ხელისუფლების 5 ახალი რეგულაცია, რომელმაც  ცხოვრება გაგვიძვირა

ხელისუფლების 5 ახალი რეგულაცია, რომელმაც ცხოვრება გაგვიძვირა

access_time2019-02-20 17:30:19

ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოს მთავრობამ სახელმწიფო რეგულაციებისა და ახალი შეზღუდვების რამდენიმე სერია განახორციელა, რამაც მოსახლეობას ხარჯები გაუზარდა.


გამკაცრებული სახელმწიფო რეგულაციების ქვეშ მოექცა ეკონომიკის თითქმის ყველა სექტორი. ახალი რეგულაციები დაწესდა საბანკო და სატრანსპორტო სეგმენტში. გაიზარდა ისეთი სახელმწიფო მოსაკრებელი, როგორიცაა სააქციზო გადასახადი.


  1. საბანკო რეგულაციები



სახელმწიფო რეგულაციების ახალი ტალღა პირველად სწორედ ქვეყნის საბანკო სექტორს შეეხო. ბანკებით უკმაყოფილო პერიოდულად სხვადასხვა თანამდებობების პირები იყვნენ. პირველად ბანკების მიმართ უკმაყოფილება მაშინდელმა ფინანსთა მინისტრმა და ახლანდელმა პრემიერ-მინიტრმა, მამუკა ბახტაძემ 2018 წლის აპრილში გამოთქვა:


საქართველოს საბანკო სისტემა უნდა იყოს არა ეკონომიკის განვითარების მუხრუჭი, არამედ მისი მამოძრავებელი ძალა.


ამ განცხადებიდან მალევე, 2018 წლის მაისიდან, ჭარბვალიანობასთან ბრძოლის ფარგლებში დაწესდა სხვადასხვა შეზღუდვა. ბანკებს აეკრძალათ ყველა სახის სესხის გაცემა, გადახდისუნარიანობის ანალიზის გარეშე. ასევე, შეიზღუდა სესხის გაცემა თვითდასაქმებულ პირებზე. ბანკების ასეთ მოქალაქეებზე სესხის გაცემა მხოლოდ მათი საქმიანობის ფინანსური ანალიზისა და სტაბილურობის ხარისხის დადგენის შემდეგ შეუძლიათ.


რეგულაციების პირველმა ტალღამ, უმთავრესად, განვადებებისა და მცირე სამომხმარებლო სესხების ბაზარი შეამცირა. რეგულაციების შედეგად შემცირდა ტექნიკის მაღაზიების გაყიდვებიც. თუკი მანამდე მთლიანი გაყიდვებიდან განვადების წილი დაახლოებით 60 პროცენტი იყო, რეგულიციების ამოქმედების შემდეგ განვადებების რაოდენობამ საშუალოდ 50 პროცენტამდე დაეცა. ამ სერვისის მომხმარებელთა შემცირება, საბოლოოდ, სამუშაო ადგილებზეც აისახება.


უფრო მასშტაბური საბანკო რეგულაციების ამოქმედება, თავდაპირველად, 2018 წლის პირველი ნოემბრიდან იგეგმებოდა. საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ ცვლილებების შეტანის არგუმენტით ვადამ ორი კვირით, 15 ნოემბრამდე გადაიწია. საბოლოოდ, ახალი რეგულაციები მიმდინარე წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდა. ცვლილებები ყველა სახის საბანკო კრედიტებს შეეხო.


სესხების მაქსიმალური ვადა ასე განისაზღვრა:


  • იპოთეკა — 15 წელი;

  • უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხი — 10 წელი;

  • ავტოსესხი — 6 წელი;

  • ყველა სხვა ტიპის სესხი — 4 წელი.


დადგინდა კოეფიციენტების ახალი სისტემა. მსესხებელს ყოველთვიურად სესხის დასაფარად შემოსავლის 60 პროცენტის გადახდა შეუძლია.


