4 დღიანი სამუშაო კვირა - პერსპექტივა და რეალობა საქართველოში

4 დღიანი სამუშაო კვირა - პერსპექტივა და რეალობა საქართველოში

access_time2022-02-18 12:00:58

დღიურად სამუშაო საათებისა და კვირაში სამუშაო დღეების რაოდენობა სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვაა. სამუშაო დროის ხანგრძლივობა ყოველთვის შედეგთან პირდაპირპროპორციული არ არის. ტრაქტორით 1 საათში უფრო დიდი ორმოს ამოთხრა შეიძლება ვიდრე ნიჩბით 10 საათში, იმ სამუშაოს რომლის შესრულებასაც კალკულატორით 1 დღე სჭირდება კომპიუტერით შეიძლება 15 წუთში შესრულდეს. გასული საუკუნის უკანასკნელ მეოთხედამდე 6 დღიანი სამუშაო კვირა სტანდარტულად ითვლებოდა. დღეს ასეთად 5 დღიანი სამუშაო კვირა მიიჩნევა, თუმცა 4 დღიან სამუშაო კვირაზე გადასვლის პროცესი უკვე დაწყებულია. ტექნოლოგიების გამოყენებით ინოვაციურმა მიდგომამ შესაძლოა საქართველოშიც გაამართლოს, მაგრამ განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით ეს უფრო ძნელად მისაღწევი იქნება.

 

8 საათიანი სამუშაო დღისთვის ბრძოლა XIX საუკუნეში დაიწყო, იმ პერიოდში, როდესაც ქარხნებში 8-10 წლის ბავშვები მიზერული ანაზღაურების სანაცვლოდ კვირაში 6 დღე, დღეში 10-12 სთ მუშაობდნენ. მძიმე სამუშაოს ალტერნატივა ფერმა და პლანტაციები იყო, რასაც ბევრი ისევ ქარხანას ამჯობინებდა. მაშინ როცა ფეოდალიზმი, ხოლო შეერთებულ შტატებში მონათმფლობელობა ახალი გაუქმებული იყო, დღევანდელი გადმოსახედიდან აუტანელ პირობებში, მაგრამ მაინც ნებაყოფლობითი მუშაობა პროგრესად ითვლებოდა. ტექნოლოგიურმა წინსვლამ თანდათან სამუშაო პირობების გაუმჯობესებაც განაპირობა. ამ მიზნის მისაღწევად მხოლოდ მარქსისტული შეძახილები, გაფიცვები, საბოტაჟი და ბარიკადები არასაკმარისი იქნებოდა ან არაფერი შეიცვლებოდა, ან შრომის ეფექტიანობა შემცირდებოდა, რაც ჯერ წარმოების ხარჯს, შემდეგ კი საბოლოო პროდუქციის ფასს გაზრდიდა, ეს კი პირველ რიგში მძიმედ ისევ და ისევ სოციალურად ყველაზე მოწყვლად ფენას დააზარალებდა.

 

XX და XXI საუკუნეში ეფექტიანობის გაზომვის კრიტერიუმები შეიცვალა. დასვენებული მუშა თუ პირობითად 1 სთ-ში 100 დეტალს ამზადებდა, დაღლილი კი 80-ს, შემოქმედებით საქმიანობაში მარგი ქმედების კოეფიციენტი ბევრად უფრო დიდი პროცენტით კლებულობდა. მენეჯერული გადაწყვეტილების მიღება, კონცეფციის ცვლილება, ახალი პროდუქციის მახასიათებლების მოფიქრება, ახალი თანამშრომლების შერჩევა, სარეკლამო რგოლის შინაარსის მოფიქრება, ლოგოს დიზაინი... ამ ყველაფრისთვის მხოლოდ სამუშაო დრო არ კმარა და 8 საათიანი მუშაობით 4 საათიან მუშაობასთან შედარებით ყოველთვის 2-ჯერ მეტი შედეგი არ დაიდება.

