30 წელი დამოუკიდებლობის აღდგენიდან - პრივატიზაციიდან პრივატიზაციამდე

30 წელი დამოუკიდებლობის აღდგენიდან - პრივატიზაციიდან პრივატიზაციამდე

access_time2021-04-09 10:00:47

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 30 წელი გავიდა. სამ ათეულ წელიწადში ქვეყანამ პუტჩი, რუსეთთან 5 ომი, ტერიტორიების წართმევა, ეკონომიკური კოლაფსი, მასობრივი ემიგრაციის ხარჯზე მოსახლეობის მეოთხედით შემცირება გამოიარა. მიუხედავად იმისა, რომ 1995 წლიდან ეკონომიკამ აღდგენა დაიწყო და ოთხჯერ ორნიშნა ზრდაც დაფიქსირდა, სახელმწიფოს ტერიტორიაზე საერთაშორისო გაზსადენი და ნავთობსადენი გავიდა, ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობა და უვიზო მიმოსვლა ამოქმედდა, მოსახლეობის 14%-ზე მეტი დღემდე სოციალურ დახმარებას ღებულობს, 1 სულ მოსახლეზე შემოსავლით კი ქვეყანა ასეულს მიღმა რჩება.


თუ რუსეთის პირველი ანექსიის დროს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის პირველი ფაზა 31 წელი გაგრძელდა, მეორე ანექსიისას ყველაფერი 3 სელიწადში დასრულდა. 1924 წლის აჯანყების გაუგონარი სისატიკით ჩახშობის შემდეგ, 1 კვირაზე ნაკლებ დროში გაუსამართლებლად მოკლეს ან დახვრიტეს 12 000-ზე მეტი ადამიანი, ღია პროტესტს ვეღარავინ ბედავდა. გენერლები და სხვა სამხედრო მაღალჩინოსნები იქამდე დახვრიტეს, ძირითადად 1923 წელს, რაიმე ფორმით წინააღმდეგობის შესაძლო გაღვივება კი 1937 წელს დაასამარეს, როდესაც მწერლები, პოეტები, მეცნიერები, ინჟინრები, პირველ წმენდას გადარჩენილი აჭარის შემანარჩუნებელი გენერალი მაზნიაშვილი და თავად ძველი ბოლშევიკებიც კი სიცოცხლეს გამოასალმეს. მეორე მსოფლიო ომის დროს გაჩენილი წინააღმდეგობის კერის სამანის 17 წევრიც ორგანიზაციის ჩამოყალიბებიდან რამდენიმე თვეში ასევე დახვრიტეს, დანარჩენი წევრები კი სხვადასხვა ვადით გადაასახლეს. ასეთ, ერთი შეხედვით გამოუვალ სიტუაციაში, სტალინის სივდილისთანავე, 14 წლის სკოლის მოსწავლეებმა, იმ დროს ქვეყანაში ყველაზე პოპულარული მწერლის, კონსტანტინე გამსახურდიას ვაჟის, ზვიად გამსახურდიას თაოსნობით არალეგალური ორგანიზაცია „გორგასლიანი“ დააფუძნეს, რომლის მიზანიც, არც მეტი, არც ნაკლები საქართველოსთვის დამოუკიდებლობის მოპოვება იყო. მიზნის მიღწევას 38 წელი დასჭირდა. გამსახურდია მერაბ კოსტავასთან და სხვა თანამებრძოლებთან ერთად, ანტისაბჭოური პროკლამაციების გავრცელებისთვის, პირველად 17 წლის ასაკში დააკავეს, შემდეგ იყო სხვა პატიმრობა, დევნა, მწერალთა კავშირიდან გარიცხვა. 1987 წელს კი, მას შემდეგ რაც მერაბ კოსტავა გადასახლებიდან დაბრუნდა, საქართველოში ახალი ეროვნული მოძრაობა დაიწყო.


1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიის შემდეგ, მშვიდობიანმა პროტესტმა შეუქცევადი ხასიათი მიიღო. 1990 წლის 28 ოქტომბერს, პირველად 71 წლიანი იძულებითი პაუზის შემდეგ საქართველოში მრავალპარტიული არჩევნები ჩატარდა. „მრგვალი მაგიდა თავისუფალ საქართველოს“ ამომრჩეველთა 54%-მა დაუჭირა მხარი, კომუნისტურ პარტიას კი მხოლოდ 29.6%-მა, 1991 წლის აგვისტოში კომპარტიის აკრძალვასთან ერთად მათ ეს ადგილებიც დაკარგეს. არჩევნებიდან 5 თვის შემდეგ, 1991 წლის 31 მარტის დამოუკიდებლობის რეფერენდუმზე, ამომრჩეველთა აქტიობამ 90%-ს გადააჭარბა. ბიულეტინში ერთადერთი კითხვა იყო - „თანახმა ხართ თუ არა, აღდგეს, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე“? ამომრჩეველთა 99.08%-მა 3 295 493-მა ადამიანმა დადებითი პასუხი გასცა. 30 წლის წინ საქართველოს დამოუკიდებლობას მხარი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონშიც დაუჭირეს. აფხაზეთში პასუხი დიახ ამომრჩევლის 97.73%-მა გასცა.