  • თუ თქვენი ხელფასი 1 000 ლარამდეა და სესხიც ლარში გაქვთ, ყოველთვიურად გადასახდელი თანხა, ანაზღაურების 25-35 პროცენტი იქნება. 1 000 ლარის შემთხვევაში ეს თანხა 250-დან 350 ლარამდე მერყეობს;

  • თუ თქვენი ხელფასი 2 000 ლარამდეა და სესხიც ლარში გაქვთ, ყოველთვიურად გადასახდელი თანხა ანაზღაურების 35-45 პროცენტი იქნება. 2 000 ლარის შემთხვევაში ეს თანხა 700-დან 900 ლარამდე მერყეობს;

  • თუ თქვენი ხელფასი 4 000 ლარამდეა და სესხიც ლარში გაქვთ, ყოველთვიურად გადასახდელი თანხა ანაზღაურების 45-55 პროცენტი იქნება. 4 000 ლარის შემთხვევაში ეს თანხა 1 800-დან 2 200 ლარამდე მერყეობს;

  • თუ თქვენი ხელფასი 4 000 ლარზე მეტია და სესხიც ლარში გაქვთ, ყოველთვიურად გადასახდელი თანხა ანაზღაურების 50-60 პროცენტი იქნება. 5 000 ლარის შემთხვევაში ეს თანხა 2 500-დან 3 000 ლარამდე მერყეობს.



რეფორმით კრედიტზე ხელმისაწვდომობა, უმთავრესად, მოსახლეობის ყველაზე დაბალ შემოსავლიან ნაწილს შეუმცირდა.


2. საპენსიო რეფორმა



2019 წლის პირველი იანვრიდან საბანკო რეგულაციებთან ერთად ამოქმედდა ახალი საპენსიო რეფორმაც. ამ სისტემაში ჩართვა სავალდებულოა 40 წლამდე პირებისთვის, ხოლო დანარჩენებისთვის კი ნებაყოფლობითია. ამ დროისთვის პროგრამაში ავტომატურად ჩართულია საქართველოს ყველა სრულწლოვანი მოქალაქე და პროგრამიდან ამოსაწერად მოქალაქეებმა შესაბამის უწყებაში პირადი განცხადებები უნდა წარადგინონ.



საპენსიო რეფორმის მიხედვით, ყოველი დასაქმებულის შემთხვევაში საპენსიო ფონდში მისი ხელფასის 6 პროცენტი ირიცხება. საპენსიო შენატანებს თანაბრად ინაწილებენ (2-2%) სახელმწიფო, დამსაქმებელი და დასაქმებული. რეფორმის შედეგად დასაქმებულების ერთი ნაწილი უფრო ნაკლებ ხელფასს იღებს ხელზე. კერძოდ, რიგ შემთხვევაში დასაქმებულებს საპენსიო ფონდში ანაზღაურების 2 ან 4 პროცენტის გადახდა თავად უწევს. სახელმწიფო ბიუჯეტი კი დარჩენილ 2 პროცენტს სწორედ დასაქმებულთა მიერ გადახდილი გადასახადებიდან ფარავს.


საპენსიო რეფორმის ერთ-ერთი ინიციატორი, ქართული ოცნების დეპუტატი აკაკი ზოიძეა. მისი თქმით, დაგროვებითი პენსია სიბერეში ღირსეული ცხოვრების ხარისხს უზრუნველყოფს.


რეფორმის ფარგლებში უკვე შეიქმნა საპენსიო ფონდი. ფონდის დირექტორი 50 წლის ლევან სურგულაძეა. შესაბამისად, მას ამ სქემაში ჩართვის ვალდებულება არ აქვს. მისი ხელფასი კი 15 ათასი ლარია.


7 თებერვლის მდგომარეობით სისტემაში უკვე ჩართულია 32 ათასი დამსაქმებელი, ხოლო მობილიზებული თანხა 41 მილიონ ლარს აღემატება.


