“30 წლის განმავლობაში რუსეთმა საქართველოს 400 მილიარდი დოლარის ზარალი მიაყენა“

“30 წლის განმავლობაში რუსეთმა საქართველოს 400 მილიარდი დოლარის ზარალი მიაყენა“

access_time2019-07-15 18:00:45

რუსეთი არის მოცემულობა, მეზობელი, რასაც ვერ შევცვლით და უნდა ვისწავლოთ ამ მოცემულობით ცხოვრება, საქმიანობა და რისკებისთვის თავის არიდება. ის საქართველოს განიხილავს თავისი გეოპოლიტიკური გავლენის სფეროდ და ყოველთვის შეეცდება ფეხი დაუდოს ჩვენს დინამიკურ განვითარებას...


ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ზარალი, რომელიც საქართველოს რუსეთის მიერ ეკონომიკური სანქციების დაწესების შემთხვევაში შეიძლებოდა მიეღო, 4 მილიარდ ლარს გადააჭარბებდა და ამას თითოეული მოქალაქე საკუთარ თავზე იგრძნობდა. ქართველების პატივისცემის გამოო, თქვა პუტინმა და სახელმწიფო სათათბიროს მხარდაჭერილ სანქციებს ჯერჯერობით უარი უთხრა. ამ ამბავმა კიდევ ერთხელ, გველის ნაკბენივით შეგვახსენა საქართველოს ბიზნესის ახლო ურთიერთობები რუსეთის ბაზართან, რომლის ჩაკეტვითაც მაშინვე გვემუქრებიან, როცა ჩვენი პოლიტიკური პოზიციები არ მოსწონთ.


სოსო არჩვაძე, ეკონომიკის ექსპერტი: - რუსეთთან ურთიერთობების დროს უნდა გავითვალისწინოთ სამი ეგზისტენციალური გარემოება, მიუხედავად იმისა, გაგრძელდება თუ არა მასთან კონფრონტაცია თუ თანამშრომლობის რაიმე ფორმატი მოიძებნება. რუსეთი არის მოცემულობა, მეზობელი, რასაც ვერ შევცვლით და უნდა ვისწავლოთ ამ მოცემულობის გათვალისწინებით ცხოვრება, საქმიანობა და რისკებისთვის თავის არიდება. მეორე გარემოება - რუსეთს არ აწყობს ძლიერი, განვითარებული, დემოკრატიული, დამოუკიდებელი საქართველო. ის საქართველოს განიხილავს თავისი გეოპოლიტიკური გავლენის სფეროდ - უკანა ეზოდ - და ყოველთვის შეეცდება ფეხი დაუდოს ჩვენს დინამიკურ განვითარებას, ხელი შეუწყოს ცენტრიდანული ძალების წახალისებას. ნებისმიერ შემთხვევაში, პუტინი იქნება თუ სხვა ხელმძღვანელი, ეს რუსეთის ალგორითმია და ამ გარემოების გათვალისწინება აუცილებელია; და მესამეც - რუსეთში დიდია ირაციონალური და არაპროგნოზირებადი ფაქტორი. რუს ფილოსოფოსსა და მწერალ ნიკოლაი ბერდიაევს მიაწერენ ერთ ფრთიან ფრაზას, რომ რუსეთი ცხოვრობს თავის საზიანოდ და სხვა ხალხების ჯიბრზე. შესაბამისად, გაორმაგებული სიფრთხილით უნდა წარვმართოთ ნებისმიერი ურთიერთობა, პოლიტიკური, ეკონომიკური თუ ინსტიტუციური. სწორედ ამ სამი გარემოების გათვალისწინებით უნდა შევაფასოთ ჩვენი ურთიერთობა რუსეთთან.


ხატოვნად რომ აღვწეროთ, შეგვიძლია წარმოვიდგინოთ ექვსწახნაგიანი გეომეტრიული სხეული, რომლის საპირისპირო მხარეებში დგანან საქართველო და რუსეთი, ხოლო დანარჩენ ოთხ მხარეს კი ამ ქვეყნებს შორის არსებული ეკონომიკური ურთიერთობები: ვაჭრობა, ტურიზმი, ფულადი გზავნილები და ინვესტიციები. ბოლო მონაცემებით, ჩვენი ქვეყნის ექსპორტის დაახლოებით 15% და იმპორტის 10%-ზე ცოტა მეტი რუსეთზე მოდის. საინტერესო ტენდენცია იკვეთება ფულად გზავნილებში - გადმორიცხვებში რუსეთის წილი შაგრენის ტყავივით პატარავდება. იყო დრო, რუსეთიდან ფულადი გზავნილების წილი დაახლოებით 70% იყო, ბოლო მონაცემებით კი 25%-ზე ნაკლებია. საინტერესოა, რომ საქართველოდან უცხოეთში ფულადი გზავნილების 50% სწორედ რუსეთზე მოდის. 2015 წლის შემდეგ რუსეთის წილი საქართველოდან გაგზავნილ თანხებში უფრო მაღალია, ვიდრე იქიდან შემოსული ფული - ცხადია, პროცენტულად, და არა აბსოლუტურ მაჩვენებლებში, რუსეთიდან საქართველოში შემოსული თანხა უფრო მეტია.


