2022 წელს აჭარა საერთაშორისო ვიზიტები 75%-ს დაიბრუნებს. თიბისი კაპიტალის გათვლებით, ზაფხულში საერთაშორისო ვიზიტების აღდგენა კიდევ უფრო ძლიერდება და 85%-ის ფარგლებში იქნება.
„თიბისი კაპიტალის პროგნოზი აჭარაში ტურიზმის სექტორის მიმართ დადებითია. ჩვენი მოლოდინით, 2022 წელს აჭარაში საერთაშორისო ვიზიტები 2019 წლის მაჩვენებლის 75%-ს მიაღწევს. ზაფხულის სეზონზე, ივნისში, ივლისსა და აგვისტოში, საერთაშორისო ვიზიტების აღდგენა კიდევ უფრო ძლიერი უნდა იყოს, 85%-ის ფარგლებში“, - აცხადებენ თიბისი კაპიტალში.
არსებული პროგნოზის თანახმად, აჭარაში 2022 წელს საშუალო დატვირთულობა სასტუმროებში 65%-ს მიაღწევს, ხოლო ზაფხულის სეზონზე 80%-ს ფარგლებში იქნება.
მოსალოდნელი საშუალო დღიური ფასი, ბრენდულ სასტუმროებში, ზაფხულის პერიოდში 130-140 აშშ დოლარია, ხოლო 2022 წლის საშუალო მაჩვენებელი $95 მიაღწევს.