პარლამენტმა ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების განხილვა დაიწყო. პროექტის თანახმად ქვეყნის მთავარი საფინასო დოკუმენტი ეკონომიკის 4.3%-იანი ზრდის ნაცვლად 7.7%-იან ზრდაზე გადაიგეგმება. შემოსულობები 1.175 მლრდ ლარით, ხოლო გადასახდელები 1.114 მლრდ ლარით იზრდება.
გაერთიანებულ კომიტეტებს ინფორმაცია ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ გააცნო. მისი განმარტებით, COVID-ის მართვის ნაწილში ჯანდაცვის ხარჯები 446 მლნ-ით იზრდება, სოფლის მეურნეობის ხელშეწყობისთვის დამატებით 177 მლნ ლარი, მუნიციპალური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის 220 მლნ, ხოლო ბავშვებისთვის გაორმაგებული სოციალური დახმარებებისთვის დამატებით 75 მლნ ლარი გამოიყოფა. სპორტისა და თავდაცვის სამინისტროების ბიუჯეტები 30-30 მლნ-ით და განათლების სამინისტროს დაფინანსება 40 მლნ-ით გაიზრდება.
2019 წლის სექტემბერში, ბიუჯეტის თავდაპირველი ვერსია მშპ-ის 5%-იან ზრდაზე იყო დაგეგმილი, მაგრამ მეორე ლოკდაუნის გამოცხადების შემდეგ, სავალუტო ფონდის რჩევით 4.3%-მდე შემცირდა. საბოლოოდ შემოსულობები 16.758 მლრჟ-ით, ხოლო გადასახდელები - 18.385 მლრდ-ით განისაზღვრა.
12–თვიანი ვარდნის შემდეგ, 2021 წლის მარტში ეკონომიკა 4%-ით გაიზარდა, აპრილში ზრდის ტემპმა 44%-ს, მაისში კი 25%-ს გადააჭარბა, რის შედეგადაც იანვარ-მაისში ზრდის ტემპმა 11.5%-ს მიაღწია. ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის მიზეზიც დაჩქარებული ეკონომიკური ზრდა გახდა. საკომიტეტო მოსმენების შემდეგ, ცვლილებს დასამტკიცებლად კენჭს 23 ივლისს რიგგარეშე სხდომაზე უყრიან.