 

საწყის პოზიციაზე მყოფი თანამშრომლისა და ანტერპრენერის მოტივაცია უმეტეს შემთხვევაში სხვადასხვაა. ილონ მასკმა 10-15 წლის წინ ელექტრომობილები პრაქტიკულად მკვდრეთით აღადგინა, იმ პერიოდში მასკი კვირაში 100 საათს მუშაობდა. საავტომობილო ინდუსტრიის ფუნდამენტური ცვლილების სურვილი და რწმენა გააჩნდა. ასეთ დროს მოტივაცია ხელფასის მომატებასთან, ბონუსის ჩარიცხვასთან ან თუნდაც მალდივებზე დასვენების საგზურის ჩუქებასთან შედარებით შეუდარებლად მაღალია.

 

მასკის მსგავსი ან უფრო მაღალი მოტივაცია შეიძლება ჰქონდეს ასევე აღმოჩენაზე ან გამოგონებაზე მომუშავე მეცნიერს, დიდ ხელოვანს, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერს, კონსტიტუციის ან დამოუკიდებლობის დეკლარაციის დამწერს. ასეთ დროს მიზანი იმდენად დიდია, რომ ადამიანი ოჯახისადმი ყურადღების შემცირებას, ღამეების თენებას, ჯანმრთელობისა და სიცოცხლის გაწირვას თანხმდება, მაგრამ უმეტესობისთვის ოჯახი, მეგობრები, დასვენება მაინც ძალიან მნიშვნელოვანია და მათი ნაკლებობა პროდუქტიულობას ამცირებს.

 

წლიური სამუშაო საათების ხანგრძლივობა 1979-დან 2015 წლამდე შეერთებულ შტატებში უმნიშვნელოდ 2%-ით 1830-დან 1790-მდე შემცირდა, რაც დაახლოებით კვირაში 45 წუთია. იმავე პერიოდში ბრიტანეთში 7.7%-იანი კლება აღინიშნა 1813-დან 1675 სთ-მდე, საფრანგეთში 19%-იანი 1832-დან 1482 სთ-მდე, ხოლო გერმანიაში 37%-ით 2186-დან 1371-მდე. ეს კვირაში 15 საათზე მეტია.

 

რამდენ საათს მუშაობენ სხვადასხვა ქვეყანაში?


2017 წლის მდგომარეობით კოლუმბიაში 2455-ს, მიანმარში 2438-ს, მექსიკაში 2257-ს, სინგაპურში 2237-ს, კოსტა-რიკაში 2179-ს, სამხრეთ კორეაში 2024-ს, თურქეთში 1832-ს, პოლონეთში 1812-ს, აშშ-ში 1780-ს, ირლანდიაში 1738-ს, ესპანეთში 1687-ს, შვეიცარიაში 1570-ს, ბელგიაში 1531-ს, ნორვეგიაში 1419-ს, გერმანიაში 1356-ს.

 

კოლუმბიაში 1 დასაქმებული საშუალოდ 81%-ით მეტ დროს ატარებს სამსახურში, ვიდრე გერმანიის მოქალაქე, თუმცა გერმანიაში ცხოვრების დონე ნებისმიერი მიმართულებით, შემოსავალი, ჯანდაცვა, განათლება, უსაფრთხოება კოლუმბის ცხოვრების დონეს გაცილებით აღემატება. 

 

გამოვიდა ისე, რომ განვითარებულ ქვეყნებში, სამუშაო დროის ხანგრძლივობა გაცილებით ნაკლებია, სინგაპური და სამხრეთ კორეა გამონაკლისებს წარმოადგენენ. მიზეზი ისევ პროდუქტიულობაა. კოლუმბიელმა ნაკლები რომ იმუშაოს ხელფასი არ გაეზრდება, პირიქით მინიმალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაც გაუჭირდება.