31 მარტის რეფერენდუმის საფუძველზე, გამსახურდიამ რომელსაც უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის პოსტი ეკავა, 9 აპრილს დამოუკიდებლობა გამოაცხადა. იმავე წლის 26 მაისის საპრეზიდენტო არჩევნებზე გამსახურდიამ ხმათა 87% მოიპოვა. საქართველოში დღემდე ადამიანთა ნაწილი დამოუკიდებლობის დღედ 26 მაისს მიიჩნევს, მაშინ როცა კონსტიტუციის პირველი თავის, პირველი მუხლის პირველი ნაწილი ცალსახად აღიარებს 9 აპრილის უპირატესობას.


საერთაშორისო აღიარებამდე და ეკონომიკური აღმავლობის დაწყებამდე, ის რაც ბალტიის ქვეყნებში მოხდა, თითქოს ცოტა დრო რჩებოდა, რეალობა საპირისპირო აღმოჩნდა. საპრეზიდენტო არჩევნებიდან 7 თვეში, მოსკოვის დაფინანსებით, რუსული იარაღითა და ზოგ შემთხვევაში ცოცხალი ძალის მიხმარებით საქართველოში პუტჩი დაიწყო, რასაც ადამიანურ მსხვერპლთან ერთად, სულ რაღაც 4 წელიწადში ეკონომიკის 72%-იანი ვარდნა მოჰყვა.


გამართული აღრიცხვიანობის პერიოდშიც კი, დროის გრძელვადიან მონაკვეთში შემოსავლების შედარება უზუსტობებს იწვევს. უზუსტობა უფრო მეტი იქნება საქართველოს შემთხვევაში, საბჭოთა პერიოდისა და 90-იანი წლების სტატისტიკა, განსაკუთრებული სიზუსტით ვერ დაიკვეხნის. მონაცემთა ნაწილი საქსტატზე არც იძებნება, თუმცა მსოფლიო ბანკის ბაზები ამ პერიოდსაც მოიცავს, რომელიც გვეუბნება, რომ საბჭოთა საქართველოში, 1 სულ მოსახლეზე შემოსავალი, 2010 წლის მუდმივ ფასებში დათვლით, ყველაზე მაღალი 1985 წელს იყო - $4905 და ამ ზღვარის გადალახვა, მხოლოდ 34 წლის შემდეგ 2019 წელს მოხერხდა, როდესაც შემოსავლებამ $4980-ს მიაღწია. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ვარდნა დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ კი არა, დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე დაიწყო. 1990 წელს, შემოსავალი 1 სულ მოსახლეზე $3700-მდე შემცირდა, რაც 1985 წლის მონაცემებთან შედარებით 24.5%-ით ნაკლებია.


იმავე მსოფლიო ბანკზე დაყრდნობით ვგებულობთ, რომ 1966 წლიდან, 1986 წლამდე ეკონომიკა მუდმივად იზრდებიდა და 20 წლიან პერიოდში ჯამში 160%-ით გაიზარდა, თუმცა 1986 წელს 8.2%-იანი კლება დაფიქსირდა, 1988 წელს 7.2%-იანი, 1990 წელს კი უკვე 14.8%-იანი. 1991 წელს ვარდნამ 21.1%-ს მიაღწია, 1992 წელს 44.9%-ს, დამატებით 29.3%-ით შემცირდა 1993 წელს და შემდეგ კიდევ 10.4%-ით 1994 წელს. ამ დროს ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი $1011-მდე დაიკლო. გამოდის რომ 1986-1994 წლებში საქართველოში შემოსავალი 1 სულ მოსახლეზე 79.4%-ით, 1991-1994 წლებში 72.5%-ით და მათგან პუტჩის შემდეგ ბოლო 3 წელიწადში 65.1%-ით შემცირდა. სომხეთსა და აზერბაიჯანზე ინფორმაცია 1990 წლიდან მოიპოვება. სომხეთში 1991-1994 წლებში ეკონომიკა 46.8%-ით შემცირდა, აზერბაიჯანში - 55.3%-ით. შედარებისთვის გერმანიის ეკონომიკა 1939-1945 წლებში მხოლოდ 50%-ით შემცირდა.

საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ საბჭოთა საქართველოში მოსახლეობის უმრავლეობას ოფიციალურთან ერთად, არაოფიციალური შემოსავალიც გააჩნდა. ანუ რეალური დანაკარგი კიდევ უფრო დიდი იყო. თუ 2019 წელს ოფიციალურად საქართელომ 1985 წლის მაჩვენებელს 1 წლით მაგრამ მაინც 1.5%-ით გაუსწრო, აღურიცხავი შემოსავლების გათვალისწინებით, რაც ნამდვილად არსებობდა, ასეთი გასწრებაც არ ყოფილა და ბალტიის ქვეყნებისგან განსხვავებით დამოუკიდებელ საქართველოში რეალური შემოსავლები 1 სულ მოსახლეზე არასდროს ყოფილა 80-იანი წლების საბჭოთა საქართველოზე მეტი. ეს ინფორმაცია ბევრმა შეიძლება ქილიკით მიიღოს და ყველაფერი დამოუკიდებლობას ან საბაზრო ეკონომიკას დააბრალოს. მათი დამახინჯებული მსჯელობის გაბათილება არა მხოლოდ ბალტიის ქვეყნების, აზერბაიჯანის მაგალითის მოშველიებთაც შეიძლება თუ 2019 წელს საქართველოში შემოსავალი 1 სულ მოსახლეზე 1990 წელთან შედარებით 34%-ით მეტი იყო, აზერბაიჯანში იმავე პერიოდში მატებამ 85% შეადგინა.


რატომ არის მნიშვნელოვანი პროცენტების გათვალისწინება? საქართველო თუნდაც 1990 წლის მაჩვენებელს რომ დაბრუნებოდა საჭირო იყო უკვე არა 72.5%-იანი, არამედ 264%-იანი ზრდა, აზერბაიჯანისთვის კი 124%-იანი ზრდაც საკმარისი იქნებოდა, სომხეთისთვის - 88%-იანი. 90-იან წლებში 15-ვე რესპუბლიკაში ორნიშნა ვარდნა დაფიქსირდა, მაგრამ ვარდნის მასშტაბი საქართელოს მსგავსი არც ერთგან არ ყოფილა.


შეიძლებოდა თუ არა ვარდნის თავიდან აცილება და პროცესიდან უდანაკარგოდ გამოსვლა? არა! ერთდროულად ეკონომიკური ფორმაციაც შეიცვალა და სახელმწიფოებრივი სტატუსიც. საბჭოთა საქართველოს ეკონომიკა საბჭოთა კავშირზე იყო მორგებული და მის დაშლას შემდეგ მომენტალურად გასაღების ბაზრის გაქრობა მოჰყვა, რასაც თან წარმოებისთვის საჭირო ნედლეულის მიწოდების პრობლემაც დაერთო. ვარდნის აცილება ობიექტური მიზეზების გამო შეუძლებელი აღმოჩნდა, მაგრამ რომ არა რუსეთის აგრესია, რეცესია ბევრად მცირე იქნებოდა და აღდგენასაც ბევრად ნაკლები დრო დასჭირდებოდა.


საბაზრო ეკონომიკის მთავარ პრინციპს კერძო საკუთრება წარმოადგენს, რისთვისაც პრივატიზაცია იყო საჭირო. პროცესი 1991 წელს დაიწყო და სექტემბერში მაღაზია „გოლიათი“ აუქციონის წესით 500 000 მანეთად გაიყიდა. ეს შეიძლება პირველ შემთხვევადაც კი ჩაითვალოს მთელს პოსტსაბჭოთა სივრცეში. ბალტიის ქვეყნებმაც კი პრივატიზაცია 1992 წელს დაიწყეს. სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა ის ფაქტი, რომ ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის არსებობის პერიოდში, როდესაც საქართველო აღიარებული არ იყო, ქვეყანაში უცხოელი ინვესტორი არ შემოვიდოდა, ადგილობრივ მოსახლეობას კი ძველი ეკონომიკური წყობილების გამო დიდიფული არ გააჩნდა და ვისაც ჰქონდა მათი აბსოლუტური უმრავლესობა არა ე.წ. საქმოსანი არამედ ყოფილი რაიკომის მდივანი ან საბჭოთა მოხელე იყო და აჩქარებული პრივატიზაციის პირობებში, ჩნდებოდა საფრთხე რომ კვლავ მათ ხელში გადასულიყო, რაც პრინციპში მოხდა კიდეც 1992 წლიდან.


