ოლიმპიადის 2797–წლიანი ისტორია და საქართველოს შანსები ტოკიოს XXXII თამაშებზე

ოლიმპიადის 2797–წლიანი ისტორია და საქართველოს შანსები ტოკიოს XXXII თამაშებზე

access_time2021-07-23 10:00:33

უფრო სწრაფად, უფრო მაღლა, უფრო შორს - პირველი ოლიმპიური თამაშებიდან 2797 წლის შემდეგ, ათენიდან 9500 კმ-ის დაშორებით, ტოკიოში ოლიმპიური ჩირაღდანი ისევ აინთება.  23 ივლისიდან 8 აგვისტოს ჩათვლით მსოფლიო მედიის ყურადღება ამომავალი მზის ქვეყნისკენ იქნება მიმართული. საქართველოდან დაფნის გვირგვინის დადგმას 35 ათლეტი შეეცდება.


პირველი ოლიმპიური თამაშები ჩვვენს წელთარიცხვამდე 776 წელს ღმერთების ქალაქ ოლიმპში ჩატარდა. რომი ამ ისტორიული მომენტიდან 23 წლის შემდეგ დაარსდა, ნაბუქოდონოსორ II-მ იერუსალიმი 190 წლის შემდეგ აიღო, თერმოპილესთან 300 სპარტელი 296 წლის შემდეგ დაეცა, მაკედონელმა კი ინდოეთის მიმართულებით 450 წლის შემდეგ გაილაშქრა.


ანტიკურ პერიოდში, თამაშებში მონაწილეობის უფლება მხოლოდ თავისუფალ ბერძენ კაცებს ჰქონდათ, მონებს, უცხოელებსა და ქალებს ასპარეზობა ეკრძალებოდათ. ოლიმპიადა ღმერთებს ეძღვნებოდათ და 4 წელიწადში ერთხელ იმართებოდა. არსებობს მოსაზრება, რომ თამაშებისას ქალაქ-სეხელმწიფოებს შორის ომები წყდებოდა, რასაც ისტორიკოსთა დიდი ნაწილი დღეს უკვე ეჭვქვეშ აყენებს. იმ დროს მხოლოდ 1 გამარჯვებული არსებობდა, მეორე ადგილი ბოლო ადგილს ნიშნავდა. ოლიმპიური თამაშები, როგორც წარმართობის გადმონაშთი, იმპერატორმა თეოდოსიუსმა 394 წელს აკრძალა. 1 წლის შემდეგ ქალაქი ოლიმპი მიწასთან გასწორდა. 1170 წლის განმავლობაში, თამაშები სულ 292-ჯერ უნდა ჩატარებულიყო.



1502 წლიანი პაუზის შემდეგ, პირველი განახლებული ოლიმპიური თამაშები 1896 წელს ათენში, ფრანგი საზოგადო მოღვაწის, პიერ დე კუბერტენის ძალისხმევის შედეგად ჩატარდა.


1896 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში სულ 14 სახელმწიფო და 241 სპორტსმენი მონაწილეობდა. 9 სპორტის სახეობაში ჯამში მედლების 43 კომპლექტი გათამაშდა. შედარებისთვის, წლევანდელ ოლიმპიადაზე 206 სახელმწიფო - 14.7-ჯერ მეტი და 11 238 სპორტსმენი - 46.6-ჯერ მეტი მონაწილეობს. 7.9-ჯერ 339-მდეა გაზრდილი მედლების კომპლექტის რაოდენობაც.




პირველი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი 1952 წელს ჰელსინკის ოლიმპიადაზე, თავისუფალი სტილით მოჭიდავე დავით ციმაკურიძე გახდა. იმავე წელს ოქროს მედლები ძალოსნობაში (შტანგის აწევა) რაფელ ჩიმშიკიანმა და ტანმოვარჯიშე მზია ჯუღელმაც აიღეს. ქართველ სპორტსმენებს 1952 წლამდე ოლიმპიადაზე გამოსვლის საშუალება უბრალოდ არ მისცემიათ. რუსეთის იმპერია სპორტით დიდად დაინტერესებული არ ყოფილა. 1896-1912 წლებში 5 ოლიმპიადაზე რუსეთის იმპერიამ ჯამში მხოლოდ 1 ოქროს, 4 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედლის მოპოვება მოახერხა. 1916 წელს, ბერლინში დაგემლილი ოლიპმპიური თამაშები მსოფლიო ომის გამო არ ჩატარებულა. 1920 წელს სამოქალაქო ომში გახვეულ საბჭოთა რუსეთს ოლიმპიადისთვის არ ეცალა, შემდეგაც მიყოლებით 5 ოლიმპიადა გამოტოვა, კიდევ 2 ოლიმპიური თამაშები 1940 და 1944 წლებში მეორე მსოფლიო ომის მიზეზით ჩაიშალა. საბჭოთა პერიოდში ყველაზე მეტი - 5 ოლიმპიური ოქრო ქართველებმა 1988 წლის სეულის ოლიმპიურ თამაშებზე მოიპოვეს.


