნენესკრა ჰესი 2021 წელს უნდა დასრულებულიყო, მშენებლობა შეჩერდა. ნამახვანჰესის მშენებლობა ჩაიშალა, ხუდონჰესი არც განახლებულა. მზის ელექტროსადგური ამ დრომდე არ აშენებულა. ერთადერთი ქარის ელექტროსადგური მოთხოვნის მხოლოდ 0.7%-ს აკმაყოფილებს. ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ნაცვლად ქუთაისში მორიგი ჩვეულებრივი უნივერსიტეტი გაიხსნა, რომელსაც „საერთაშორისო“ ეწოდა. ამ ქალაქში ვერც ელექტრომობილების ქარხანა აშენდა. ადრონული თერაპიის ცენტრიც ამ დრომდე არ აშენებულა. თბილისის ქუჩებში დაპირებული ელექტრო ავტობუსები არ გამოჩენილა, მეტროს ხაზი არც ლილომდე გასულა და არც რუსთავამდე.



„არაფერი გაკეთებულა“ მაინც გადაჭარბებული შეფასება იქნება. წლების განმავლობაში ფარდაჩამოფარებულ ყოფილი „უნივერმაღი თბილისის“ ადგილას დღეს კეთილმოწყობილი სავაჭრო ცენტრი „გალერია თბილისია“. დასრულდა ასევე წლების განმავლობაში შეჩერებული „აქსის თაუერსის“ მშენებლობა. იქ სადაც ასევე მიტოვებული ცეკავშირის ყოფილი შენობა იყო ახლა „პანორამა თბილისის“ კომპლექსის ნაწილი სრულდება. შეკვეთილის დენდროპარკისა და სასტუმრო „პარაგრაფის“ სილამაზეს ოპონენტებიც აღიარებენ, მაგრამ ყველა ეს პროექტი ლოკალურ დონეზე განხორციელდა და ქვეყნის ტრანსფორმაციას არ დახმარებია.



2019 წლის 20 ივნისამდე ქართული ოცნება ნაციონალურ მოძრაობასთან სერიოზულ მორალურ უპირატესობას ფლობდა, 20 ივნისის შემდეგ ეს უპირატესობაც გაქრა. იმ დროს, როცა ფორმალური პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ამტკიცებდა რეზინის ტყვიები ჩვენი ხელწერა არ არისო, გარეთ უკვე დარბევა იწყებოდა. მოძალადე მომიტინგეებისთვის, რომლებიც მთელი 2 საათი პოლიციას შეურაცხყოფდნენ და ფიზიკურ დაზიანებებს აყენებდნენ, ხმა არ გაუციათ, სანაცვლოდ უდანაშაულო ადამიანებს რეზინის ტყვიებით გაუსწორდნენ, მათმა ნაწილმა თვალი დაკარგა, ნაწილი დღემდე რეაბილიტაციის კურსს გადის. 2007 და 2011 წლებისგან განსხვავებით, დაზარალებულებს მკურნალობა „ქართუ ჯგუფმა“ დაუფინანსა, მაგრამ დაკარგული თვალის აღდგენა, თანამედროვე მედიცინას მაინც არ ძალუძს.



ერთადერთი მნიშვნელოვანი ეკონომიკური რეფორმა პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის დროს გატარდა, როცა ე.წ. ესტონური მოდელი ამოქმედდა და რეინვესტირებული მოგება 15%-იანი ბეგარისგან გათავისუფლდა. რეინვესტირების წილი მთელს ინვესტიციებში 31%-დან 47%-მდე გაიზარდა, 2020 წელს 87%-ს გადააჭარბა, 2021 წლის პირველი 2 კვარტალის მონაცემებით კი 72%-ს შეადგენს.



კვირიკაშილის დროს სხვა მნიშვნელოვანი ნაბიჯებიც გადაიდგა. ჩინეთთან გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების შედეგად ჩინეთში ექსპორტი 2.5-ჯერ გაიზარდა. პანდემიურ 2020 წელსაც კი, როცა თითქმის ყველა ქვეყანასთან სავაჭრო ბრუნვა შემცირდა, ჩინეთში ექსპორტი $208 მლნ-დან $477 მლნ-მდე გაიზარდა.



ასევე კვირიკაშვილის დროს აშენდა ქართლის ქარის ელექტროსადგური და გაიხსნა 23-ე მეტროსადგური - უნივერსიტეტი. მისივე პრემიერობის დროს გაიხსნა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაც. ასევე დაიწყო ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაც, რომელიც კვირიკაშვილის გადაყენებიდან მალევე შეჩერდა.



2012 წლის შემდეგ ლარი 88%-ით გაუფასურდა. 2013 წლიდან მოყოლებული ყოველი წლის 31 დეკემბერს დოლარი უფრო ძვირი ღირს, ვიდრე 1-ელ იანვარს, გამონაკლისს 2017 წელი შეადგენდა, როდესაც დოლარის ფასი 2.64-დან 2.59-მდე შემცირდა.



ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ 2017 წლის მარტში საქართველოს მოქალაქეებმა შენგენის ზონაში უვიზოდ შესვლის უფლება მიიღეს, თუმცა ამ შემთხვევაში ეს უფრო დამთხვევა იყო და მასში უშუალოდ კვირიკაშვილის წვლილი ნაკლები იყო.