საპენსიო ფონდმა მუშაობა საინვესტიციო საბჭოს არ არსებობის პირობებში დაიწყო. შესაბამისად ფონდში არსებულ 41 მილიონ ლარზე არანაირი სარგებელი არ ირიცხებოდა, თუმცა მალევე ფონდმა 41 მილიონიდან 25 მილიონი ლარი სხვადასხვა ბანკების დეპოზიტებზე, განათავსა, რომელსაც 6%-მდე სარგებელი დაერიცხება. ასევე, იგეგმება ფონდში დარჩენილი 16 მილიონს საბანკო დეპოზიტებზე განთავსებაც, თუმცა ამისთვის ფონდს ეროვნული ბანკის ნებართვა სჭირდება.


აკაკი ზოიძის თქმით, საინვესტიციო საბჭოს შექმნას 4-5 თვე დასჭირდება, ამის შემდეგ კი ჩამოყალიბდება ფონდის საინვესტიციო პოლიტიკა და 2019 წლის ბოლოსთვის დაიწყება უშუალოდ ინვესტირების პროცესი.


3. სააქციზო გადასახადი



ქვეყანაში მოქმედი ეკონომიკური თავისუფლების აქტი სახელმწიფოს ახალი საყოველთაო გადასახადის დაწესებისთვის რეფერენდუმის ჩატარებას ავალდებულებს. ამ პირობებში მთავრობისთვის ახალი თანხების მობილიზაციის ყველაზე მოქნილი და რეალურ გზა კი სააქციზო გადასახადის გაზრდაა. ბიუჯეტის შევსების მიზნით, ბოლო წლების განმავლობაში ხელისუფლებამ რამდენიმეჯერ გააძვირა აქციზის ღირებულება. 2017 წლიდან სახელმწიფო აქციზის ღირებულება გაიზარდა სააქციზო პროდუქციის თითქმის ყველა სახეობაზე, თამბაქოს ნაწარმისა და საწვავის ჩათვლით. აქციზის ფასი გაზრდით გაიზარდა შესაბამისი პროდუქტის ღირებულებაც. ნავთობ პროდუქტზე აქციზების ფასის ზრდამ დაახლოებით 20-25 თეთრით გააძვირა ყველა სახის საწვავი.


2014- 2018 წლამდე პერიოდში სააქციზო გადასახადი ქვეყანაში ხუთჯერ გაიზარდა. სააქციზო გადასახადის გაზრდის პროცესი ამით არ დასრულებულა. ფასი გაიზარდა 2018 წელსაც, ცვლილებები კი 2019 წლიდან ამოქმედდა. 2019 წლის ბიუჯეტით შემოსავლები სააქციზო გადასახადიდან დაახლოებით 1,5 მილიარდს უნდა გაუტოლდეს.


  • 2019 წლიდან უფილტრო სიგარეტის აქციზი ღირებულება, ფილტრიანისას გაუთანაბრდა და ერთ კოლოფზე 1,7 ლარს გაუტოლდა;

  • 2019 წლიდან გასამმაგდა ადვალური (იმპორტირებული პროდუქტის ღირებულების პროცენტული გადასახადი) გადასახადი. თამბაქოზე, ერთი კოლოფზე 10-დან 30 პროცენტამდე.



აქციზის საფასურის ზრდა წლების მიხედვით სახელმწიფო ბიუჯეტზე ასე აისახებოდა:


  • 2016 წელს აქციზით მიღებული შემოსავალი 1,0012 მილიარდი ლარი იყო, 2017 წელს კი 615 მილიონი ლარით გაიზარდა;

  • 2017 წელს წინა წელთან შედარებით თამბაქოს აქციზებიდან ბიუჯეტში 200 მილიონით მეტი შევიდა და 700 მილიონი ლარს გაუტოლდა;

  • 2017 წელს წინა წელთან შედარებით საწვავის აქციზებიდან ბიუჯეტში 250 მილიონით მეტი შევიდა და 450 მილიონ ლარს გაუთანაბრდა;

  • 2017 წელს წინა წელთან შედარებით მსუბუქი ავტომობილების აქციზებიდან ბიუჯეტში 150 მილიონით მეტი შევიდა და ჯამურად 150 მილიონი ლარი გახდა.



