6 წელიწადში ქართველებმა აზარტულ თამაშში 9 მილიარდზე მეტი დახარჯეს!

6 წელიწადში ქართველებმა აზარტულ თამაშში 9 მილიარდზე მეტი დახარჯეს!

access_time2018-06-11 19:00:02


ოფიციალური სტატისტიკით ირკვევა, რომ საქართველოში სათამაშო ბიზნესის ბრუნვა უფრო მაღალია, ვიდრე თუნდაც სუპერმარკეტებისა და სასურსათო მაღაზიების ერთად აღებული. 



მეტიც, აზარტულ თამაშებში საქართველოში უფრო მეტს ხარჯავენ, ვიდრე საწვავში ან რესტორნებსა და სხვა კვების ობიექტებში. მაგალითად, 2017 წელს სათამაშო ბიზნესის ბრუნვამ 5,650 მლრდ ლარი შეადგინა, რაც საცალო ვაჭრობის არასპეციალიზებული მაღაზიების ბრუნვასთან შედარებით თითქმის 1,6 მლრდ ლარით მეტია. სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, 2017 წელს საცალო ვაჭრობის არასპეციალიზებული მაღაზიების ბრუნვამ (სუპერმარკეტები, უბნის მაღაზიები და სხვ.) 4,094 მლრდ ლარი შეადგინა.



თვალსაჩინოებისთვის, საწვავის ბაზრის ბრუნვის მოცულობა შარშან  2,343 მლრდ ლარი იყო, რესტორნებისა და სასტუმროების მთლიან ბრუნვას კი სათამაშო ბიზნესის ბრუნვა თითქმის 4,1 მლრდ ლარით აღემატება. კერძოდ, სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, 2017 წელს "განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფისა და საკვების მიწოდების საქმიანობით დაკავებული დაწესებულებების" ბრუნვამ სულ 1,559 მლრდ ლარი შეადგინა. როგორც ამ მონაცემებიდან ჩანს, საქართველოში ადამიანები, როგორც ჩვენი მოქალაქეები, ისე უცხო ქვეყნიდან ჩამოსული სტუმრები, აზარტულ თამაშებში იმაზე მეტს ხარჯავენ, ვიდრე საწვავში, კვებასა და სასტუმრო-რესტორნებში.



ანდრია გვიდიანი, "ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის" ანალიტიკოსი: "აზარტული თამაშების ბრუნვის საერთო ზრდა და მოყვანილი კონკრეტული მონაცემიც მიუთითებს, რომ აზარტული თამაშების ბიზნესი გეომეტრიული პროგრესიით ვითარდება და სულ უფრო საგანგაშო მასშტაბს იძენს. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ეს ბიზნესი ხელისუფლების რეგულირებას საჭიროებს, რადგან ის უკვე ბიზნესი აღარ არის, არამედ ეკონომიკისთვის იქცა პრობლემად.



სათამაშო ბიზნესი არის მეტასტაზი საქართველოს ეკონომიკისთვის, რომელიც აუცილებლად მოსაცილებელია. 




ოფიციალური სტატისტიკაც ცხადყოფს, რომ აზარტულ თამაშებში ჩართულია მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი, რაც მის კეთილდღეობასა და ეკონომიკურ მდგომარეობაზე უარყოფითად აისახება. საზოგადოდ, როცა მცირდება განკარგვადი შემოსავალი, ამით ეკონომიკური დოვლათი კი არ იქმნება, ეს მეტყველებს, რომ საქმე სისტემურ პრობლემასთან გვაქვს. აქედან გამომდინარე, იმედია, ხელისუფლება მალე მიიღებს პოლიტიკურ გადაწყვეტილებას და აზარტულ თამაშებში არსებულ მდგომარეობას მოაწესრიგებს. სწორედ ამის შემდეგ გახდება შესაძლებელი, რომ თანხამ, რომელიც ამ ბიზნესში ბრუნავს, ეროვნულ დანაზოგებში გადაინაცვლოს და ეს ფული საბანკო არხების გავლით გარდაიქმნეს ინვესტიციებად ეკონომიკის რეალურ სექტორებში.



განვითარებული ქვეყნების გამოცდილებასაც რომ გადავხედოთ, თითქმის ყველა ქვეყანამ მიმართა რეგულაციების გზას, ზოგან აიკრძალა კიდეც ონლაინაზარტული თამაშები. საქართველოც უნდა მოეგოს გონს, რადგან ტურისტულ სექტორშიც კი, რომელიც პრიორიტეტული მიმართულებაა, სადაც წლიდან წლამდე იზრდება უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა და ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთ მამოძრავებელ ძალად არის მიჩნეული, ნაკლები შემოსავალი შედის, ვიდრე აზარტული თამაშების ბიზნესში.