გარდა უშუალოდ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული უძრავი ქონებისა, ქვეყანას თავისი წილი ოქროსა და ვალუტის რეზერვისგანაც ერგებოდა, მას უნდა დარჩენოდა ასევე შეიარაღების ნაწილიც. 1991 წლის 15 სექტემბერს უზენაესმა საბჭომ მინისტრთა კაბინეტს სსრ კავშირის მმართველობის ორგანოებთან ამ ქონების მისაღებად მოლაპარაკების დაწყება დაავალა. კუთვნილი ქონებისგან საქართველომ თითქმის ვერაფერი მიიღო.


1993 წელს ელცინის რუსეთმა საქართველოს რუბლის მიწოდება შეუწყვიტა. დროებით ვალუტად 2.5 წლის მანძილზე კუპონი გაეშვა, რომელმაც გამოსვლისთანავე გაუფასურება დაიწყო. თუ 7 აგვისტოს 1 აშშ დოლარი ოფიციალურად 5690 კუპონი ღირდა, 7 ოქტომბერს, 17 068-ზე იყო ასული, 30 დეკემბერს 102 300-ზე, 1994 წლის სექტემბერში კი უკვე 2 400 000-ზე, რის გამოც 1 000 000 ნომინალის მქონე კუპონის დაბეჭვდა გახდა საჭირო. 1995 წლიდან ვარდნა შეჩერდა და ლარის მიმოქცევაში გაშვებამდე 8 თვის განმავლობაში 1.3 მლნ-ზე შენარჩუნდა. თავად ლარი 1995 წლის 2 ოქტომბრიდან გაეშვა. კურსი მარტივად დადგინდა - კუპონს 6 ნული ჩამოშორდა. კურსის შენარჩუნება ეროვნულმა ბანკმა 3 წლის მანძილზე მოახერხა.


ეკონომიკური ვარდნა 1994 წელს დასრულდა. 1995 წლიდან კი ზრდა დაიწყო. 26 წლის განმავლობაში 4-ჯერ ორნიშნა ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა: 1996 წელს - 11.2%-იანი, 1997 წელს 10.5%-იანი, 2003 წელს - 11%-იანი და 2007 წელს 12.6%-იანი. რეცესია კი ორჯერ: 2009 წელს -3.7% და 2020 წელ -6.2%.


დღეს 2021 წელს არ არსებობს თუნდაც მიახლოებითი სტატისტიკა იმის შესახებ თუ რამდენი ადამიანი დაიღუპა ადრეულ 90-იან წლებში შიმშილით, სიცივით, გულის შეტევით პურის რიგში ან იმაზე დარდით როგორ გამოეკვება შვილები, რამდენმა ადამიანმა დაასრულა სიცოცხლე თვითმკვლელობით, რამდენი ადამიანი მოკლეს ყაჩაღობისას. ამ კითხვებზე მხოლოდ განზოგადებული პასუხის გაცემა შეიძლება - ძალიან ბევრი, მაგრამ ზუსტად რამდენი ეს უკვე უცნობია.


შიშების მიუხედავად ლარს კუპონის ბედი არ სწევია, თუმცა არსებობის არასრული 26 წლის მანძილზე აშშ დოლართან მიმართებაში 163%-ით გაუფასურდა. მსყიდველობითუნარიანობა კი 4.47-ჯერ დაეცა. იმ პროდუქციისა და მომსახურების შესაძენად რისთვისაც 1995 წლის ოქტომბერში 100 ლარი საკმარისი იყო, 2021 წლის მარტში 447 ლარი გახდა საჭირო.


პირველი სერიოზული დარტყმა ლარმა 1998 წელს იგემა, როდესაც აზიის ფინასური კრიზისი და რუსეთის დეფოლტი შეეხო. სულ რაღაც 3 კვირაში - 19 ნოემბრიდან 10 დეკემბრამდე კურსი 49%-ით 1.44-დან 2.15-მდე გაუფასურდა.  1999 წელს კურსმა 2.4510-ს მიაღწია. რეკორდმა 17 წელს გაძლო.


2004 წლიდან ლარის გამყარებამ შეუქცევადი ხასიათი მიიღო. იმავე წელს 2.00-იან ნიშნუილს ჩამოსცდა, 2008 წლის ივლისში კი 1.3960-ზე დაფიქსირდა. უფრო მყარი ლარი XXI საუკუნეში არ ყოფილა. ომის შემდეგ ნოემბერში დოლარის ღირებულება 1.65-მდე გაიზარდა და 2013 წლის ბოლომდე თითქმის იმავე ნიშნულზე შენარჩუნდა, თუმცა 2010 წელს მოკლევადიან პერიოდსი ლარი 1.88-მდეც იყო გაუფასურებული.