 

საქართველოში სამუშაო კვირის ხანგრძლივობა 40 საათს შეადგენს და დასაქმებულს 24 დღიანი შვებულება ეკუთვნის. ასეთი დათვლით დასაქმებული წლიურად 1888 საათი უნდა მუშაობდეს. რეალობა შრომის კოდექსისგან ცოტათი განსხვავებულია. ცვლაში მომუშავეებისთვის ძირითადად მაღაზიებსა და ბენზინგასამართ სადგურებზე სამუშაო კვირის ხანგრძლივობა 56 საათს აღწევს. მაშინაც კი, თუ მან შვებულებით სრულად ისარგებლა, რაც იშვიათ შემთხვევათა რიგს განეკუთვნება, წლიური სამუშაო დრო 2640 საათი გამოდის. მათთვის სანუგეშო ალბათ არ იქნება ის ინფორმაცია, რომ 160-180 წლის წინ ინდუსტრიალიზაციის საწყის ეტაპზე დასაქმებულებს წლიურად 3300 საათზე მეტის მუშაობა უწევდათ. ოფიციალურადაც და არაოფიციალურადაც ქართველი დასაქმებული, გერმანელზე მეტს შრომობს, მაგრამ ანაზღაურებით მის ნახევარსაც ვერ იღებს.


 


გლობალური ეკონომიკის 70%-ზე მეტი მომსახურებაზე მოდის. განვითარებულ ქვეყნებში, როგორც წესი, განვითარებადთან შედარებით პროდუქტი უფრო ძვირია, მომსახურების გაყიდვისას ფასთა შორის სხვაობა კიდევ უფრო იზრდება, რადგან მომსახურების ექსპორტი უფრო რთულია.

 

ცოდნისა და ტექნოლოგიების დახმარებით განვითარებულ ქვეყანაში დასაქმებულის პროდუქტიულობა უფრო მაღალია, მაგრამ ერთი და იგივე შედეგის დადების შემთხვევაშიც განვითარებულ ქვეყანაში შრომის ანაზღაურება გაცილებით უფრო მაღალია. სკოლის მასწავლებელს, სტომატოლოგს, სტილისტსა თუ ავტოხელოსანს 1 სთ-იანი მუშაობით შვეიცარიასა და გერმანიაში უფრო მეტის გამომუშავება შეუძლია, ვიდრე ნიკარაგუასა და კამბოჯაში.

 

საქართველო კამბოჯა არ არის, მაგრამ შვეიცარიამდეც ძალიან ბევრი უკლია. შრომის ბაზარზე რამდენიმე პრობლემაა: სამსახურის მაძიებლები უმუშევრობას უჩივიან, დასაქმებულები დაბალ ხელფასს, დამსაქმებლები კი კვალიფიციური კადრების სიმცირეს.

 

შესაძლებელია თუ არა ისეთ ღარიბ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, 4–დღიან სამუშაო კვირაზე გადასვლა? აღმოჩნდა, რომ კომპანიათა ნაწილი აღნიშნულზე მზაობას აცხადებს. კომერსანტი „მაკდონალდს საქართველოსა“ და „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ დამფუძნებელს თემურ ჭყონიას დაუკავშირდა. ჭყონიას განცხადებით, ტექნოლოგიები ამის საშუალებას უკვე იძლევა, მან საკუთარი მაგალითიც მოიყვანა და აღნიშნა, რომ ივნისისთვის ახალ საწარმოო ხაზს ელოდება, რომელიც იმ ოდენობის პროდუქციას, რომლის გამოშვებასაც ადრე 8 საათი სჭირდებოდა, ახლა 5 საათში დაამზადებს.

 

განსხვავებული პოზიცია აქვს ეკონომისტ სოსო არჩვაძეს. მისი თქმით, სამსახურს უმუშევრების გარდა დასაქმებულებიც ეძებენ და შემოსავლის გაზრდის მიზნით ცდილობენ ორ ან სამ ადგილას იმუშაონ და თუ შესაძლებლობა მიეცემათ, 10-დან 9 ადამიანი დამატებითი შემოსავლის მიღების მიზნით სამუშაო დროის გახანგრძლივებას დასთანხმდება. ხოლო იმ კომპანიათა რაოდენობა, რომლებიც სიახლის დანერგვას შეძლებენ, ძალიან ცოტა იქნება.