რაც შეეხება ვაჭრობას, საკმაოდ ბევრი პოზიციით ვართ დამოკიდებული რუსეთზე და კარგი იქნებოდა, ეს დამოკიდებულება შედარებით მცირე ყოფილიყო. პირველ რიგში დავასახელებდი ხორბალს, რომლის 99% შარშან საქართველოში რუსეთიდან შემოვიდა. წლეულს ეს მაჩვენებელი ცოტა შემცირდა, მაგრამ მაინც საკმაოდ მაღალია - დაახლოებით 2/3. ნავთობპროდუქტების 30%-ზე მეტი რუსეთიდან შემოდის. ამიტომ ზოგი მიმართულებით ჩვენი დამოკიდებულება რუსეთთან საკმაოდ მოწყვლადია. იკვეთება ერთი საინტერესო რამ: წლების მიხედვით, საქართველოში შემოდის უფრო მეტი რუსული საქონელი, ვიდრე საქართველოდან გადის. საშუალოდ, საქართველოში დახარჯული ყოველი 100 დოლარიდან დაახლოებით 40 დოლარი რუსეთში გადის. გამოდის, რუსეთს საქართველოდან საკმაოდ დიდი თანხა გააქვს. 2012 წლის შემდეგ, ვიდრე მიმდინარე წლის ივნისის ამბებამდე, ჩვენი უარყოფითი სავაჭრო სალდო რუსეთთან, არც მეტი, არც ნაკლები, 3,2 მილიარდი დოლარია; ანუ რუსეთმა საქართველოსთან ვაჭრობის შედეგად სწორედ ამ მოცულობის თანხა გაიტანა.



გამოდის, ათასობით ჩვენი მოქალაქე რუსეთში მუშაობს, იქ ქმნის დოვლათს, საქართველოში გზავნის, მაგრამ იმის გამო, რომ რუსეთთან უარყოფითი სავაჭრო სალდო გვაქვს, მათი გამოგზავნილი თითქმის მთელი ფული უკან გადის. კიდევ ერთი მონაცემი მინდა გითხრათ: 2012-2019 წლებში ჩვენი მოქალაქეების მიერ რუსეთში (მათ შორის ვგულისხმობ როგორც ლეგალურად, ისე არალეგალურად დასაქმებულებს) შექმნილი ღირებულება ჯამში დაახლოებით იმდენია, რამდენიც ევროკავშირის წევრი კვიპროსის წლიური მთლიანი შიდა პროდუქტი; ანუ ჯამში ამ წლების განმავლობაში რუსეთში ჩვენმა თანამოქალაქეებმა დაახლოებით 21 მილიარდი დოლარის ოდენობის მთლიანი შიდა პროდუქტი შექმნეს. ამიტომ, როცა რუსეთი პრეტენზიებს გამოთქვამს და ბაზრის ჩაკეტვით გვემუქრება, როგორც ჟარგონზე იტყვიან, პონტს აგდებს, რადგან იცის, რომ მისი ეკონომიკური სარგებელი ამ ურთიერთობებით არანაკლებია, თუ მეტი არა, ვიდრე საქართველოს მიერ მიღებული.


- საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნების ხუთეულში რუსეთს პირველი ადგილი უკავია, რუსეთში გაგვაქვს ყველაზე დიდი რაოდენობით ღვინო. რატომ ვერ შევძელით ამ წლების განმავლობაში ქართული ღვინისთვის ბაზრების დივერსიფიცირება?