ოფიციალურად, თამბაქოს ნაწარმზე სააქციზო გადასახადის გაზრდის მთავარ მოტივატორად მოწევის მავნე ჩვევასთან ბრძოლა დასახელდა. ფასის ზრდით ფილტრიანი სიგარეტის რაოდენობის მოხმარება შემცირდა, თუმცა გაიზარდა უფილტრო სიგარეტებზე მოთხოვნა.


4. ავტომობილების ტექდათვალიერება



2019 წლის პირველი იანვრიდან ძალაში შევიდა კანონი ავტომობილების ტექნიკური დათვალიერების შესახებ. კანონით ტექნიკური დათვალიერების გავლა სავალდებულოა ნებისმიერი ტიპის ავტომობილებისთვის. პროცედურის ფასი მსუბუქი ავტომობილების შემთხვევაში 60 ლარია, სატვირთო და სამგზავრო ტიპის ავტო საშუალებისთვის კი 100 ლარი.



შსს-ს მონაცემებით, ქვეყანაში რეგისტრირებულია სულ მილიონზე მეტი ავტომობილი. მსუბუქი ავტომობილების წილი 81 პროცენტია, 8,3 პროცენტი სატვირთო ავტომობილების წილი, ხოლო სამგზავრო ტრანსპორტი კი მთლიანი მოცულობის 4,5 პროცენტია. მონაცემების შეჯერებით გამოდის, რომ ავტომფლობელები, ტექნიკური დათვალიერებისთვის ჯამურად დაახლოებით 53 მილიონი ლარს დახარჯავენ. უკვე შემოწმებული 115 ათასი ავტომობილიდან 40 ათასმა სტანდარტი ვერ დააკმაყოფილა, ხოლო 4 ათას ავტომობილს კი მოძრაობა აეკრძალათ.


5. ტაქსების ლიცენზირება



2018 წლის პირველი აგვისტოდან თბილისში ტაქსების ლიცენზირების სავალდებულო პროგრამა დაიწყო. თბილისის მერიის ცნობით, ინიციატივის მიზანია ტაქსის მომსახურების ხარისხისა და უსაფრთხოების გაზრდა.


ტაქსის ერთი წლის ლიცენზია შიდა წვის ძრავის მქონე ავტომობილებზე 100 ლარი ღირს, 50 ლარი ჯდება ჰიბრიდული ძრავის მქონე ავტომობილებზე, ხოლო ელექტრონული ძრავის მქონე ავტომობილებისთვის ტაქსის ლიცენზია უფასო იყო. ტაქსების ლიცენზირება წელიწადში ერთხელ ხდება.


2018 წლის 12 ოქტომბრის მდგომარეობით, ტაქსის ლიცენზია სულ 18 ათასმა პირმა აიღო. ჯერჯერობით უცნობია ლიცენზიანტების საბოლოო რაოდენობა, თუმცა ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ტაქსის ლიცენზიებისთვის გადახდილი ჯამური თანხა დაახლოებით 2 მილიონი ლარია.


ლიცენზირების სავალდებულო პროგრამისა და საწვავის გაძვირების პარალელურად გაიზარდა ტაქსების მომსახურების ფასიც.


on.ge






კომპანიები, რომლებმაც Huawei-სთან თანამშრომლობა შეწყვიტეს

კომპანიები, რომლებმაც Huawei-სთან თანამშრომლობა შეწყვიტეს
access_time2019-05-25 20:00:07
გასულ კვირას აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა შემოიღო , რომლის ფარგლებშიც ამერიკულ კომპანიებს შტატების უსაფრთხოებისთვის რისკის შემცველი სატელეკომუნიკაციო...

