რა არის ფორმატი 3+3 და არის თუ არა აქ საქართველოს ადგილი

რა არის ფორმატი 3+3 და არის თუ არა აქ საქართველოს ადგილი

access_time2021-10-26 10:00:11

ყარაბაღის ბოლო ომიდან 1 წლის შემდეგ, ირან-აზერბაიჯანს შორის დაძაბულობის ზრდის ფონზე, საქართველო 3+3 ფორმატში მიიწვიეს. რუსეთის, ირანის და თურქეთის პოზიციებს სამხრეთ კავკასიის სამი პატარა სახელმწიფო რომ ვერ დააბალანსებს, შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს. იდეის მიმართ საქართველოს დასავლელი პარტნიორები თავიდანვე სკეპტიკურად განეწყვნენ.

 


ფორმატის შესახებ ინფორმაცია თურქულმა მხარემ ჯერ მიმდინარე წლის იანვარში გააჟღერა. ოქტომბერში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მსგავსი ტიპის ალიანსში გაწევრიანების შესაძლებლობა უკვე ოფიციალურად უარყო. საკითხი ღიად რჩება მეზობელი სახელმწიფოებისთვის, მაგრამ თუ საქართველო შეთავაზებაზე უარს რუსეთის გამო აცხადებს, მაშინ შეიძლება ითქვას, რომ თუ სომხეთი აზერბაიჯანისა და თურქეთის ფაქტორის მიუხედავად ფორმატს დაეთანხმა, ეს იძულებითი ნაბიჯი იქნება.



ბენილუქსის, სკანდინავიისა და ბალტიის ქვეყნებისგან განსხვავებით, კავკასიაში აბსოლუტურად სხვა მოცემულობაა. საქართველოს ტერიტორიის 20% რუსეთს აქვს ოკუპირებული და მცოცავ ოკუპაციას დღემდე აგრძელებს, მოსკოვს თბილისის ნების საწინააღმდეგოდ საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში 2 ე.წ. საელჩო აქვს გახსნილი და მძლავრი სამხედრო ბაზებიც აქვს განთავსებული.

 


თუ საქართველომ რუს ტურისტებს ქვეყანაში უვიზოდ შემოსვლის უფლება 2008 წლის ომის შემდეგაც დართო, 2013 წლიდან კი სავაჭრო ურთიერთობებიც აღდგა, მსგავსი რამ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის წარმოუდგენელია. სომხეთი ბუნებრივი გაზით რუსეთიდან საქართველოზე გამავალი მილსადენით მარაგდება. მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის უმოკლესი გზა სომხეთის გავლით გადის, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენმა, შაჰ-დენიზის გაზსადენმა და ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზამ სომხეთის ნაცვლად საქართველოზე გაიარა. სომხეთში მოხვედრა აზერბაიჯანული გვარის მქონე საქართველოს მოქალაქეებსაც კი უჭირთ, აზერბაიჯანში სომხური გვარის მქონეებს. ბოლო ომამდე მხარეები გამონაკლისს მხოლოდ საერთაშორისო სპორტული შეჯიბრებების დროს უშვებდნენ.

 


1 წლის წინ სომხეთი იძულებული გახდა აზერბაიჯანისთვის საკუთარ ტერიტორიაზე ნახიჩევანის ექსკლავამდე დამაკავშირებელი გზის გაჭრაზე დასთანხმებოდა. აზერბაიჯანმა ირანთან ურთიერთობის დაძაბვის შემდეგ სომხეთის საჰაერო სივრცით ისარგებლა, სახმელეთო გამოუყენებლად რჩება.



საქართველოს პრობლემები მხოლოდ ერთ მეზობელთან აქვს, სომხეთს ორთან. ერევანი ანკარისგან 1915 წლის მოვლენების გენოციდად აღიარებას დღემდე უშედეგოდ მოითხოვს. სომხეთის გაღიზიანებას აზერბაიჯანისა და თურქეთის ახლო ურთიერთობებიც იწვევს. აზერბაიჯანს თურქეთი მაღალტექნოლოგიური იარაღით ამარაგებს და ლოგისტიკურადაც ეხმარება. არსებობს მოსაზრება, რომ გასულ წელს თურქული დრონების ნაწილი, რომლებიც სომხურ სატანკო კოლონებს ანადგურებდნენ, თურქეთიდან იმართებოდა.