პარლამენტში მთელი წელიწადია დევს კანონპროექტი, რომელმაც აზარტული თამაშების ბიზნესი უნდა დაარეგულიროს, რომელსაც განხილვაც აღარ სჭირდება, მხოლოდ პოლიტიკური ნებაა საჭირო. როცა ექვსი წლის განმავლობაში მხოლოდ ლაპარაკობ, რომ აუცილებელია განსაზღვრულ რეგულირებაში სათამაშო ბიზნესის მოქცევა და ერთი რეალური ნაბიჯიც კი არ გადადგმულა ამისთვის, თვალში ნაცრის შეყრას უფრო ჰგავს ეს პოზიცია, ვიდრე საქმის კეთებას. ამიტომ მოვუწოდებ ხელისუფლებას, თავი დაანებოს არაფრისმომცემ განცხადებებს და საქმე აკეთოს".



სოსო არჩვაძე, ეკონომიკის ექსპერტი, სტატისტიკოსი: "ამ სტატისტიკურ მონაცემებზე მახსენდება ილფისა და პეტროვის ცნობილი ნაწარმოები "12 სკამი", სადაც ვკითხულობთ, ქალაქში იმდენი სადალაქო, აბანო და ეკლესია იყო, რომ შთაბეჭდილება რჩებოდა, თითქოს მისი მცხოვრებნი მხოლოდ წვერს იპარსავდნენ, მერე აბანოში დადიოდნენ და აღსარებას აბარებდნენ ეკლესიაშიო. სწორედ ამის მსგავსად, როცა ერთმანეთს ადარებ საქართველოში სხვა­დასხვა ბიზნესის ბრუნვის მაჩვენებლებს, გრჩება შთაბეჭდილება, რომ საქართველოში მოსახლეობას, სათამაშო ბიზნესის გარდა, სხვა არაფერი ახსოვს.



საქართველოში სათამაშო ბიზნესში ჩართული არიან არა მხოლოდ ჩვენი მოქალაქეები, არამედ სხვა ქვეყნიდან ჩამოსული სტუმრებიც. ამიტომ, როცა სათამაშო ბიზნესის ბრუნვაზე ვსაუბ­რობთ, უნდა გავითვალისწინოთ, რომ განსაზღვრული წილი ამ ბრუნვაში უცხო ქვეყნის მოქალაქეებზეც მოდის.



2011-2017 წლების მონაცემები დავაჯამე და აღმოჩნდა, რომ მხოლოდ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს სათამაშო ბიზნესში 9 მილიარდ ლარზე მეტი აქვთ დახარჯული. ვფიქრობ, კომენტარი ზედმეტია. სიმართლეს თვალი უნდა გავუსწოროთ, რომ როცა ვლაპარაკობთ ჭარბვალიანობაზე, აღებული კრედიტების დიდი წილი სწორედ აზარტული თამაშებისკენ მიემართება. არადა, აზარტული თამაშებიდან მიღებული ყველა სახის გადასახადი და მოსაკრებელი ორჯერ უფრო ნაკლებია, ვიდრე სახელმწიფო ბიუჯეტი იღებს თამბაქოს აქციზის სახით. ეს მაშინ, როცა სათამაშო ბიზნესი ბრუნვის სიდიდით მნიშვნელოვანწილად აღემატება თამბაქოს ბრუნვის მოცულობას. ამ მონაცემებზე დაკვირვებით 
ეჭვქვეშ დგება ცნობილი ეკონომიკური პოსტულატი, რომ ადამიანი ეკონომიკურად რაციონალური არსებაა. არადა, პირიქით, ადამიანი ხშირად იქცევა ირაციონალურად, როცა შემოსავლების მნიშვნელოვან ნაწილს სათამაშო ბიზნესსა თუ თუნდაც ჯანმრთელობისთვის საზიანო, მაგალითად, თამბაქოში ხარჯავს.



შარშან ნობელის პრემია მიიღო ამერიკელმა ეკონომისტმა რიჩარდ თალერმა. მან თავისი მრავალწლიანი დაკვირვების შედეგად დაასკვნა, რომ ადამიანი უფრო ხშირად იქცევა ირაციონალურად, ვიდრე რაციონალურად. სხვათა შორის, როცა ნობელის პრემია მიულოცეს, თალერს ჰკითხეს, რაში დახარჯავდა პრემიის ფულს და მისგან სარკასტული პასუხი მიიღეს, აბსოლუტურად ირაციონალურადო. სწორედ ასეთი მდგომარეობა გვაქვს, როცა მოსახლეობის შემოსავლების, აღებული ფინანსური ვალდებულებების დიდი ნაწილი სრულიად ირაციონალურად იხარჯება. ამას არავითარ შემთხვევაში არ უნდა შევურიგდეთ და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა რაც შეიძლება მეტი ხარჯი იყოს რაციონალური მიზნებისთვის გაღებული".