1992 წელს, საქართველო უკვე დამოუკიდებელი სახელმწიფო იყო. საბჭოთა კავშირიც აღარ არსებობდა, მაგრამ რადგან რესპუბლიკებს დამოუკიდებლობა სულ ამდენიმე თვის წინ ჰქონდათ მოპოვებული, მათ ცალ-ცალკე ლიცენზიების მიღება ვეღარ მოახერხეს და გაერთიენებული ერების სახელით წარსდგნენ. ლერი ხაბელოვი, დავით ხახალეიშვილი და კახი კახიაშვილი სამსობლოში ოქროს მედლებით დაბრუნდნენ.


ქვეყნისთვის მძიმე პერიოდში, 1996 წლის ატლანტის ოლიმპიადაზე საქართველომ მხოლოდ 2 ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლო და არაოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში 68-ე ადგილს დასჯერდა. 2000 წელს სიდნეის თამაშებზე ქვეყანამ ბრინჯაოს მედლების რაოდენობა 6-მდე გაზარდა, თუმცა ისევ 68-ე ადგილი დაიკავა.


2004 წლის 18 აგვისტოს, ათენის ოლიმპიურ თამაშებზე, ზურაბ ზვიადაურმა (ძიუდო 90 კგ წონითი კატეგორია) დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი ოლიმპიური ოქრო მოიპოვა. 3 დღის შემდეგ 21 აგვისტოს ოქროს მედლის მოპოვება გიორგი ასანიძემაც (ძალოსნობა, შტანგის აწევა, 85 კგ წონითი კატეგოროია) შეძლო. დღეს გიორგი ასანიძე ძალოსანთა ნაკრების მთავარი მწვრთნელია. ასევე პირველად ვერცხლის მედლებს ნესტორ ხერგიანი და რამაზ ნოზაძეც დაეუფლნენ. საქართველომ არაოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში 32-ე ადგილი დაიკავა.



საქართველოსთვის საუკეთესოდ დღემდე პეკინის 2008 წლის ოლიმპიადაზე დაფიქსირებული შედეგი ითვლება. იმ დროს, როდესაც რუსეთის ავიაცია ქართულ სოფლებსა და ქალაქებს ბომბავდა და რუსი მოროდიორები გორში უნიტაზებზე ნადირობდნენ, ქართველმა სპორტსმენებმა მსოფლიოს გასაგონად ეროვნული ჰიმნის გაჟღერება 3-ჯერ მოახერხეს. 13 აგვისტოს რამდენიმე საათიანი შუალედით ირაკლი ცირეკიძე (ძიუდო 90 კგ წონითი კატეგორია) და მანუჩარ კვირკველია (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, 74 კგ წონითი კატეგორია) ოლიმპიური ჩემპიონები გახდნენ. მათ რიგებს რამდემე დღეში რევაზ მინდორაშვილიც შეუერთდა (თავისუფალი სტილით ჭიდაობა, 84 კგ წონითი კატეგორია). იმავე ოლიმპიადაზე საქართველომ კიდევ 2 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედლის აღება მოახერხა. არაოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში კი საქართველომ 28-ე ადგილი დაიკავა.



2012 წელს, ლონდონის ოლიმპიადაზე გამარჯვება მხოლოდ ლაშა შავდათუაშვილმა შეძლო (ძიუდო 66 კგ წონითი კატეგორია). საქართველომ არაოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში მე-40 ადგილი დაიკავა.




