კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს.
დღეს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა, თუმცა მიუხედავად ამისა 23 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი 1 თეთრით გაუფასურდა და ერთი აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2641 ლარი შეადგინა. დილიდან ვაჭრობა Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში $1/3.2522 ლარით დაიწყო, თუმცა 18:00 საათისთვის 1 დოლარი 3.2498-ის ნიშნულზე იყო.
თურქული ლირა მცირედით გაუფასურდა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან ვაჭრობა $1/7.6648 თურქული ლირით დაიწყო, 18:00 საათისთვის 1 დოლარი 7.6984-ის ნიშნულზე იყო.
სომხური დრამის კურსი თითქმის არ შეცვლილა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან ვაჭრობა $1/486.1000 დრამით დაიწყო, 18:00 საათისთვის 1 დოლარი 485.9100 -ის ნიშნულზე იყო.
აზერბაიჯანული მანათი ფიქსირებულ კურსს ინარჩუნებს. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან ვაჭრობა $1/1.6987 მანათით დაიწყო, 18:00 საათისთვის 1 დოლარი 1.6988-ის ნიშნულზე იყო.