 


2006 წელს რუსეთმა საქართველოდან ბაზების გაყვანა ოფიციალურად დაასრულა, თუმცა ბაზა რეალურად კვლავ რჩებოდა გუდაუთაში. რეალურად სამხედრო ბაზებს წარმოადგენდნენ ე.წ. სამშვიდობოებიც. 2008 წლის შემდეგ მოსკოვმა მის მიერვე ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში სამხედრო კონტიგენტისა და შეიარაღების რაოდენობა მკვეთრად გაზარდა. სომხეთში მდებარე გიუმრის ბაზა რუსეთს არასდროს დაუტოვებია. 2020 წლის ბოლომდე გამონაკლისად აზერბაიჯანი რჩებოდა, თუმცა დღეს ვითარება შეცვლილია და ყარაბაღის უსაფრთხოებასაც 2000 რუსი „სამშვიდობო“ იცავს.

 


აზერბაიჯანმა ყარაბაღის გარშემო მდებარე 7 ოკუპირებული რეგიონი და უშუალოდ ყარაბაღის ნაწილი დაიბრუნა, თუმცა ის 3000-ზე მეტი ჯარისკაცის დაღუპვის გარდა საკუთარ ტერიტორიაზე რუსული არმიის დაშვებადაც დაუჯდა.

 


თურქეთი 1952 წლიდან ნატოს წევრია. ათწლეულების განმავლობაში თურქეთში განლაგებულ ამერიკულ ბირთვულ რაკეტებს საბჭოთა ქალაქებს, მათ შორის თბილისის განადგურება შეეძლოთ. ძველი სტატუსკვო 90-იან და 2000-იან წლებშიც ნარჩუნდებოდა. 2015 წლის 24 ნოემბერს თურქეთის საჰაერო ძალების კუთვნილმა F16-მა სირიიდან გამობრუნებული რუსული Su-24 საზღვრის უკანონო კვეთის გამო ჩამოაგდო. პილოტი დაიღუპა. ანკარისა და მოსკოვის დაპირისპირება სახიფათო ზღვარს მიუახლოვდა. ინციდენტიდან რამდენიმე თვეში, 2016 წლის ივლისში, გადატრიალების უშედეგო მცდელობის შემდეგ თურქეთს ურთიერთობა შეერთებულ შტატებთან დაეძაბა. ვაშინგტონი ანკარას ფეთჰულა გიულენის გადაცემას არ თანხმდება, რომელსაც ანკარა ბრალად გადატრიალების მცდელობის ორგანიზებაში სდებს. ჩამოგდებული თვითმფრინავის გამო ერდოღანმა პუტინს მოსკოვში ბოდიში მოუხადა და მასთან სამხედრო თანამშრომლობა განაახლა. ვაშინგტონის პროტესტისა და მუქარის მიუხედავად, ანკარამ S400 ტიპის რუსული საზენიტო სარაკეტო კომპლექსი მაინც შეიძინა, რის გამოც პენტაგონმა თურქეთს მრავალფუნქციური მეხუთე თაობის გამანადგურებელ F35-ების მიყიდვაზე უარი განუცხადა. ანკარა და მოსკოვი თურქეთში ახალი ატომური ელექტროსადგურის და გაზსადენის მშენებლობაზეც შეთანხმდნენ.

 



ბოლო წლებია თურქეთსა და აშშ-ს შორის დაპირისპირება ქურთების საკითხზეც გრძელდება. აშშ სირიაში ასადის წინააღმდეგ მებრძოლ ქურთებს უჭერს მხარს, თურქეთისთვის კი მათი გაძლიერება ქვეყნის შიგნით სეპარატიზმის გაღვივების საფრთხეა. თურქეთში სხვადასხვა მონაცემებით 14-20 მლნ ქურთი ცხოვრობს, რაც მოსახლეობის 17-24 პროცენტია.

