უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ეკონომიკის ეტაპობრივი გახსნის ფარგლებში რამდენიმე შეზღუდვა მოისხნა. ამის შესახებ საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ილია დარჩიაშვილმა ისაუბრა.
საბჭოს გადაწყვეტილებით:
- ხვალიდან - 19 მარტიდან კვების ობიექტებში დასაშვები იქნება ცოცხალი მუსიკა;
- 1 აპრილიდან რეგულაციების დაცვით მუშაობის განახლების საშუალება საბავშვო გასართობ ცენტრებსა და კინოთეატრებს ექნებათ;
ამასთან საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით რიგ სპორტულ ღონისძიებებზე მაყურებლები შეზღუდული რაოდენობით დაიშვებიან, კერძოდ:
- 28 მარტს დაგეგმილია საქართველო - ესპანეთის საფეხბურთო მატჩზე მაყურებელთა დასწრება დისტანციის დაცვით და ყველა შესაბამისი ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების სტანდარტის დაცვით იქნება შესაძლებელი. სტადიონზე დაშვებული იქნება მაყურებელთა 30%.
- ასევე იმართება ძიუდოში გრანდ-სლემი, რომელზეც დაიშვება მაყურებელთა 30%.
ამ ეტაპზე კვლავ ძალაში რჩება ღამით გადაადგილების შეზღუდვა, რადგან ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ქმედითი ბერკეტი მობილობის შესამცირებლად. საბჭო აკვირდება ვითარებას და შემდგომ გადაწყვეტილებებს მიიღებს არსებული ეპიდემიოლოგიური სურათის ანალიზის საფუძველზე.