2013 წლიდან ლარის თითქმის განუხრელი გაუფასურება იწყება, ყოველი წლის 31 დეკემბერს, 2017-ის გამოკლებით, კურსი უფრო მაღალი იყო ვიდრე 1-ელ იანვარს. 2015 წელს 11 წლიანი პაუზის შემდეგ დოლარის ღირებულება 2.00-იან ნიშნულს გადასცდა, 2016 წელ 2.45-ს რაც აბსოლუტური რეკორდი იყო. მას შემდეგ კიდევ ათეულობით რეკორდი მოიხსნა. 2020 წლის მარტში კი 3.00-იანი ნიშნულიც დაიძლია. მთლად 1999-ის მსგავსად 49%-ით არა, მაგრამ ასევე სამ კვირიან შუალედში ეროვნული ვალუტა 25%-ით 2.7748-დან 3.4842-მდე გაუფასურდა. 27 მარტს დაფიქსირებული ეს კურსი ჯერჯერობით რეკორდია.

განვითარებადი ქვეყნის ეკონომიკური წინსვლისთვის პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს სასიცოცხლო მნიშვნელობა ენიჭება. ინვესტიციებს ზომავენ როგორც აბსოლუტურ დოლარებში გამოხატულ რაოდენობაში, ასევე მის მშპ-სთან ფარდობაში. კიდევ ერთი საზომი ხარისხობრივი მაჩევენებელია, რამდენად შემოაქვს მას ახალი ცოდანა და ტექნოლოგიები, თუმცა ეს უკანასკნელი რთული დასათვლელია და სუბიექტურ დაშვებებს ეყრდნობა. საქსტატი საქართველოში პირდაპირ უცხოურ ინვესტიცეიბეს 1996 წლიდან აღრიცხავს. 1996-2020 წლებში საქართველოში შემოსული ინვესტიციების მოცულობამ $21.970 მლრდ-ს მიაღწია. ინვესტიციებმა მაქსიმუმ მშპსთან მიმართებაში 19%-ს 2007 წელს მიაღწია, თანხობრივად - $1.978 მლრდ-ს კი 2017 წელს. 2017 წლამდე აბსოლუტურ მაჩვენებელშიც 2007 წლის მონაცემი ლიდერობდა - $2.015 მლრდ, თუმცა შემდეგ სქასტატმა მეთოდოლოგია შეცვალა და ეს რიცხვი $1.765 მლრდ-მდე შეამცირა.


ჯამური ინვესტიციების 42.7% - $9.387 მლრდ ევროკავშირის ქვეყნებზე მოდის, 18.8% - $4.133 მლრდ - დსთ-ს ქვეყნებზე. ცალკეული ქვეყნებიდან კი $2.795 მლრდ-ით პირველ ადგილზე აზერბაიჯანია. $1.914 მლრდ-ით თურქეთი მეოთხე ადგილს იკავებს. $1.800 მლრდ-ით აშშ მეხუთე ადგილზეა. რაც შეეხება რუსეთს - $842 მლნ-ით მეშვიდე ადგილს სჯერდება. ჩინეთმა კი $693 მლნ-ით მეათე ადგილი დაიკავა.

  

ცალკეული სექტორების მიხედვით საქსტატი ინვესტიციებს 2007 წლიდან ითვლის. ამ პერიოდში ქვეყანაში შემოსული $18.524 მლრდ-დან პირველ ადგილს $4.027 მლრდ-ით ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა იკავებს, $2.532 მლრდ-ით მეორე ადგილზე საფინანსო სექტორია, სამეულს $2.417 მლრდ-ით ენერგეტიკა ასრულებს.


საქსტატი საგარეო ვაჭრობის შესახებ ინფორმაციას 1995 წლიდან აწღერს. 26 წლის განმავლობაში ბრუნვამ 26 წლის განმავლობაში ბრუნვამ $156.2 მლრდ შეადგინა, საიდანაც ექსპორტი $38.4 მლრდ იყო, იმპორტი კი $117.8 მლრდ. მთელი ამ დროის მანძილზე არ ყოფილა შემთხვევა, ექსპორტს იმპორტისთვის გადაეჭარბებინოს. ჯამურმა დაფიციტმა $79.4 მლრდ შეადგინა. უარყოფითმა სავაჭრო სალდომ - 50.8%.


ექსპორტმა დსთ-ს ქვეყნებში, მასში იგულისხმება უკრაინაც, $17.9 მლრდ შეადგინა, ევროკავშირის 27 ქვეყანასთან კი, მასში შედის 2004, 2007 და 2013 წლებში გაფართოებების შედეგად დამატებული ქვეყნები, მაგრამ არა ბრიტანეთი, $7.8 მლრდ. ცალკე აღებული ქვეყნებიდან $5.568 მლრდ-ით პირველ ადგილზე აზერბაიჯანია, $3.720 მლრდ-ით მეორე ადგილს რუსეთი იკავებს, $3.681 მლრდ-ით სამეულს თურქეთი ასრულებს. ჯამში $1 მლრდ-ზე მეტი ექსპორტი გავიდა ასევე სომხეთში, ბულგარეთში, უკრაინაში, აშშ-ში, ჩინეთსა და კანადაში.