ბოლო, 2016 წლის რიოს ოლიმპიურ თამაშებზე საქართველომ კიდევ 2 ოქროს მედალი აიღო. ჩემპონები ლაშა ტალახაძე (ძალოსნობა 105+ კგ წონითი კატეგორია) და ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (თავისუფალი სტილით ჭიდაობა, 57 კგ წონითი კატეგორია) გახდნენ.



დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ჯერ არავინ გამხდარა. ამის შანსი წელს ლაშა ტალახაძესა და ლაშა შავდათუაშვილს მიეცემათ. ვლადიმერ ხინჩეგაშვილს სალიცენზიო ტურნირამდე კოვიდი დაუდგინდა და ასპარეზობას გამოეთიშა, სხვა ოლიმპიურ ჩემპიონებს კი აქტიური სპორტისთვის თავი აქვთ განებებული. კიდევ ერთი შანსი ნინო სალუქვაძეს აქვს. გამარჯვების შემთხვევაში ის იქნება ერთადერთი ქართველი, რომელსაც ოლიმპიური ოქრო მოპოვებული ექნება როგორც საბჭოთა კავშირის, ასევე დამოუკიდებელი საქართველოს სახელით. ნინო სალუქვაძემ ოქროსა და ვერცხლის მედლები 1988 წლის სეულის თამაშებზე მიზანში სროლისთვის აიღო. იმავე დისციპლინაში 2008 წელს ბრიჯაოს მედლის მოპოვებაც მოახერხა.


2004 წელს საქართველოს შანსი ჰქონდა, რომ 5 ოლიმპიური ოქრო აეღო, გამარჯვება ბატუტზე მხტომელმა ანა დოღონაძემ გერმანიის, ძიუდოისტმა ჯარჯი ძვიადაურმა, იგივე ილიას ილიადისმა, საბერძნეთის და ძალოსანმა ალექსანდრ დოხტურიშვილმა უზბეკეთის სახელით აღნიშნეს.


ტოკიოს ოლიმპიადას, მიუხედავად იმისა რომ 2021 წელს ჩატარდება, მაინც 2020 წლის თამაშები დაერქმევა, ისევე როგორც ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატს. რეალობასაა აცდენილი ნუმერაციაც. სინამდვილეში  ეს ზაფხულის XXIX ოლიმპიური თამაშები იქნება და არა XXXII. აცდენა ჩაშლილი თამაშების ნუმერაციაში გათვალისწინებამ გამოიწვია.


125–წლიან ისტორიაში 2020-ის თამაშები პირველი არ არის, რომელიც სპორტულ ჩარჩოებს გასცდა. VI ოლიმპიური თამაშები 1916 წელს ბერლინში უნდა გამართულიყო, მაგრამ პირველი მსოფლიო ომის გამო ჩაიშალა.


20 წლის შემდეგ, 1936 წელს, ბერლინში XI ოლიმპიური თამაშები მაინც გაიმართა. იმ დროისთვის უკვე მიღებულია ნიუნბერგის კანონები, რომელიც ებრაელებს მთელ რიგ უფლებებს ართმევდა, ჩავლილია „გრძელი დანების ღამე,“ ნაციონალ-სოციალისტურის გარდა ყველა სხვა პარტია აკრძალულია, თუმცა ჯერ ჰოლოკოსტი დაწყებული არ არის და არც რაიხის არმიას აქვს გადაკვეთილის სხვა ქვეყნის საზღვარი. ოლიმპიურმა კომიტეტმა თამაშების ბერლინში ჩატარების გადაწყვეტილება 1931 წლის მაისში, ჰიტლერის ხელისუფლებაში მოსვლამდე თითქმის 2 წლით ადრე მიიღო.


ფიურერმა ოლიმპიადა პროპაგანდისთვის შესანიშნავად გამოიყენა. თამაშების დროს რეპრესიები შესუსტდა. მოგვიანებით აფროამერიკელი სპორტსმენები დაწერენ, რომ მათ დიქტატურის ნასახიც ვერ ნახეს ქვეყანაში, სადაც ფერადკანიანსა და თეთრკანიანს კაფეში ერთად ჯდომა შეეძლოთ (კაფის მეპატრონეები შეხედულებებს თავად ჰიტლერი არ იზიარებდა, რომელმაც 4 ოქროს მედლის მფლობელ ფერადკანიან ამერიკელ ჯესი ოუენსს გამარჯვების შემდეგ ხელი არ ჩამოართვა). სეგრეგაციის კანონებმა აშშ-ში კიდევ მეოთხედი საუკუნე იარსება. გერმანიამ საბოლოოდ 33 ოქროს მედლის მოპოვება შეძლო (სულ 129 კომპლექტი თამაშდებოდა) და არაოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა.


