28 იანვარს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილების საკითხს განიხილავს. ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს დელეგაციამ ინიციატივას მხარი უკვე დაუჭირა.
„რა თქმა უნდა, ვაპირებთ, იგივე პოზიცია დავაფიქსიროთ ხვალინდელ სესიაზეც. გუშინ ჩვენ ვნახეთ რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელის განცხადება, რომელიც თვალნათლივ აჩვენებს საქართველოსა და პირველ რიგში, საერთაშორისო პარტნიორებს მათ დამოკიდებულებას, თუ როგორ უპასუხისმგებლოდ უდგებიან საერთაშორისო ინსტანციების გადაწყვეტილებებს. გიდასტურებთ, რომ საქართველოს პოზიცია, ამ საკითხთან დაკავშირებით, უცვლელია“ - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილების არცნობის საკითხი უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელმა, მარია მეზენცევამ დააყენა. მარია მეზენცევას თქმით, რუსეთი ადამიანის უფლებების უგულებელყოფას განაგრძობს, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. უფლებამოსილების გასაჩივრებას მხარი 38 დელეგატმა დაუჭირა. აღნიშნულ ინიციატივას მხარი საქართველოს დელეგაციამაც დაუჭირა.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტი 24 საათის განმავლობაში ანგარიშსა და შესაბამისი რეზოლუციის პროექტს მოამზადებს.
შეგახსენებთ, რომ ყირიმის ანექსიის გამო, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ 2014 წელს რუსეთს ხმის მიცემის უფლება ჩამოართვა.
imedinews.ge