1995-1999 წლებში საექსპორტო პროდუქციაში ჯამურად $89 მლნ-ით ფეროშენადნობი ლიდერობდა, $60 მლნ-ით მეორე ადგილს ჩაი იკავებდა, $58 მლნ-ით სამეულს ნავთობი ასრულებდა. $50 მლნ-ით მეექვსე ადგილზე იყო ღვინო და $40 მლნ-ით მეშვიდეზე ელექტროენერგია. 2000-2020 წლებში პირველ ადგილზე $4.983 მლრდ-ით მსუბუქი ავტომობილები გავიდა, $3.975 მლრდ-ით მეორე ადგილი სპილენძი მადნებმა დაიკავა, $3.711 მლრდ-ს გადააჭარბა ფეროშენადნობების ექსპორტმაც. ღვინის ექსპორტმა $1.886 მლრდ-ს მიაღწია და მეოთხე ადგილი დაიკავა. $1.667 მლრდ-ით მეხუთე ადგილზე თხილი გავიდა.


იმპორტის მხრივ თუქეთი უპირობო ლიდერია. 1995-2020 წლებში საქართველომ თურქეთიდან $19.684 მლრდ-ის პროდუქცია შემოიტანა. 90-იან და ადრეულ 2000-იან წლებში რამდენჯერმე პირველ ადგილზე რუსეთიც გავიდა, რომელმაც საბოლოო ჯამში $10.682 მლრდ-ით მეორე ადგილი დაიკავა. ექსპორტში პირველ ადგილზე მყოფი აზერბაიჯანი კი იმპორტში $9.165 მლრდ-ით მესამე პოზიციას იკავებს. 2000-2020 წელსბსი საქართველომ $11.720 მლრდ-ის ღირებულების ნავთობის, $9.383 მლრდ-ის მსუბუქი ავტომობილების, $4.644 მლრდ-ის ბუნებრივი გაზის, $4.241 მლრდ-ის სამკურნალო საშუალებებისა და $2.234 მლრდ-ის ხორბლის იმპორტი განახორციელა.


საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები გაფორმებული აქვს: ევროკავშირთან, ჩინეთთან და ჰონგკონგთან. პრაქტიკულად ნულოვანი ტარიფებით ვაჭრობს ასევე თურქეთთან, უკრაინასთან და დსთ-ს ქვეყნებთან. მოლაპარაკებები მიმდინარეობს კორეასთან და ინდოეთთან. ექსპორტში დიდი წილი მაინც ნედლეულსა და რეექსპორტს უკავია, რის გამოც ქვეყანაში დამატებითი ღირებულება ნაკლები იქმნება.


საქართველოში, როგორც ღარიბ ქვეყანაში ფულად გზავნილებს მნიშვნელოვანი როლი უკავია. გასულ წელს როცა ეკონომიკაში, ყველა მიმართულებით, ყველაფერი შემცირდა, მხოლოდ გზავნილები გაიზარდა. 1999-2020 წლებში საქართველოში უცხოეთიდან $19.772 მლრდ გადმოირიცხა. 2017-2019 წლებში ეკონომიკის დამოკიდებულება ფულად გზავნილებზე 9.7%-დან 12.7%-მდე გაიზარდა. 2020-ში მდგომარეობა გაუარესდა. 2006 წელს ფულად გზავნილებში რუსეთის წილის 65%-ს აჭარბებდა, 2020 წელს 20%-ს ჩამოსცდა, 2021 წლის იანვარ-თებერვალში კი მას იტალიამ გადაუსწრო. 2020 წელს ფულადი გზავნილების მოცულობამ, პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს 200%-ით გადუსწრო. წლის პირველი 2 თვის მონაცემებზე დაყრდნობითაც შეიზლება ითქვას, რომ ჯერჯერობით მხოლოდ გზავნილები იზრდება.


XXI საუკუნის მეორე დეკადაში ეკონომიკის ფორმირებაში ტურიზმმაც დაიწყო მონაწილეობის მიღება და მისმა წილმაც პანდემიამდე 11%-ს გადააჭარბა. თუ 2010 წელს საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა 2 მლნ-ს შეადგენდა, საიდან მხოლოდ 1 მლნ იყო ტურისტი, 2019 წელს მოგზაურთა რიცხვი - 9.360 მლნ-მდე, ტურისტების რაოდენობა კი 5.080 მლნ-მდე გაიზარდა. ყველა გათვლებით 2020 წელს საქართველოში შემოსულ საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობას რვანიშნა მაჩევენებლისთვის უნდა მიეღწია, რეალობაში კი მხოლოდ 1.747 მლნ შეადგინა, საიდანაც ტურისტი 1.087 მლნ იყო. ტურიზმიდან მისაღები $3 მლრდ-ც დაიკარგა და შემოსავალი $0.5 მლრდ-მდე შემცირდა. 2021 წლის პირველ კვარტალში ტურიზმის აღდგენის რაიმე ნიშანი ჯერჯერობით არ ჩანს.