როდესაც 1936 წელს ტოკიო მორიგი ოლიმპიური თამაშების მასპინძელ ქალაქდ შეარჩიეს, იაპონიას მანჯურია უკვე ოკუპირებული ჰქონდა. 1 წლის შემდეგ იაპონიასა და ჩინეთს შორის სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. იაპონელმა დეპუტატებმა პირველად სწორედ მაშინ მოითხოვეს ოლიმპიადის გადადება. პოლიტიკოსებისა და სამხედროების მოთხოვნით, ტოკიომ თამაშების მასპინძლობაზე ოფიციალურად უარი 1938 წლის 16 ივლისს განაცხადა. ტოკიოს არნიშნული გადაწყვეტილება ოლიმპიადის ჩაშლის მიზეზი არ გამხდარა, ახალ მასპიძელ ქალაქად ჰელსინკი დასახელდა, რომელიც 2 წლით ადრე, შერჩევისას მეორე ადგილზე გავიდა. თამაშები 20 ივლისს უნდა დაწყებულიყო, მაგრამ 1 წლით ადრე, 1939 წლის 1-ელ სექტემბერს, თამაშების ნაცვლად მეორე მსოფლიო ომი დაიწყო, რამაც 70 მლნ ადამიანთან ერთად 2 ოლიმპიადაც შეიწირა. ლონდონმა მასპიძნლობა 1944-ის ნაცვლად მხოლოდ 1948 წელს მოახერხა. გერმანია და იაპონია ოლიმპიადაზე არ დაუშვეს, თუმცა იტალიას მაინც დართეს ასპარეზობის ნება.


ტრაგიკული აღმოჩნდა 1972 წლის მიუნხენის XX ოლიმპიური თამაშებიც. 5 სექტემბერს პალესტინელმა ტერორისტებმა დაჯგუფება „შავი სექტემბრიდან“ ოლიმპიურ სოფელში შეაღწიეს, ისრაელის გუნდის 2 სპორტსმენი ადგილზე მოკლეს 9 კი მძევლად იაყვანეს. ტერორისტები ისრაელის ციხეებიდან ასევე ტერორიზმში ბრალდებული პატიმრების გათავისუფლებას ითხოვდნენ. სპორტსმენების გათავისუფლების ოპერაციამ სრული ფიასკო განიცადა, დაიღუპა 9-ვე მძევალი. ასევე დაიღუპა 1 პოლიციელი და 5 ტერორისტი, დანარჩენებმა გაქცევა მოახერხეს, მათ საბოლოოდ მოსადი სათითაოდ გაუსწორდა.


1980 და 1984 წლების ოლიმპიადები მასობრივი ბოიკოტით გამოირჩეოდა. 1979 წლის 24 დეკემბერს საბჭოთა კავშირი ავღანეთში შეიჭრა, რასაც მოსკოვის ოლიმპიადის ბოიკოტი მოჰყვა. ბოიკოტს დასავლეთ ევროპის ქვეყნების უდიდესი ნაწილი, ავსტრალია, ასევე ჩრდილოეთ ამერიკისა და აზიის სახელმწიფოების ნაწილი შეუერთდა. ჯამში 70-ზე მეტი ქვეყანა. აშშ-ის არყოფნამ სსრკ-ს 204-დან 80 ოქროს მედლის აღება შეაძლებინა. ბოიკოტის მიუხედავად სპორტსმენებს ინდივიდუალურად მონაწილეობის მიღების უფლება ჰქონდათ. ამ ხერხით ევროპელმა ატლეტებმა 24 და ავსტრალიელებმა 2 ოქროს მედლის მოპოვება მოახერხეს.


