„ჩვენი პროგნოზით, საშუალო წლიური ინფლაცია 5.2%-ის დონეზეა მოსალოდნელი 2023 წელს, ხოლო 3.8%-ს მიაღწევს 2024 წელს“, — ამის შესახებ Galt&Taggart-ში აცხადებენ.
საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის იანვარში სამომხმარებლო ფასების წლიური ინფლაცია 9.4%-მდე შენელდა, წინა თვის 9.8%-იანი დონიდან. ამასთან, საბაზო ინფლაცია, რომელიც კალათიდან გამორიცხავს სურსათის, ენერგომატარებლების და თამბაქოს ფასებს, 7.7%-მდე გაიზარდა (+1.0პპ თ/თ).
„2023 წლის იანვარში წლიური ინფლაციის ფორმირებაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებში: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები (+15.0%, 5.03პპ), საცხოვრებელი, წყალი, ელ. ენერგია, აირი (+13.1%, 1.38პპ), ტრანსპორტი (+5.2%, 0.63პპ), ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო (+8.7%, 0.58პპ), რესტორნები (+14.7%, 0.58პპ), ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა (+10.1%, 0.52პპ) და ჯანდაცვა (-3.2%, -0.33პპ). ამასთან, 2023 წლის იანვარში წინა თვესთან შედარებით ადგილი ჰქონდა 0.8%-იან ინფლაციას, რაზეც მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ფასების ზრდამ სურსათი და უალკოჰოლო სასმელები (+1.4% თ/თ, 0.46პპ) კატეგორიაში. ჩვენი პროგნოზით, საშუალო წლიური ინფლაცია 5.2%-ის დონეზეა მოსალოდნელი 2023 წელს, ხოლო 3.8%-ს მიაღწევს 2024 წელს“, — აცხადებენ Galt&Taggart-ში.
Galt&Taggart-ის პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკა 4.8%-ით გაიზრდება 2023 წელს, ხოლო 5.0%-ით 2024 წელს.