 

საქსტატის მონაცემებით, 2021 წლის მესამე კვარტალში საქართველოში საშუალო ხელფასი 1370 ლარს შეადგენდა. ასეთი ინფორმაციის გაჟღერება უმეტესად ირონიისა და გაბრაზების მიზეზი ხდება ხოლმე. აღნიშნული თანხა დარიცხულ ხელფასს ასახავს, რასაც ჯერ საპენსიო შენატანი, შემდეგ კი საშემოსავლო გადასახადი აკლდება, რის შემდეგაც ხელზე ასაღები ხელფასი 1075 ლარამდე მცირდება. ეს რიცხვიც ბევრისთვის დაუჯერებელია. საქმე ისაა, რომ საშუალო ხელფასი არ ნიშნავს იმ ხელფასს, რომელიც ყველაზე ბევრ დასაქმებულს ექნება, ასეთ ინფორმაციას „მოდა“ გვაძლევს. საშუალო კი ყველას საშუალო შეწონილია, ანუ თუ ერთ ადამიანს ხელფასი 150 000 ლარი აქვ, ორს - 80 000, ათს - 50 000, ორმოცდაათს - 10 000, ორასს - 7000, ხუთასს - 3000, შვიდასს - 2000, ათასს - 1200, ოცი ათსს - 700, ორი ათასს - 500 და ოთხასს 300, მათი საშუალო ხელფასი 882 ლარი გამოდის, მიუხედავად იმისა, რომ 90%-ზე მეტს ამაზე ნაკლები ხელფასი აქვს. 80%-ს რომ 700 ლარი აქვს ხელფასი ის 700 მოდაა.

 

საშუალო ნომინალური ხელფასი ყოველწლიურად იზრდება, მაგრამ ორნიშნა ინფლაციის პირობებში ეს ზრდა შეუმჩნეველი ხდება. ამასთან, საშუალო ზრდა ყველასთვის ზრდას არ ნიშნავს. ის, ვისი ხელფასიც გასულ წელს არ გაიზარდა, რეალურად გაღარიბდა, ანუ თუ 2021 წლის იანვარშიც 700 ლარი აიღო და 2022 წლის იანვარშიც იმდენივე, ბოლო 700 ლარი თავისი მსყიდველუნარიანობით იგივეა რაც 2021 წლის იანვრის 615 ლარი.

 

ბელგიაში უმუშევრობის დონე 5.7%-ს შეადგენს, ნიდერლანდებში 3.6%-ს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, რომელიც თავის მხრივ 4.5 დღიან კვირაზე გადავიდა (პარასკევია მოკლე დღე), 4%, საქართველოში კი 19.5%, თუმცა თუ უფრო გულწრფელები ვიქნებით და სტატისტიკას უკეთ ჩავხედავთ, აღმოვაჩენთ, რომ იმავე 2021 წლის მესამე კვარტალში თურმე სოფლად უმუშევრობის დონე 17.2% ყოფილა და ქალაქში 21.1%. რეალურად დასაქმება სოფლად უფრო ჭირს, მაგრამ ძალიან მცირე მეურნეობის ფლობის შემთხვევაშიც კი, რაც ოფიციალური საარსებო მინიმუმითაც კი ვერ უზრუნველყოფს ოჯახს, მათ წევრებს მაინც დასაქმებულად მიიჩნევს. სოფლის მაჩვენებელი ქალაქის მაჩვენებელსაც რომ გავუთანაბროთ, რაც ასევე არ იქნება მთლად ზუსტი, უმუშევრობის დონე ქვეყანაში 21%-ს გადააჭარბებს.

 