- საქართველოდან ექსპორტირებული ღვინის 62%-ზე მეტი რუსეთზე მოდის, ხოლო მინერალური წყლების - 48%. სამწუხაროდ, ჯერ ვერ შევძელით ღვინის ექსპორტში რუსეთის წილის არსებითად შემცირება, ქართული ღვინის მსოფლიო ბაზრებზე დამკვიდრება ნელი ტემპით მიმდინარეობს. შეგახსენებთ, რომ პირველი ემბარგოს დროს (იმედია, ეს პირველი და უკანასკნელი იქნება), რუსეთის წილად მთელი ჩვენი ღვინის ექსპორტის 87% მოდიოდა; ანუ ტენდენცია პოზიტიურია, მაგრამ აბსოლუტურად არადამაკმაყოფილებელი და კავალერიული შეტევით უნდა ვიზრუნოთ, რომ სხვა ბაზრებზე ფეხი მოვიკიდოთ. თვით რუსეთის ბაზარზე ქართული ღვინის წილი დაახლოებით 11%-ია. სულ რუსეთში სხვადასხვა ქვეყნიდან 1,1 მილიარდი დოლარის ღვინო შედის.


- მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საქართველოში რუსეთის ფედერაციიდან 74 ათასზე მეტი ვიზიტიორი შემოვიდა. როგორ ფიქრობთ, გახდება საჰაერო ფრენების შეზღუდვა შემაკავებელი ფაქტორი რუსი ტურისტებისთვის?


- ოფიციალური სტატისტიკით, რუსეთიდან შემოსულმა ტურისტებმა საქართველოში შარშან დაახლოებით 600 მილიონი დოლარი დახარჯეს. 2018 წლის დეკემბერში რუსეთის ვიცე-პრემიერმა ოლგა გოლოდეცმა განაცხადა, რუსები ბევრ თანხას ხარჯავენ საქართველოშიო და წამოჭრა ჩრდილოეთ კავკასიაში რამდენიმე ოთხსეზონიანი ტურისტული საკურორტო ზონის შექმნის საკითხი, რათა რუსმა ტურისტებმა ფული რუსეთშივე დახარჯონ. ეს განცხადება გაცილებით ადრე გაკეთდა, ვიდრე გავრილოვი ჩაჯდებოდა ჩვენი პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში. ასეთია რუსეთის პოლიტიკა საქართველოს მიმართ და საჰაერო ფრენების აკრძალვაც არ იყო გავრილოვის გაძევებით გამოწვეული იმპულსური გადაწყვეტილება.



მე კი რუს ანალიტიკოსებს შევთავაზებდი დაკვირვებას, რა პროცესები ვითარდება თურქეთში. საბჭოთა კავშირის დაშლის მომენტისთვის თურქეთის ეკონომიკა მაშინდელი რუსეთის მშპ-ის დაახლოებით 33% იყო. დღეს კი სწორედ რუსი და აღმოსავლეთევროპელი ტურისტების წყალობით თურქეთის ეკონომიკა, მისი ინფრასტრუქტურა, განსაკუთრებით კი ტურისტული სეგმენტი ისე განვითარდა, რომ თურქეთის ეკონომიკამ რუსეთის ეკონომიკის 63%-ს მიაღწია. 1 ტურისტი თურქეთში ხარჯავს საშუალოდ 1,5-ჯერ მეტ თანხას, ვიდრე საქართველოში. ამასთან, რუსეთიდან თურქეთში რვაჯერ მეტი ტურისტი ჩადის. ამ ფულით ხდება მათი გეოპოლიტიკური კონკურენტის მოძლიერება შავიზღვისპირეთში.


- მაშინ, როცა ოპოზიცია ხელისუფლებას რუსეთის მიმართ დათმობითი პოლიტიკის გამო აკრიტიკებს, ახლანდელ ოპოზიციას ახსენებენ, რომ ყველაზე მეტი რუსული კაპიტალი ქვეყანაში სწორედ წინა ხელისუფლების პერიოდში შემოვიდა. ახლა რამდენად ინტერესდება რუსული კაპიტალი საქართველოთი?- პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს არა აქვს მყარად ჩამოყალიბებული ტენდენცია და ეს მხოლოდ რუსეთს არ ეხება. ბოლო მონაცემებით, საქართველოში რუსეთიდან ინვესტიციები მთელი ინვესტიციების დაახლოებით 5%-ს შეადგენს. რაც შეეხება გასული საუკუნის მიწურულსა და მიმდინარის დასაწყისს, როცა საბაზრო ურთიერთობები არ იყო ნორმალურად განვითარებული, რუსული კაპიტალით ხელში აღმოჩნდა საქართველოში ენერგეტიკის სექტორისა თუ გადამმუშავებელი მრეწველობა. ის თანხა, რომელიც მათ ამ ობიექტების შესაძენად გადაიხადეს, არ შეესაბამება მათ რეალურ საბაზრო ღირებულებასა და იმ პოტენციალს, რაც ამ საწარმოებს აქვს. მათი რეალური ღირებულება 30-ჯერ მეტია, ვიდრე რუსების მიერ თავის დროზე გადახდილი თანხა.


