„როცა ტურისტს ელემენტარული წყალი არ ჰყოფნის, მაშინ რატომ ვხარჯავთ ფულს მარკეტინგში და რატომ ვიზიდავთ უცხოელებს ზამთრის კურორტებზე?“-ასე აფასებს ზამთრის სეზონის პიკურ პერიოდს ტურიზმის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი მაია სიდამონიძე. მისი განცხადებით, უნდა ჩაიდოს ინვესტიცია და გაკეთდეს შესაბამისი ინფრასტრუქტურა. თუნდაც, მშრალი ამინდის პირობებში გამოსავალი არსებობს, შესაბამისად, კარგი იქნება თუ ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი პირები მსოფლიო პრაქტიკას გაეცნობიან .
როგორც სიდამონიძე განმარატავს, ყველანაირი ფინანსური რესურსი არის ცენტრალურ ხელისუფლებაში და პრემიერის დონეზე უნდა იყოს გადაწყვეტილებები მიღებული, რათა შემდეგ წლებში ეს პრობლემა აღარ დადგეს.
ტურიზმის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი აღნიშნავს, რომ მსგავსი ტენდენციის გაგრძელების შემთხვევაში, შეიძლება სეზონი ჩავარდნილადაც კი ჩაითვალოს.
„მნიშვნელოვანია შევხედოთ შემდეგი თვეების განმავლობაში რა სიტუაცია იქნება, ასე თუ გაგრძელდა, რა თქმა უნდა, ჩავარდება სეზონი იმიტომ, რომ ელემენტარულ კომფორტს წარმოადგენს წყალი და ძალიან მნიშვნელოვანია დამსვენებლისთვის. მსგავს პირობებში, ქართველიც გაიქცევა ბაკურიანიდან და გუდაურიდან, არათუ უცხოელი.“ - ამბობს სიდამონიძე.
როგორც ცნობილია, 2019 წლის 31 დეკემბრიდან ზამთრის კურორტებზე სასმელი წყლის პრობლემა შეიქმნა. დღეს კი „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ ხელმძღვანელმა ეკატერინე გალდავამ თანამდებობა დატოვა.
მარიამ მორგოშია