23-24 ოქტომბერს, თბილისში საშემოდგომო ნობათის გარევაჭრობა გაიმართება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა.
„23-24 ოქტომბერს თბილისი უმასპინძლებს საშემოდგომო ნობათს, სოფლის მეურნეობის პროდუქციას საქართველოს ყველა კუთხიდან. ამისთვის გამოიყოფა სპეციალური ადგილები დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში. აღნიშნულ დღეებში გარევაჭრობა ნებადართული იქნება ჩუღურეთში, მეტროსადგურ მარჯანიშვილის მიმდებარე ტერიტორიაზე; სამგორში - ვიქტორ კუპრავას ქუჩის N10, ე.წ. სვანების ბაზრის ტერიტორია; გლდანში, ნოზაძის ქუჩაზე; დიდუბეში - სტანისლავსკის ქუჩაზე, („დიდუბე პლაზას“ მიმდებარე ტერიტორია); დიღმის მასივში - პაიჭაძის ქუჩა N1-ში (სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე); საბურთალოზე - სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე; ვაკეში - გეგეშიძის ბაღში“, - აღნიშნა კახა კალაძემ.