„სადაზღვევო სექტორში ჯანსაღი კონკურენცია კანონმდებლობით უნდა რეგულირდებოდეს“

„სადაზღვევო სექტორში ჯანსაღი კონკურენცია კანონმდებლობით უნდა რეგულირდებოდეს“
access_time2019-05-25 18:00:50
„პსპ დაზღვევის“ გენერალური დირექტორი სოფიო ლებანიძე, რადიო კომერსანტის გადაცემაში თოქ–შოუ „კომერსანტი LIVE“ დაზღვევის მიმართულებით საკანონმდებლო რეგულაციების არსებობის საჭიროებაზე საუბრობს. „ბოლო მონაცემებით საქართველოში 17 სადაზღვევო კომპანიაა,რომლებსაც განსხვავებული  გამოცდილება გააჩნიათ, არსებობენ ისეთი კომპანიები,რომლებიც ბანკთან არიან აფილირებულები. ბანკი,როგორც ფინანსური ინსტიტუცია დღეს ბევრ პროფილურ და არაპროფილურ ბიზნესშია წარმოდგენილი. დაზღვევასა და ბანკს შორის...

თენგიზ აბლოთიას პერსონალური ბლოგი - შემაშფოთებელი ამბები მოდის „სატრანზიტო ფრონტის ხაზიდან“

თენგიზ აბლოთიას პერსონალური ბლოგი - შემაშფოთებელი ამბები მოდის „სატრანზიტო ფრონტის ხაზიდან“
access_time2019-05-24 18:30:20
შემაშფოთებელი ამბები მოდის „სატრანზიტო ფრონტის ხაზიდან“. იქ, სადაც აქამდე გვეგონა, რომ ყველაფერი წესრიგშია, აღმოჩნდა, რომ თურმე ეს წესრიგიც და გარეგნული სიმშვიდეც მოჩვენებითია. საქართველოსთვის ახალი სახელმწიფოებრივი ფუნქციის - ევროპას და აზიას შორის ხიდის როლის  შეძენას - წინააღმდეგობები შეხვდა იქ, სადაც ყველაზე ნაკლებად იყო მოსალოდნელი. პირველი პრობლემაა - ანაკლიას პორტი. ცუდია ჩვენს დროში პესიმიზმი - ნახევრად სავსე ჭიქა ყოველთვის...

BBC - როგორ იმუშავებს და რა რისკებს შეიცავს Facebook-ის ახალი კრიპტოვალუტა

 BBC - როგორ იმუშავებს და რა რისკებს შეიცავს Facebook-ის ახალი კრიპტოვალუტა
access_time2019-05-24 19:30:19
სოციალური ქსელების გიგანტს წლის ბოლოს საკუთარი კრიპტოვალუტის ტესტირება სურს, რომელსაც კომპანიაში „გლობალკოინს“ უწოდებენ. Facebook-ი საკუთარი კრიპტოვალუტის - “გლობალკოინის” გამოცემას 2020 წლიდან გეგმავს. ამ წლის პირველ კვარტალში ათობით ქვეყანაში  ციფრული გადახდის სისტემის დანერგვა იგეგმება.  Facebook-ი ზაფხულის პერიოდში გეგმის დეტალურ მონახაზს დაასრულებს.  ამასთან დაკავშირებით უკვე შედგა საუბარი ინგლისის ბანკის მმართველთან, ...

არა მხოლოდ ბრექსიტი: რითი დაიმახსოვრა მსოფლიომ ტერეზა მეი?

არა მხოლოდ ბრექსიტი: რითი დაიმახსოვრა მსოფლიომ ტერეზა მეი?
access_time2019-05-24 20:00:48
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ 7 ივნისს ის დატოვებს თავის პოსტს. რით დაამახსოვრა თავი მსოფლიოს ბრიტანეთის ისტორიაში მე-2 ქალმა პრემიერ- მინისტრმა? პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლასთან დაკავშირებული დრამატული მოვლენებით, თუმცა მის კარიერაში კიდევ ბევრი რამ იყო საინტერესო. 90-ნი წლების დასაწყისში ის იყო ლონდონის ერთ-ერთი რაიონის საბჭოს დეპუტატი, დიდ პოლიტიკაში...


მსგავსი სიახლეები

up