 


სულ ახლახანს თურქეთმა 10 ქვეყნის: აშშ-ის, კანადის, გერმანიის, დანიის, ფინეთის, საფრანგეთის, ნიდერლანდების, შვედეთის, ნორვეგიისა და ახალი ზელანდიის ელჩები დაკავებული  ბიზნესმენ ოსმან კავალას შესახებ გაკეთებული განცხადების გამო ქვეყნიდან გააძევა. თურქული ლირა კიდევ ერთხელ ნახტომისებურად გაუფასურდა და ახლა 1 აშშ დოლარი 9.78 ლირა ღირს. თუ ლარი დოლართან მიმართებაში ბოლო 9 წელიწადში 88%-ით გაუფასურდა, ლირას უარესი დღე დაადგა და გაუფასურების მაჩვენებელმა 389%-ს მიაღწია. 2013 წელს დოლარი 2 ლირა ღირდა. ლირა ის იშვიათი გამონაკლისია, რომლის მიმართაც ბოლო წლებში ლარი სისტემატურად მყარდება.

 


ირანი, ისლამური რევოლუციის შემდეგ უკვე 42 წელია, რაც დასავლურ სამყაროს მოწყვეტილია. ბოლო წლებში კი ბირთვულ პროგრამასთან შეუთანხმებლობის გამო ამერიკული სანქციების ქვეშაა. ბუშის მიერ დაწესებული სანქციები ობამამ მნიშვნელოვნად შეარბილა, მაგრამ ტრამპმა კიდევ უფრო დაამძიმა. ტრამპმა 2015 წელს გაფორმებული ბირთვული შეთანხმება, რომელსაც ხელს აშშ, ირანი, ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, რუსეთი და ჩინეთი აწერდნენ, 2018 წელს დატოვა. მისი მტკიცებით, თეირანი პირობას არღვევდა და ურანს იმაზე მეტად ამდიდრებდა, ვიდრე ამას ელექტროსადგური საჭიროებდა.

 


2016 წელს სანქციების შერბილების შემდეგ ირანის ეკონომიკა 13.3%-ით გაიზარდა, თუმცა ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ 2017 წელს ზრდის ტემპმა 3.8%-მდე იკლო, 2018 წელს ისევ მინუსში გავიდა და 6%-ით შემცირდა, 2019-ში დამატებით 6.7%-ით. 2020-ში კოვიდკრიზისის პერიოდში კი 1.7%-ით გაიზარდა.

 


ირანს თურქეთთან საუკონოვანი მტრობა აკავშირებს, რასაც ბოლო დროს აზერბაიჯანთან გამწვავებული ურთიერთობებიც დაემატა. ყარაბაღის ბოლო ომის შემდეგ, რეგიონში ირანის პოზიციები დასუსტდა. თეირანისთვის აზერბაიჯანში თურქეთის გააქტიურება მიუღებელია, ისრაელთან სამხედრო თანამშრომლობა კი პირდაპირი საფრთხის მატარებელი. მდგომარეობას ართულებს ისიც, რომ ჩრდილოეთ ირანში 20 მლნ ეთნიკურად აზერბაიჯანელი ცხოვრობს ირანის მთელი მოსახლეობის 24% და 2-ჯერ მეტი, ვიდრე საკუთრივ აზერბაიჯანში.



ამ ექვსი ქვეყნიდან მეტ-ნაკლები დემოკრატია მხოლოდ საქართველოსა და სომხეთშია. ირანი თეოკრატიულია, რუსეთი და აზერბაიჯანი, როგორც მინიმუმ, ავტორიტარული, ბოლო პერიოდში ავტორიტარულ გზას დაადგა თურქეთიც. სხვა ფაქტორების გარდა ავტორიტარიზმი მმართველობის ფორმასა და ხანგრძლივობაშიც ადვილად იკითხება.

 


რუსეთს 2000 წლის იანვრიდან ვლადიმირ პუტინი ერთპიროვნულად მართავს (2008-2012 წლებში პრემიერის პოზიცია ეკავა, მაგრამ რეალურად გადაწყვეტილების მიმღებად თავად რჩებოდა).

 


რეჯეფ ტაიპ ერდოღანი თურქეთის პრემიერი 2003 წლის მარტში გახდა, 2014 წლის აგვისტოში კი პრეზიდენტი. 2014 წლამდე თურქეთში პირველ პირად პრემიერი ითვლებოდა, 2014 წლიდან კი პრეზიდენტი.

