2021 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოს სადაზღვევო სექტორის მიერ მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან 606,7 მილიონი ლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაცია, დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია მოცემული.
ამავე პერიოდის შედეგებით, მზღვეველების სადაზღვევო მოგებამ 131,2 მილიონი ლარი, წმინდა მოგებამ კი 31,9 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის 14%-ით შემცირებულია, აღსანიშნავია, რომ 2020 წლის 9 თვეში სადაზღვევო ბაზრის წმინდა მოგებამ 44.3 მილიონი ლარი შეადგინა.
სადაზღვევო კომპანიების აქტივების ჯამური მოცულობა კი 1,007.1 მილიონ ლარს, ხოლო კაპიტალი 309.1 მილიონ ლარს შეადგენდა. აღსანიშნავია, რომ 2020 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით კომპანიების აქტივები - 976.9 მილიონ ლარს, კაპიტალი კი 282.7 მილიონ ლარს შეადგენდა.
საქართველოს მოსახლეობის 17 პროცენტი სარგებლობს კერძო სამედიცინო დაზღვევით, ასევე საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების მხოლოდ 7 პროცენტია დაზღვეული. 2021 წლის 9 თვეში 640,695 სამედიცინო დაზღვევის პოლისი იყო მოქმედი. ავტოდაზღვევის კუთხით კი, 102,594 პოლისი იყო გაყიდული.
2021 წლის 9 თვის მონაცემებით, მოზიდული სადაზღვევო პრემიით ბაზარზე „ჯიპიაი“ (112.87 მლნ. ლარი) ლიდერობს, მას მოსდევს „ალდაგი“ (96.78 მლნ ლარი), მესამე ადგილზე „თიბისი“ (83.19 მლნ ლარი), მეოთხე ადგილზეა „იმედი L“ (61.54 მლნ ლარი), ხოლო მეხუთე ადგილს სადაზღვევო კომპანია „არდი“ (53.12 მლნ ლარი) იკავებს.
2021 წლის პირველ 9 თვეში ყველაზე დიდი მოცულობით ზარალი კომპანია „ჯიპიაიმ“ (69.94 მლნ ლარი) აანაზღაურა. ანაზღაურებული ზარალის მოცულობით მეორე ადგილზეა „ალდაგი“ (41.20 მლნ ლარი) მესამეზე კი „იმედი L“ (36.53 მლნ ლარი). მეოთხე ადგილს „თიბისი“ (36.01 მლნ ლარი) იკავებს, მეხუთეს კი „ირაო“ (32.72 მლნ ლარი).
2021 წლის 9 თვის განმავლობაში სამედიცინო (ჯანმრთელობის) დაზღვევის სახეობაში მოზიდული პრემიით ლიდრობს „ჯიპიაი ჰოლდინგი“ 70.24 მილიონი ლარით და ბაზრის 29% უჭირავს, შემდეგ მოდის სადაზღვევო კომპანია „იმედი L” - 51.89 მილიონი ლარით, მესამე ადგილს კი სადაზღვევო კომპანია „არდი“ იკავებს 37.66 მილიონი ლარით.
სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებების დაზღვევის სახეობაში მოზიდული პრემიით „თიბისი“ ლიდერობს 25.97 მლნ. ლარით, მას მთლიანი წილის 24% უკავია. მეორე ადგილზე „ალდაგია“ 24.25 მლნ ლარით, ხოლო მესამეზე კი „ჯიპიაი“ 16.30 მლნ ლარით.
ქონების დაზღვევის სახეობაში მოზიდულმა პრემიამ 101,1 მილიონი ლარი შეადგინა. დაზღვევის აღნიშნულ სახეობაში ლიდერი „ალდაგია“ 34.43 მლნ. ლარით და მასზე მოზიდული პრემიის 34% მოდის. მეორე ადგილზეა „უნისონი“ 23.10 მლნ. ლარით, ხოლო მესამეზე „თიბისი“ 14.03 მლნ. ლარით.
სიცოცხლის დაზღვევის სახეობაში მოზიდულმა პრემიამ სულ 45,5 მილიონი ლარი შეადგინა. აღნიშნულ დაზღვევაში „თიბისი“ ლიდერობს - კომპანიამ 9 თვეში 22.93 მილიონი ლარი მიიზიდა და ბაზრის 50% დაიკავა. მეორე პოზიციაზე „ალდაგია“ – 12.36 მილიონი ლარით. მესამე ადგილზე კი „იმედი L“ 4.52 მილიონი ლარით.
სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის სახეობაში მოზიდულმა პრემიამ 24,1 მილიონი ლარი შეადგინა. ბაზრის ყველაზე დიდი წილი „ალდაგს“ უკავია - 10.69 მილიონი ლარით და მთლიანი ბაზრის 44%, მეორე ადგილზე „ჯიპიაი“ 4.69 მილიონი ლარით. მესამე პოზიციას „უნისონი“ 3.46 მილიონი ლარით.
2021 წლის 30 სექტემბრის მონაცემებით, სადაზღვევო ბაზარზე 18 კომპანია ოპერირებს, რომლებიც ფლობენ სიცოცხლის და არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიებს.