2022 წელს ეკონომიკის 10.2%-იან ზრდას და ერთნიშნა ინფლაციას პროგნოზირებს Galt & Taggart-ის ეკონომისტი, ლაშა ქავთარაძე. მისი თქმით, ტურიზმის აღდგენის ტენდენცია შეუწყობს ხელს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის ზრდას.
„განახლებული პროგნოზით, 10.2%-იან ზრდას ველოდებით მთლიანი წლისთვის. ის მოცემულობა, რაც მიმდინარე წელს გვაქვს, ეს არის მიგრაციის ეფექტი, აქედან გამომდინარე, მიმდინარე წელს 10.2%-იანი ზრდა მიღწევადია. საბაზისო სცენარი ითვალისწინებს იმას, რომ ტურიზმი მთლიანად აღდგება 2022 წელს 2019 წელთან შედარებით, ანუ გაგრძელდება ის აღდგენის ტენდენცია და 12 თვეში გავალთ 3.3 მილიარდზე. წლის ბოლომდე ქვეყანაში ფულადი გზავნილების მოცულობა 4 მლრდ დოლარს მიაღწევს.
გრძელდება ასევე ფულადი გზავნილების ტრენდი, რომელიც მოსალოდნელზე მაღალიც კი არის და ვფიქრობთ, ეს შემოსავლები მაღალი იქნება. ბიუჯეტის დეფიციტს რაც შეეხება, მეორე კვარტალში პროფიციტიც კი იყო. მიმდინარე ხარჯების ათვისება გავლენას მოახდენს მოკლევადიან ეკონომიკურ ზრდაზე და ეს ფაქტორები არის ის, რომლითაც გავდივართ 10.2%-იან ზრდაზე მიმდინარე წელს.
2023 წლის მოლოდინებზე საუბრისას კი ლაშა ქავთარაძე ამბობს, რომ ინფლაცია კვლავ გამოწვევად დარჩება, რადგანაც ის მიზნობრივ მაჩვენებელზე მაღალ დონეზეა ნაპროგნოზები.
„ინფლაციაზე ზეწოლის შესამცირებლად კარგი იქნება, თუ ბიუჯეტის დეფიციტი 2019 წლის ნიშნულზე ჩამოიწევა. ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი ერთ-ერთი კომპონენტია, რომელიც გავლენას ახდენს ინფლაციაზე. 2023 წლისთვის ბიუჯეტის დეფიციტი 3%-ზე ქვემოთაა და 2,8%-ის ფარგლებშია მშპ-ს მიმართ. ეს კარგია, მაგრამ თუ გვინდა, რომ წნეხი უფრო შემცირდეს და გაანეიტრალოს სხვა ფაქტორების ზეწოლა ინფლაციაზე, სასურველი იქნებოდა, რომ ბიუჯეტის დეფიციტი 2019 წლის ნიშნულზე, 2,1%-ზე იყოს, რაც ალბათ ვერ მოხერხდება“, — აღნიშნავს ლაშა ქავთარაძე.