გერმანიის ბუნდესტაგმა მომავალი წლის დასაწყისიდან სატრანსპორტო მაგისტრალებზე სატვირთო მანქანების გადაადგილებისთვის გადასახადების ზრდას მხარი დაუჭირა.
შესაბამისად, გზებზე სატვირთო მანქანების საფასურის გაზრდის შესახებ ხანგრძლივი გაურკვევლობის შემდეგ, გერმანიის ხელისუფლებამ 2023 წლის 1 იანვრიდან გადასახადების გაზრდა გადაწყვიტა, რამაც ქვეყნის ხაზინას დამატებითი შემოსავალი უნდა მოუტანოს. ახალი ტარიფების წყალობით, საშუალო წლიური შემოსავალი 2023-დან 2027 წლამდე დაახლოებით 8,3 მილიარდი ევრო იქნება. გასულ წელს შემოსავალმა დაახლოებით 7,6 მილიარდი ევრო შეადგინა.
ქვეყნის ტრანსპორტის მინისტრის ვოლკერ ვისინგის თქმით, ეს გადაწყვეტილება სამართლიანია, რადგან ტვირთების უმეტესი ნაწილი გერმანიის გზებზე გადაადგილდება. გარდა ამისა, ევროკავშირის ახალი დირექტივა საშუალებას იძლევა ხმაურის და ჰაერის დაბინძურების გადასახადები საერთო გადასახადში იყოს ასახული.
„ფედერალურმა მთავრობამ გადაწყვიტა ამით ისარგებლოს. და ეს სამართლიანია“, - თქვა ვოლკერ ვისინგმა. მან ასევე დასძინა, რომ სატვირთო მანქანების ტარიფების კორექტირების შედეგი მგზავრობის ტარიფის ზომიერი ზრდაა.