ფულადი გზავნილების მოცულობა სექტემბერში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8.8%-ით $210 მლნ-მდე გაიზარდა. იანვარ-სექტემბერში კი ჯამში საზღვარგარეთიდან გადმორიცხული ფულადი თანხები 27.8%-ით $1.7 მლრდ-მდე გაიზარდა. პირველ სამ კვარტალში ემიგრანტების მიერ გადმორიცხულმა თანხებმა ბოლო 1.5 წლის განმავლობაში შემოსულ ინვესტიციებს 81%-ით გადააჭარბა.
სექტემბერში ყველაზე მეტი - $38.5 მლნ რუსეთიდან გადმოირიცხა, $34 მლნ-ით მეორე ადგილზე იტალიაა. აშშ $24.5 მლნ-ით მესამე ადგილს იკავებს. $20 მლნ-ით საბერძნეთი მეოთხე ადგილზეა, ხოლო ისრაელი $15.4 მლნ-ით ისრაელი მეხუთეზე.
ფულადი გზავნილების მოცულობა პოლონეთიდან 21%-ით გაიზარდა, გერმანიიდან 44%-ით, ყაზახეთიდან 205%-ით და ყირგიზეთიდან 238%-ით.
ქვეყანაში ვალუტის შემოდინებაზე ფულადი გზავნილები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. მართალია ზაფხულის თვეებში ტურისტების რაოდენობის 400-500 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა, მაგრამ მხოლოდ გასული წლის ფონზე, როდესაც ქვეყნის საზარს მხოლოდ ტრაილერის მძღოლები კვეთდნენ. 24%-ით გაზრდილია ექსპორტიც, მაგრამ იმპორტის ზრდის ფონზე, უარყოფითი სავაჭრო ბალანსიც $600 მლნ-ითაა გაზრდილი.
გადმორიცხვების პარალელურად იანვარ-სექტემბერში 40%-ით $221 მლნ-მდე გადარიცხვებიც გაიზარდა. აბსოლუტურ მაჩვენებლებში გადმორიცხვების მოცულობა $371 მლნ-ით გაიზარდა, ხოლო გადარიცხვების - $63 მლნ-ით.