- როცა და როგორც გამოსდის, რუსეთი ცდილობს ზიანი მიაყენოს საქართველოს, მის ეკონომიკას...


- ზარალი, რომელიც საქართველოს რუსული პოლიტიკის გამო დამოუკიდებლობის აღდგენიდან დღემდე მიადგა, დაახლოებით 400 მილიარდი დოლარის ფარგლებშია. ციფრი ციფრია, მაგრამ რომ წარმოვიდგინოთ, საქართველოს ეკონომიკა წუთში 27 ათას დოლარზე მეტს კარგავს; ანუ ჩვენ რუსეთის აგრესიული პოლიტიკის გამო, რომელიც ამ წლების განმავლობაში სხვადასხვა ფორმით ვლინდება, ვერ ვაწარმოებთ წუთში 27 ათას დოლარის ღირებულების პროდუქტს. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველოს ეკონომიკური ვარდნა გაცილებით დიდი იყო, ვიდრე ნებისმიერ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში. არადა, ვერავინ იტყვის, რომ ქართველებს სხვებზე ნაკლებად აქვთ ბიზნესის წარმოების უნარი. პირიქით, მთელი საბჭოთა კავშირი რომ დემონსტრაციებზე დადიოდა და ხოტბა-დიდებას ასხამდა კომუნიზმს, საქართველოში იატაკქვეშა წარმოება, ე.წ. ცეხავიკობა, საკმაოდ განვითარებული იყო. მიუხედავად ამისა, როცა საბაზრო ეკონომიკა ოფიციალურად გამოცხადდა, საქართველოს უმთავრესი ეკონომიკური მაჩვენებელი მკვეთრად დაეცა.ეს სწორედ რუსეთის პოლიტიკის შედეგია.



დღეს საქართველო, უკრაინა და მოლდოვა ეკონომიკური განვითარების დონით ჯერ კიდევ ვერ გავიდნენ 1989 წლის ეკონომიკურ მაჩვენებლებზე. არადა, ყველა სხვა პოსტსაბჭოთა რესპუბლიკამ ეს დონე დასძლია. სხვათა შორის, რუსი პოლიტიკოსები გულწრფელად აღიარებდნენ ქართველ კოლეგებთან საუბარში, ჩვენ იმაზე ვმუშაობთ, რომ თქვენ კარგად არ იცხოვროთო. თუ საქართველო განვითარდება, ეს იქნება ცუდი მაგალითი რუსეთის ფედერაციული წარმონაქმნებისთვის და მათაც გაუჩნდებათ დამოუკიდებლობის მოპოვების სურვილი.


რუსეთი ცდილობს, საქართველოსგან ბუა შექმნას და შეაშინოს ყველა, ვისაც დამოუკიდებლად ცხოვრება მოუნდება. ამ ყველაფერს ჩვენ უნდა დავუპირისპიროთ მეცნიერებაზე, პროგრესზე დაფუძნებული ეკონომიკა, რომ შევძლოთ ამ რთულ რეჟიმში, მიუხედავად კვანტის დადებისა, განვვითარდეთ და მივაღწიოთ ისეთ შედეგს, რომელსაც ჰქვია მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლება და საბოლოოდ ტერიტორიული გამთლიანება.



რუსეთს ახლა საქართველოსთან ჰიბრიდული ომის აქტიური ფაზა აქვს. იმედია, რუსეთის მუქარას არანაირი საერთო არ ექნება რეალობასთან, რომ ადამიანთა და ბიზნესის ინტერესები უფრო მაღლა დადგება, ვიდრე რუსი პოლიტიკოსების სურვილები, რომ ეკონომიკურად მათთან შედარებით სუსტი ქვეყანა კიდევ უფრო დაასუსტოს.