1999-2017 წლებში საქართველოში 4 საერთასორისო მნიშვნელობის პროექტი განხორციელდა. პირველი ეს იყო ბაქო-სუფსის ნავთობსადენი საბჭოთა მილსადენის მოდერნიზებასა და ახალი სექციების დამატებას 2 წელი დასჭირდა. განახლებული მილსადენი ექსპუატაციაში 1999 წელს შევიდა. მისი დღიური გამტარუნარიანობა 145 ათას ბარელს შეადგენს.


ბევრად უფრო მნიშვნელოვან პროექტს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი შეადგენს. ხელშეკრულება 1998 წელს ანკარში გაფორმდა, მშენებლობა 2002 წელს დაიწყო და 2005 წელს დასრულდა, ექსპლუატაციასი კი 2005 წელს შევიდა. მშენებლობა $4 მლრდ დაჯდა. 1768 კმ სიგრძის მილსადენიდან საქართველოზე 249 კმ გადის. მისი დღიური გამტარუნარიანობა 1 მლნ ბარელს შეადგენს. 14 წლის განმავლობაში ნავთობსადენმა 455 მლნ ტონა, 3.41 მლრდ ბარელი ნავთობი გაატარა.


2007 წელს შაჰ-დენიზის გაზსადენის მშენებლობაც დასრულდა. თურქეთმა დამატებითი გაზი მიიღო, აზერბაიჯანმა შემოსავალი, საქართველო ბუნებრივი გაზის სექტორში რუსეთზე დამოკიდებულებისგან გათავისუფლდა. მისი საერთო სიგრძე 970 კილომეტრია და საქართველოზე 280 კმ გადის. შაჰ-დენიზი 2-ის დასრულების შემდეგ ტრანზიტული გაზის მოცულობა 9-დან 16 მლრდ მ 3-მდე გაიზარდა. მესამე ფაზის დასრულების შემდეგ, რაც 2030 წლისთვისაა ნავარაუდევი, საქართველოზე 28 მლრდ მ3 გაზი გაივლის, საიდანაც ქვეყანაში 1.4 მლრდ მ3 დარჩება.


2017 წლის ოქტომბერში, რამდეინიმეგზის გადადების შემდეგ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაც გაიხსნა. ჩინეთიდან ლონდონში რკინიგზით მოხვედრა საქართველოს გავლითაც შესაძლებელი გახდა. რკონიგზის ტვირთბრუნვის ამჟამინდელი პოტენციალი 6.5 მლნ ტონაა 17 მლნ ტონამდე ზრდის პერსპექტივით, თუმცა დატვირთვა ჯერჯერობით მინიმალურია და 2%-ს შეადგენს. პროქეტი 1 მლნ მგზავრის გადაყვანასაც ითვალისწიენებს, მაგრამ სამგზავრო მატარებელს ხაზზე ამ დრომდე არ გაუვლია.


კიდევ ერთი საუკუნის პროექტი ანაკლიის პორტი უნდა ყოფილიყო, რომლის მშენებლობაც 2017 წელს დაიწყო და 2019 წელს შეჩერდა. თავდაპირველი გეგმის მიხედვით პორტს 2020 წლის ბოლოს პირველი 10 000 კონტეინერიანი გემი უნდა მიეღო. ფოთისა და ბათუმის პორტები 15000 კონტეინერიანზე უფრო დიდ გემებს ვერ ემსახურებიან.


XXI საუკუნეში საქართველოში ეკონომიკა რეცესიაში 2-ჯერ შევიდა, პირველად ომის შემდეგ 2009 წელს, მაშინ მშპ 3.7%-ით შემცირდა. მეორედ 2020 წელს პანდემიისა და კოვიდრეგულაციების შედეგად, ვარდნა ამჯერად გაცილებით დიდი იყო და 6.2%-ს შეადგენდა და 2010 წლისგან განსხვავებით დამაიმედებელი არც 2021 წელია.


