„საქსტატის“ მონაცემებით, 2020 წლის იანვარში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 0.7 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 6,4 პროცენტი შეადგინა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, იანვარში თამბაქოს გარეშე ინფლაციის მაჩვენებელმა წინა თვესთან შედარებით 0.6 პროცენტი შეადგინა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სახეზე გვაქვს სამომხმარებლო ფასების 5.9 პროცენტიანი ზრდა.
რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, ანუ ინფლაციას სამომხმარებლო კალათიდან სურსათი და უალკოჰოლო სასმელების; ენერგომატარებლების; ადმინისტრირებადი ტარიფების; ტრანსპორტის ცალკეული ტარიფების გამორიცხვით, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2020 წლის იანვარში გასული წლის იანვართან შედარებით 4.4 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 3.4 პროცენტით განისაზღვრა.
ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათის და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 2.3 პროცენტიანი მატება; ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო- ფასები გაიზარდა 1.8 პროცენტით; დასვენება, გართობა და კულტურა: ჯგუფში ფასები შემცირდა 4.5 პროცენტით.