კვირის პალიტრა





ქართული არხები ხვალიდან, შესაძლოა, ფასიანი გახდეს

ქართული არხები ხვალიდან, შესაძლოა, ფასიანი გახდეს
access_time2021-07-31 13:04:25
ხვალიდან, ქართული არხები შესაძლოა, საკაბელო ტელევიზიებისთვის ფასიანი გახდეს. აღნიშნულის შესახებ საკაბელო ტელევიზიების კავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.   კავშირის ცნობით, 2021 წლის ივნისში მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულმა პირებმა მიიღეს შპს “მედია რაითს ჯორჯიას“ წერილი, ტელეარხების - „იმედი“, „ჯიდიეს tv“, „რუსთავი 2“, „პოს tv“, „tv პირველი“, „ფორმულა“, „მთავარი არხის“ ფასიანი ტრანზიტის ხელშეკრულებების გაფორმების მოთხოვნით.   კერძოდ,...

საქართველოს საფონდო ბირჟაზე 5 თვეა ნულოვანი ბრუნვა ფიქსირდება

საქართველოს საფონდო ბირჟაზე 5 თვეა ნულოვანი ბრუნვა ფიქსირდება
access_time2021-07-31 12:00:02
საქართველოს ისედაც თითქმის უმოქმედო საფონდო ბირჟა 2021 წელს მთლიანად გაჩერდა. თებერვლის შემდეგ 1 გარიგებაც კი არ შემდგარა. 7 თვის განმავლობაში კი ყველა გარიგების ჯამმა 2453 ლარი შეადგინა, რაც იმდენად ცოტაა, რომ შეიზლება 0-დაც ჩაითვალოს. 2021 წლის ივლისში საქართველოს საფონდო ბირჟის ვებგვერდზე ზოგადი ინფორმაციის ველში წერია, რომ 1-ლი ივლისის მდგომარეობით ბირჟაზე სულ 26 კომპანიის აქციები იყო განთავსებული, რომელთა კაპიტალიზაცია $754 მლრდ-ს აღწევდა, მაგრამ ივნისში დღიური...

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა
access_time2021-07-30 18:00:43
30 ივნისის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებაში 0.47 თეთრით 3.1244-მდე გაუფასურდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე კი დღის ბოლოს კურსმა 3.1100 შეადგინა. დოლარის მსგავსად ლარი ასევე გაუფასურდა ევროსთან 1.31 თეთრით 3.7174-მდე, ბრიტანლ ფუნტთან 1.28 თეთრით 4.3670-მდე, თურქულ ლირასთან 0.46 თეთრით 0.3713-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 0.67 თეთრით 1.8391-მდე, 100 რუსულ რუბლთან 1.88 თეთრით 4.2829-მდე. გამონაკლისი სომხური დრამი აღმოჩნდა 1000 დრამი 2.73 თეთრით 6.4197-მდე...

AstraZeneca-ს ვაქცინების გაყიდვიდან მიღებული შემოსავლები 1,17 მილიარდ დოლარს, Pfizer-ის კი ათჯერ მეტს აღწევს

AstraZeneca-ს ვაქცინების გაყიდვიდან მიღებული შემოსავლები 1,17 მილიარდ დოლარს, Pfizer-ის კი ათჯერ მეტს აღწევს
access_time2021-07-31 16:00:06
ბრიტანულ-შვედური ფარმაცევტული კომპანიის AstraZeneca-ს ვაქცინების გაყიდვებიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2021 წლის პირველ 6 თვეში 1,17 მილიარდი დოლარი შეადგინა. როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, ვაქცინების გაყიდვები მეორე კვარტალში მოსალოდნელზე მეტი აღმოჩნდა და 894 მილიონი დოლარი შეადგინა.   როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, კომპანიამ და მისმა პარტნიორებმა მიმდინარე წლის 6 თვეში 700 მილიონი დოზა ვაქცინის რეალიზება მოახდინეს მსოფლიოს 170 ქვეყანაში, მათ შორის 80 მილიონი დოზა...

იანვარ-ივნისში სამშენებლო ნებართვების რაოდენობა 4400-მდე გაიზარდა

იანვარ-ივნისში სამშენებლო ნებართვების რაოდენობა 4400-მდე გაიზარდა
access_time2021-07-31 14:00:49
ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2021 წლის იანვარ-ივნისში შენობა-ნაგებობის მშენებლობაზე 4400 ნებართვა გაიცა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5,5-ით მეტია.   საერთო ჯამში, ნებართვა გაიცა 2955,0 ათასი კვ.მ ფართზე. ეს მაჩვენებელი წინა წელს 14,7%-ით უსწრებს.   აღსანიშნავია, რომ ნებართვების 71,8% მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე. კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 47,3%- ქ. თბილისზე, 9% - ქვემო ქართლის რეგიონზე, 8,6% - იმერეთის...


მსგავსი სიახლეები

up