კვირიკაშვილი 2018 წლის ივნისში გადადგა, რის მიზეზადაც ოფიციალურად UNICEF-ის კვლელვა დასახელდა, რომლის მიხედვითაც ბავშვთა სიღარიბის ზრდა შეინიშნებოდა. ოფიციალური მიზეზი სერიოზულად 3 წლის წინაც არავის აღუქვამს. ანაკლიის პორტის გაჩერების შემდეგ გამოითქვა ეჭვი, რომ კვირიკაშვილი სწორედ პორტის მშენებლობის ლობირებას გადაჰყვა, მამუკა ხაზარაძემ კი ერთ-ერთ სავარაუდო მიზეზად აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსთან ახლო ურთიერთობა დაასახელა.



ეკონომიკა შეიძლება ძალიან ბევრი პარამეტრით გაიზომოს, მათგან არასრულყოფილი, მაგრამ მაინც მთავარი მშპ და მშპ-ის ზრდის ტემპია. 2004-2012 წლებში საქართველოს ეკონომიკა 71%-ით გაიზარდა, 2013-2021 წლებში იმ დაშვებით თუ წელს 9%-იანი ზრდა იქნება - 35%-ით. (მშპ-ს დოლარებში დათვლა და ისე გამოყვანა, რომ 2004-2012 წლებში ეკონომიკა 4-ჯერ გაიზარდა 2012-ის მერე კი შემცირდა არასწორია, ისევე როგორც კობახიძისეული ინფლაციის გარეშე დათვლა და 2017-2019 წლების 16%-იანი ზრდის 40%-იან ზრდად გასაღებაა არასწორი).



მეორე 9 წელიც გავიდა და ამ მეორე 9 წელიწადში ეკონომიკა იმის ნახევარი ტემპით გაიზარდა, რაც წინა 9 წელიწადში. კორონა გამამართლებელ მიზეზად არ გამოდგება, რადგან თუ ოცნების მმართველობის დროს კორონა იყო, ნაციონალური მოძრაობის დროს ქვეყანას თავს უფრო დიდი მტერი - რუსეთი დაესხა. კოვიდამდეც ზრდის ტემპი 5%-ს არ გასცილებია, მაშინ როცა წინა ხელისუფლების დროს 9-დან 6 შემთხვევაში ზრდის ტემპი 5%-ს აღემატებოდა. გამამართლებელ მიზეზად არც ის გამოდგება, რომ თითქოს საქართველოს ეკონომიკა უკვე დიდია და სწრაფად ვერ გაიზრდება. კი, საქართველო ახლა უფრო მიდარია, ვიდრე 2003 წელს, მაგრამ 1 სულ მოსახლეზე შემოსავლით მაინც ასეულს მიღმაა. გარდა ამისა, იმავე 2013-2020 წლებში ირლანდიის ეკონომიკა 82%-ით გაიზარდა. ირლანდია კი თავის მხრივ ნორვეგიასა და შვეიცარიაზე მდიდარია, იმდენად მდიდარი, რომ მსოფლიოში მხოლოდ ლუქსემბურგსა და სინგაპურს ჩამორჩება.



დამოუკიდებლობის მოპოვებიდან 30 წელი გავიდა, რაც ბევრი არაა, მაგრამ აღარც ცოტაა. სახელმწიფოებრიობის აღდგენიდან მე-12 წელს ისრაელმა ჰოლოკოსტის ერთ-ერთი შემოქმედი ადოლფ აიხმანი არგენტინიდან გაიტაცა და სიკვდილით დასაჯა. დამოუკიდებლობის აღდგენიდან 12 წლის შემდეგ - 2001 წელს საქართველო ისევ სიბნელის, სიღატაკისა და კორუფციის ჭაობში იხრჩობოდა. თუ არ ჩავთვლით ცალკეულ სპორტულ წარმატებებს, საქართველოს სამი ათწლეულის განმავლობაში არაფრისთვის მიუღწევია. არც ერთი ნობელის პრემია, არც ერთი ოსკარი. საქართველო არათუ თავად ვერ ქმნის რაიმე ღირებულს, მომხმარებლადაც კი მოიკოჭლებს, 3G ინტერნეტი 5 წლის დაგვიანებით შემოვიდა, 4G 7 წლის დაგვიანებით, 5G-ს უკეთეს შემთხვევაში 6 წელი დააგვიანდება. რუსეთთან მეზობლობა თავისთავად უკვე განსაცდელია, პუტჩმა და ტერიტორიების ოკუპაციამ ქვეყანას თავის წილი მძიმე დაღი დაასვა, მაგრამ აგრესორი მეზობელი მხოლოდ საქართველოს არ შეხვედრია. იგივე ისრაელი მთლიანად მტრულ გარემოცვაშია, სინგაპურსაც გადაყლაპვით ემუქრებოდა ჩინეთი და სამხრეთ კორეის მეზობელიც ბირთვული ჩრდილო კორეაა. იმის განსაზღვრა, თუ რა იქნება კიდევ 30 წლის შემდეგ, რთული და ფაქტიურად შეუძლებელიცაა, მაგრამ იმის თქმა შეიძლება, რომ განვითარების არსებული ტემპით საქართველო 30 წლის შემდეგაც ღარიბი ქვეყანა იქნება.


გიორგი ელიზბარაშვილი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up