1984 წელს საპასუხო ბოიკოტი სოციალისტური ბანაკის ქვეყნებმა გამოაცხადეს და სპორტსმენებს ინდივიდუალური მონაწილეობის მიღებაც აუკრძალეს. ჩაუშესკუს მმართველობის ქვეშ მყოფი რუმინეთი ერთადერთი აღმოჩნდა, რომელიც ბოიკოტს დემონსტრაციულად არ შეუერთდა. შეიძლება ითქვას, რომ არც უნანია. შედეგი გასაოცარი იყო - 20 ოლიმპიური ოქრო, რაც არაოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში მე-2 ადგილს ნიშნავდა. 226 შესაძლებლიდან 83 ოქროს მედალს კი აშშ დაეუფლა.


ბოლო სკანდალი ტოკიოს 2020 წლის თამაშებს უკავშირდება. ტოკიომ 1940 წელს ვერა, მაგრამ 1964 წლის თამაშებს ღირსეულად უმასპინძლა. იგივე ქალაქი მასპინძლად 2012 წელს შეირჩა. 2020 წლის 24 მარტს, საერთასორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა იაპონიის პრემიერთან შეთანხმებით, პანდემიის მიზეზით ოლიმპიური თამაშების 1 წლით გადადების გადაწყვეტილება მიიღო. გადაწყვეტილების მიღების მომენტში, მსოფლიო მასშტაბით კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა 580 ათასს, გარდაცვლილთა რიცხვი კი 19 600-ს შეადგენდა.


1964 წელს XVIII ოლიმპირ თამაშების გახსნას იაპონიამ სინკანსენის, იგივე „მატარებელი ტყვიის“ ექსპლუატაციაში შესვლა დაამთხვია. სიახლეები 2020-შიც იგეგმებოდა. მათი დიდი ნაწილი ახლაც შესრულდება, ოღონდ ნაკლები ყურადღება მიექცევა. სტადიონები, მთლიანად განახლებადი ენერგიის საშუალებით წარმოებული ელექტროენერგიით განათდება, თუმცა ტრიბუნები ცარიელი დარჩება. იმ მედლებს, რომლებსაც სპორტსმენები საკუთარი ხელით დაიკიდებენ, ძველი მობილური ტელეფონებისგან იქნება დამზადებული. მობილური სტანდარტულად 0.048 გრამ ოქროს, 0.26 გრამ ვერცხლსა და 12 გრამ სპილენძს შეიცავს.


ტოკიოში ტურისტებს გამართულად მომუშავე 5G ინტერნეტი და 8K გარჩევადობის ტელევიზიაც უნდა დახვედროდათ. ტექნოლოგიებით ახლა მხოლოდ დელეგაციის წევრები ისარგებლებენ.


ივნისში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე UEFA-მ ქვეყნებს სტადიონზე მაყურებლის დაშვების ნება დართო, ზოგიერთ ქალაქში ტრიბუნები გაივსო კიდეც. იაპონია უფრო მკაცრი აღმოჩნდა და ივლისში ეს საკითხი საბოლოოდ დახურა. თამაშები მთლიანად ცარიელ ტრიბუნებზე ჩატარდება. დაიშვებიან მხოლოდ ვირტუალური გულშემატკივრები.


საერთაშორისო ფედერაციების მიერ უსაფრთხოებისა და სხვა სტანარტების მოთხოვნების გამკაცრების გამო, სპორტული შეჯიბრებების მასპინძლობა მნიშვნელოვნად გაძვირდა, ის უკვე აღარაა მომგებიანი სფერო და მასზე ქვეყნები/ქალაქები მეტწილად სახელის გამო თანხმდებიან. ტურნირის 1 წლით გადადებისა და სხვა რეგულაციების გამო, ტოკიოს ხარჯები 22%-ით $15.4 მლრდ-მდე გაეზარდა. ამავე დროს ცარიელი ტრიბუნების გამო პოტენციური შემოსავალი მნიშვნელოვნად შეუმცირდა. გარდა იმისა, რომ იაპონია ბილეთებს ვერ გაყიდის, არც სასტუმროების დატვირთვა გაიზრება და არც სავაჭრო ცენტრების. მიუხედავად იმისა, რომ როგორც წესი მასპინძელი ქვეყანა საშუალოზე მეტ მედალს იღებს ხოლმე, სხვადასხვა გამოკითხვებით იაპონიაში მოსახლეობის დიდი ნაწილი, ზოგ შემთხვევაში ნახევარზე მეტი ბოლო დრომდე იპიდვითარების შესაძლო გაუარესების მიზეზით ოლიმპიადის გაუქმების მოხრე იყო.