„ადუღებული ეკონომიკის“ მიუხედავად, სოციალურად დაუცველთა რაოდენობა 1 წელიწადში 116 000-ით გაიზარდა და 648 000-ს გადააჭარბა, რაც მოსახლეობის 17.5%-ს უდრის. მზარდი სიღარიბის პირობებში, როდესაც, როგორც მინიმუმ, სამსახურის მსურველი ყოველი მეხუთე უმუშევარია და დასაქმებულთა დიდი ნაწილისთვისაც ხელფასი თვიდან-თვემდე თავის გატანის საშუალებაა და მეტი არაფერი, მასშტაბურად 4 დღიან სამუშაო კვირაზე ან 6 საათიან სამუშაო დღეზე გადასვლა არარეალური სურვილი ჩანს, თუმცა სურვილის შემთხვევაში კომპანიათა მცირე ნაწილს ეს ახლავე შეუძლია. „ტენეს“ ქარხანა, რომელიც ეკომეგობრულ USB კაბელებს აწარმოებს, 4 დღიან სამუშაო კვირაზე გასული წლის ოქტომბერში გადავიდა, 5 რვასაათიანი დღე 4 ათსაათიანი დღით ჩაანაცვლა და ხელფასები უცვლელად შეინარჩუნა.

 

სამუშაო დროის შემცირება ტექნოლოგიებს შეუძლია, მაგრამ ზოგ შემთხვევაში დასაქმებულთა რაოდენობის ზრდა მაინც აუცილებელი ხდება. მაღაზიაში გრძელ რიგს ალბათ ბევრი გაუღიზიანებია და მეორე მოლარისთვის დაუძახებია, მაგრამ მეორე მოლარე არ მისულა, რადგან მოლარეც, კონსულტანტიც და საწყობის თანამშრომელიც 1 ადამიანი ყოფილა და იმ დროს როცა სალაროსთან უკმაყოფილოთა რიგი დამდგარა, ის შეიძლება სხვა მომხმარებელს ძეხვს უჭრიდა ან კარტოფილს უწონიდა.

 

მემარცხენეები მიიჩნევენ, რომ სოციალური ფონის გამოსწორება კანონის ცვლილებით და შემდგომ მათი აღსრულებით შესაძლებელია. ისინი რეალურ 40–საათიან სამუშაო კვირას, მინიმალურ ხელფასს და სხვა ძალიან ბევრ კარგ რამეს ითხოვენ, მაგრამ მათი გამოსვლები ხშირად სადღეგრძელოს ემსგავსება. თუ კანონით 40–საათიან სამუშაო კვირაზე 1000–ლარიან მინიმალურ ხელფასს დავაწესებთ, ან კანონი ქაღალდზე დარჩება, ან უმუშევრობა და ინფლაცია ორივე ერთად კიდევ უფრო გაიზრდება. რა აზრი აქვს მინიმალურ 1000–ლარიან ხელფასს, თუ პური 3 ლარი გახდება? საკანონმდებლო ცვლილება პანაცეა რომ იყოს, მაშინ ალბათ უკეთესი იქნებოდა თუ პირდაპირ სიღარიბეს ავკრძალავდით, მაგრამ სიღარიბის აკრძალვის კანონით სიღარიბე ვერ დამარცხდება, ისევე როგორც გრავიტაციის გაქრობაა შეუძლებელი კანონით, მაშინაც კი საქართველოსთან ერთად, გაეროს წევრმა ყველა დანარჩენმა სახელმწიფომ მსგავსი აკრძალვის შესახებ კონსტიტუციაშიც რომ ჩაწეროს.

 

როდესაც სკანდინავიურ სოციალიზმს ახსენებენ, იმის აღნიშვნა ავიწყდებათ, რომ ის ქვეყნები სოციალიზმით არ გამდიდრებულან. უმუშევრობის შესამცირებლად, ხელფასების მოსამატებლად, ღარიბების დასახმარებლად, უფრო უსაფრთხო და კომფორტული სამუშაო გარემოს შესაქმნელად აუცილებელ წინაპირობას მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი წარმოადგენს, საქართველოში კი ორნიშნა ეკონომიკური ზრდა 2007 წლის შემდეგ აღარ ყოფილა (2021 არ ითვლება, რადგან ზრდა მხოლოდ 2020-ის ფონზე დაფიქსირდა). არათუ ორნიშნა ბოლო 10 წელია ზრდის ტემპს 5%-ისთვისაც კი აღარ გადაუჭარბებია, უფრო ნაკლები ყოფილა, ასეთი ზრდა კი ღარიბი ქვეყნისთვის განვითარების პერსპექტივას კლავს.


გიორგი ელიზბარაშვილი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up