„5 მაისიდან ჩვენ გავცემთ შესაბამის ნებართვებს, რომ მუშაობა განაახლონ სამშენებლო სექტორში მომუშავე ყველა კომპანიამ და ყველა იმ კომპანიამ, რომელიც დაკავებულია სამშენებლო მასალების წარმოებით“- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.გიორგი გახარიას განცხადებით, ყველა ის კომპანია, სხვადასხვა სახით არის დაკავშირებული სამშენებლო ბიზნესთან, მუშაობის განახლებას შეძლებენ.
შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსი 593 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 223 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაიცვალა 9 პაციენტი.ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.