კორონა 2020-ის ოლიმპიადაზე სკანდალის ერთადერთი მიზეზი არ ყოფილა. დოპინკის მასობრივი მოხმარების გამო 2019 წელს რუსეთი ასპარეზობიდან ჩახსნეს, თუმცა სპორტსმენებს ინდივიდუალურად გამოსვლის ნება დართეს. აკრძალულ პრეპარატებზე ბევრი ცდუნებულა, მათ შორის საქართველოდანაც. ქვეყანა ვალდებულია თავად გამოავლინოს და აღკვეთოს მსგავსი ფაქტები, რუსეთის ხელისუფლება კი პირიქით, არასპორტულ ქმედებას ახალისებდა. მისთვის რიოს ოლიმპიადაზე ძალოსნების ჩახსნა არასაკმარისი სანქცია აღმოჩნდა. უფრო მეტიც, ინდივიდუალური გამომსვლელებიდანაც კი მსგავსი ბრალდების გამო უკვე ჩაიხსნენ ნიჩბოსნები. კრემლის ქმედებები სავარაუდოდ „ყველაზე ძლიერად“ გამოჩენის მცდელობაა.


კითხვის ნისნები გააჩინ ოლიმპიადაზე ტრანსგენდერის დაშვებამაც. ნებისმიერი რეკორდი ძალოსნობაშიც და მძლეოსნობაშიც კაცის ქალისაზე უკეთესია. ასეთ ვითარებაში მიუხედავად იმისა, რომ სქესშეცვლილ ადამიანის ტესტოსტერონის დაბალი დონის დამკტიცება მოეთხოვება, სამართლიან კონკურენციასთან დაკავშირებით მაინც ჩნდება ბოლომდე პასუხგაუცემელი კითხვები.


სკანდალს ვერც საქართველო გადაურჩა. ჩოგბურთელმა ოქსანა კალაშნიკოვამ ლიცენზია ბოლო მომენტში მოიპოვა, მაგრამ განაცხადის დაგვიანებით წარდგენის გამო ასპარეზობას გამოეთიშა. მომხდარში ჩოგბურთის ფედერაციამ და ოლიმპიურმა კომიტეტმა ერთმანეთი დაადანაშაულეს.


გახსნის მომენტიდან დახურვის ცერემონიის ჩათვლით ქართველ მაყურებელს თამაშების ყურება საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით შეეძლება. ოლიმპიური თამაშების ტრანსლაცია საქართველოში პირველად 2004 წელს „იმედმა“ მოახდინა. ეს ის პერიოდია, როდესაც მოსახლეობის დიდი ნაწილს ისევ საბჭოთა დროინდელი ტელევიზორი ჰქონდა, რომელსაც ე.წ. დეციმეტრული ბლოკი არ ეყენა, რის გამოც „იმედს“ ვერ იჭერდა. 2008 წელს ტრანსლაცია პირველ არხზე უნდა მომხდარიყო, მაგრამ ოლიმპიადასთან ერთად ომიც დაიწყო. თამაშები მეორე არხმა გააშუქა, რასაც ასევე მოსახლეობის დიდი ნაწილი ვერ ღებულობდა. პირველ არხზე მხოლოდ ქართველი სპორტსმენების გამოსვლა გადიოდა. 2012 წლიდან კი ოლიმპიური თამაშების ყურება უკვე თითქმის ყველას შეუძლია.


ჯამურად ყველაზე მეტი - 1022 ოლიმპიური ოქრო შეერთებულ შტატებს აქვს, მეორე ადგილს 395 ოქროთი საბჭოთა კავშირი იკავებს, თავად რუსეთს - 149. იაპონიას - 142 ოქრო, საქართველოს კი ჯერჯერობით - 8. თუ სლოგანი - „უკეთ ვიდრე რიოში“ გამართლდა მაშინ ქართველმა ათლეტებმა მინიმუმ 3 ოქროს მედალი უნდა აიღონ. მსგავსი სლოგანი 2000 წლიდან მოყოლებული ყოველთვის მართლდებოდა, გამონაკლისი 2012 იყო. გამარჯვებული ოლიმპიელი სახელმწიფოსგან ჯილდოს სახით 1 მლნ ლარს მიიღებს.  


გიორგი ელიზბარაშვილი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up