 


ილჰამ ალიევმა აზერბაიჯანის პრეზიდენტის პოსტი 2003 წლის ნოემბერში მამამისისგან გადაიბარა.

 


ირანში პრეზიდენტები უფრო ხშირად იცვლებიან 1997-2005 წლებში ქვეყანას მოჰამედ ხათამი მართავდა, 2005-2013 წლებში მაჰმუდ აჰმადი ნეჯადი, 2013-2021 წლებში ჰასან როუჰანი და 2021 წლის აგვისტოდან იბრაჰიმ რაისი, თუმცა იმავე აჰმადი-ნეჯადს 2021 წელს კიდევ ერთხელ საპრეზიდენტო კანდიდატად დარეგისტრირებაზე ადგილობრივმა სასულიერო პირებმა უთხრეს უარი.

 


რუსეთთან საქართველოს ბოლო 13 წელია დიპლომატიური ურთიერთობები აღარ აქვს, თუმცა 2021 პირველ სამ კვარტალში $1.145 მლრდ-იანი ბრუნვით რუსეთმა თურქეთის შემდეგ მეორე ადგილი დაიკავა. ის მეორეა როგოც ცალკე აღებულ იმპორტში თურქეთის შემდეგ, ასევე ექსპორტში ჩინეთის შემდეგ. რუსეთი პირველია ფულად გზავნილებშიც და მეორე ვიზიტორების რაოდენობით.

 


საქართველოში შემოსვლა ირანელ ვიზიტორებს უვიზოდ შეუძლიათ, თუმცა მასზე დაწესებული სანქციების გამო სავაჭრო ურთიერთობები ფერხდება. 2006 წელს, გაზსადენზე რუსული დივერსიის გამო საქართველომ ფორსმაჟორულ სიტუაციაში გაზი ირანისგან იყიდა. მაგრამ შემდეგ წელს უკვე პარტნიორად აზერბაიჯანი აირჩია.

 


ფაშინიანის ხელისუფლებაში მოსვლამდე სომხეთი გაეროს რეზოლუციის პროექტზე, რომელიც აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში დევნილთა დაბრუნებას ითვალისწინებს, საქართველოს წინააღმდეგ აძლევდა ხმას, 2018 წლის შემდეგ კი ან ხმის მიცემისგან იკავებს თავს, ან კენჭისყრაში მონაწილეობისგან.  

 


აზერბაიჯანთან და თურქეთთან საქართველოს მსხვილი ენერგეტიკული და სატრანსპორტო პროექტები: ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი, შაჰ-დენიზის გაზსადენი და ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა აკავშირებს. აზერბაიჯანი #1 ინვესტორია, თურქეთი #1 სავაჭრო პარტნიორი. ორივე ქვეყანა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მტკიცედ უჭერს მხარს. თურქეთი ასევე მხარს უჭერს საქართველოს ნატოში ინტეგრაციას. 2021 წლის 13 ოქტომბერს ყარსის ხელშეკრულებიდან 100 წელი გავიდა, რითაც მითებს იმის შესახებ, რომ ანკარა აჭარის ოკუპაციას მოახდენდა, წერტილი დაესვა. თურქეთი ასევე ერთადერთი სახელმწიფოა, რომელთანაც საზღვარი დადგენილია. დავით-გარეჯისა თუ ნამახვან ჰესის გარშემო არსებული უთანხმოება საქართველოსა და ამ ქვეყნებს შორის ბზარს ვერ აჩენს და პარტნიორული ურთიერთობები ამ დრომდე ნარჩუნდება.



3+3 ფორმატის ქვეყნებიდან საქართველოს ოთხთან კარგი ან ნორმალური ურთიერთობა აკავშირებს, დარჩენილი ერთი კი ოკუპანტია, მაგრამ ძნელი  საპროგნოზო არ არის, რომ მსგავსი ტიპის ფორმატებში გადამწყვეტი სიტყვა სწორედ იმ ერთს ექნება და ძნელი დასაჯერებელია, რომ ის გადაწყვეტილება საქართველოს სტრატეგიულ ინტერესებთან ახლოს იყოს.


გიორგი ელიზბარაშვილი






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up