დამოუკიდებლობის აღდგენის 30 წლისთავს საქართველო ყოველგვარი სახმედრო აღლუმისა თუ რაიმე სახის საზეიმო ღონისძიების გარეშე კომენდანტის საათის პირობებში ხვდება. პრივარიზაცია,რომელიც 30 წლის წინ დაიწყო დღემდე არ დასრულებულა. ტყეები, სასოფლო სამეურნეო-მიწები, რკინიგზა, კვლავ სახელმწიფო საკუთრებაში რჩება. სახელმწიფო საწარმოთა დიდი ნაწილი წამგებიანია. ჯერჯერობით არ არსებობს იმის გარანტია შემოსავლები 1 სულ მოსახლეზე 2019 წლის დონეს 2022 წელს მაინც დაუბრუნდება თუ ვერა.


გიორგი ელიზბარაშვილი




სებ–მა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 0.5%–ით 10%–მდე გაზარდა

სებ–მა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 0.5%–ით 10%–მდე გაზარდა
access_time2021-08-04 12:22:42
საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 4 აგვისტოს სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთის 0.5 პროცენტული პუნქტით გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 10.0 პროცენტით განისაზღვრა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. სებ–ის ცნობით, ბოლო პერიოდში ინფლაცია გლობალური გამოწვევაა და ივლისის თვის ფასების ზრდის მონაცემმა არაერთ ქვეყანაში პროგნოზირებულს გადააჭარბა. საქართველოშიც ივლისის...

ლარი მცირედით გაუფასურდა

ლარი მცირედით გაუფასურდა
access_time2021-08-03 18:00:52
3 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 0.06 თეთრით 3.1048-მდე გაუფასურდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე კი დღის ბოლოს კურსი 3.1065-ზე დაფიქსირდა. დოლარის მსგავსად ლარი ასევე გაუფასურდა ევროსთან, 0.13 თეთრით 3.69.19-მდე, ბრიტანულ ფუნტთან 0.86 თეთრით 4.3247-მდე, თურქულ ლირასთან 0.17 თეთრით 0.3729-მდე, 100 რუსულ რუბლთან 0.55 თეთრით 4.2633-მდე, 1000 სომხურ დრამთან 2.92 თეთრით 6.3566-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან კი უმნიშვნელო 0.01 თეთრით 1.8265-მდე...

თემურ ჭყონია: გახარიას ბიზნესწრეებში ცუდი რეპუტაცია არ ჰქონია

თემურ ჭყონია: გახარიას ბიზნესწრეებში ცუდი რეპუტაცია არ ჰქონია
access_time2021-08-04 12:00:55
თემურ ჭყონია „ქართული ოცნების“ ლიდერის ირაკლი კობახიძის მიერ გიორგი გახარიას მეტსახელის („ბოლი“. რედ.) გასაჯაროებასთან დაკავშირებით ამბობს, რომ გუნდის შიგნით რა ხდება არ იცის, ხოლო გარეთ - ბიზნესმენთა წრეში, გახარიას ცუდი რეპუტაცია არ ჰქონდა.   „ნორმალური ბიზნეს-ომბუდსმენი იყო, არ მახსენდება შემთხვევები, ვინმეს რამე შეპირებოდა და არ შეესრულებინა. შეიძლება იყო ასეთი ფაქტები, მაგრამ ჩემთვის უცნობია. როგორც წესი, ბიზნესომბუდსმენი ხელისუფლების მიერ ინიშნება, მაგრამ მისი...

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი
access_time2021-08-03 21:00:09
დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი:   1. ბიზნესმენების აზრი – იყო თუ არა გახარია „ბოლი“ პრემიერი? ბიზნესმენი დავით ბეგიაშვილი: „ბიზნესს გიორგი გახარიამ ვერანაირი სარგებელი ვერ მოუტანა. ჯერ კიდევ ბიზნესომბუდსმენის პოსტზე, მას სექტორის სასარგებლად ფაქტობრივად არაფერი გაუკეთებია“.   2. ინფლაცია 10–წლიან...

კულუმბეგოვი შეზღუდვების, მათ შორის კომენდანტის საათის შემოღებას ითხოვს

კულუმბეგოვი შეზღუდვების, მათ შორის კომენდანტის საათის შემოღებას ითხოვს
access_time2021-08-03 16:00:25
ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი„ფეისბუქის“ პირად გვერდზე გარკვეული შეზღუდვების სასწრაფოდ დაწესების აუცილებლობაზე საუბრობს.   „კომერსანტი“ მის პოსტს უვლელად გთავაზობთ:   „სამედიცინო პირბადე ყველგან, KN95 პირბადე რისკის დაავადების პირებისთვის, ღამის გადაადგილების აკრძალვა, რესტორნები მხოლოდ ღია სივრცეში, 5 ადამიანზე მეტის შეკრების შეზღუდვა, მასიური ტესტირების და ვაქცინაციის ცენტრები...   შეზღუდვები უსწრაფესად ასამოქმედებელია,...


მსგავსი სიახლეები

up