2023 წელს სახელმწიფოს ერთიანი ბიუჯეტის უარყოფითი მთლიანი სალდო 2 301.0 მლნ ლარით განისაზღვრება, რაც პროგნოზირებული მთლიანი შიდა პროდუქტის 2.9%-ს შეადგენს (დადგენილი ზღვარი – მშპ-ის 3%).
„ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი ზღვრული პარამეტრების გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობის ვალის ზღვრული მოცულობა 2023 წლის ბოლოსთვის − მთლიანი შიდა პროდუქტის 38.9%-ით, ხოლო საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტების ფარგლებში აღებული ვალდებულებების მიმდინარე ღირებულების შეფასება (2022 წლის 1 იანვრის მდგომარეობით) − მშპ-ის 0.01%-ით განისაზღვრა, საბოლოოდ ჯამი მშპ-ის 38,91%-ია (დადგენილი ზღვარი – მშპ-ის 60%).
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს დეფიციტი კვლავ რჩება კანონით გათვალისწინებულ ზღვარზე (3%) მაღლა და 2022 წელს სახელმწიფოს ერთიანი ბიუჯეტის უარყოფითი მთლიანი სალდო შეადგენს 2 246 მლნ ლარს, რაც პროგნოზირებული მთლიანი შიდა პროდუქტის 3,1%-ია (თავდაპირველი გეგმით გათვალისწინებული იყო 4,2%) და კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, 2023 წელს უბრუნდება 3%-ზე დაბალ ნიშნულს, ხოლო საშუალოვადიანი პერიოდის ბოლოსათვის ჩამოცდება მშპ-ის 2.5%-ს.
რაც შეეხება ვალს, 2022 წლის ბოლოსთვის მოსალოდნელი საქართველოს მთავრობის ვალისთვის დადგენილი ზღვრული მოცულობა მშპ-ის 40,2%-ია, მათ შორის მთავრობის ვალი 39,5%, ხოლო საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტების ფარგლებში აღებული ვალდებულებების მიმდინარე ღირებულება (2022წლის 1 იანვრის მდგომარეობით), საორიენტაციო შეფასებით მშპ-ის 0.01%-ია.