 

 

bpn

 





მმართველ პარტიაში სახელმწიფო მდივნის თანამდებობის შემოღების საკითხზე მსჯელობენ

მმართველ პარტიაში სახელმწიფო მდივნის თანამდებობის შემოღების საკითხზე მსჯელობენ
person access_time2018-06-22 19:40:13
 მმართველ პარტიაში სახელმწიფო მდივნის თანამდებობის შემოღების საკითხზე მსჯელობენ. „ქართული ოცნების“ ოფისში შეხვედრის დაწყებამდე დეპუტატებმა აღნიშნეს, რომ ჯერჯერობით აღნიშნულთან დაკავშირებით საბოლოო პოზიციები შეჯერებული არ არის, თუმცა, თუ სახელმწიფო მდივანი დამტკიცდება, ეს იქნება არა პოლიტიკური თანამდებობა, არამედ კონკრეტული დარგის მენეჯერი.  დეპუტატები აღნიშნავენ, რომ სახელმწიფო მდივანი, პოლიტიკური ცვლილებების მიუხედავად, კონკრეტული დარგის...

კახა კალაძე სვეტის დაზარალებულებთან შეხვედრას ამ ეტაპზე არ განიხილავს (ვიდეო)

კახა კალაძე სვეტის დაზარალებულებთან შეხვედრას ამ ეტაპზე არ განიხილავს (ვიდეო)
person access_time2018-06-22 18:33:02
დეველოპერული კომპანია სვეტის დაზარალებული მენაშენეები თბილისის მერთან  შეხვედრას მოითხოვენ. დღეს გამართულ ბრიფინგზე მათ კახი კალაძეს სამშენებლო კომპანიებთან შუამდგომლობა სთხოვეს რადგან, აქციის მონაწილეები სვეტის მენეჯმენტს უნდობლობას უცხადებენ. „მივმართავთ ქალაქის მერს, ბატონ კახი კალაძეს, შეხვდეს სვეტის მიერ დაზარალებული მენაშენეების საინიციატივო ჯგუფს. ერთად განვიხილოთ ჩვენი პრობლემების გადაწყვეტის და მოგვარების გზები. ვერ წარმოვიდგენდით, რომ ცენტრ პოინტის...

რომან კაკულია: ბიზნესის განვითარების 10 ბალიანი სისტემით ჩვენ მთავრობას 7-ს დავუწერდი

რომან კაკულია: ბიზნესის განვითარების 10 ბალიანი სისტემით ჩვენ მთავრობას 7-ს დავუწერდი
person access_time2018-06-22 17:08:00
„ბიზნესის განვითარების მიმართულებით 10 ბალიანი სისტემით ჩვენ მთავრობას  7-ს დავუწერდი“, - ამის შესახებ...

რა თანხას ხარჯავენ თბილისელები დასვენებაში

რა თანხას ხარჯავენ თბილისელები დასვენებაში
person access_time2018-06-22 20:25:00
როგორც ACT-ის კვლევის შედეგებმა აჩვენა, გამოკითხულთა ყველაზე მეტი 43% წელიწადში ერთხელ ახერხებს დასვენებას. აქვე უნდა ითქვას, რომ საკმაოდ დიდი რაოდენობა 20% საერთოდ ვერ ახერხებს დასვენებას, აქედან ყველაზე მეტი (46%) არის 65 წელს ზევით რესპოდენტები. საქართველოს ფარგლებში დასასვენებლად ვერ წასვლის მიზეზებს შორის ყველაზე აქტუალური ფულის უქონლობა აღმოჩნდა (63%), მას მოსდევს დროის უქონლობა 37%-ით. დროის უქონლობა ამის განმაპირობებელი ყველაზე მეტად 35-44 წლის გამოკითხულთათვის აღმოჩნდა 73%, ხოლო...

მთავრობის სსიპ-ებსა და ა(ა)იპ-ებში იმდენი ადამიანი არის გაფორმებული შტატგარეშედ რა ზომისაც საქართველოს შეიარაღებული ძალებია

მთავრობის სსიპ-ებსა და ა(ა)იპ-ებში იმდენი ადამიანი არის გაფორმებული შტატგარეშედ რა ზომისაც საქართველოს შეიარაღებული ძალებია
person access_time2018-06-22 17:00:58
ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, ცენტრალური მთავრობის მიერ დაფუძნებულ სსიპ-ებსა და ა(ა)იპ-ებში 38,470 ადამიანი შტატგარეშედ არის გაფორმებული. ეს პირები იმის მიუხედავად, რომ ოფიციალურად შტატში არ ზიან, ანაზღაურებას მაინც იღებენ. ამ საჯარო უწყებებში დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობა 150,305-ია.   შედარებისთვის, საქართველოს შეიარაღებული ძალების ზომაც დაახლოებით 40 ათასია, ანუ გამოდის, რომ საქართველოს ბიუროკრატიულ აპარატში შტატგარეშეთა არმიაა....


მსგავსი სიახლეები

up