2020 წლის I კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 11 063.8 მლნ. ლარს გაუტოლდა. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით მთლიანი შიდა პროდუქტის რეალურმა ზრდამ 2.2 პროცენტი შეადგინა, ხოლო დეფლატორი გაიზარდა 6.1 პროცენტით. ინფორმაციას „საქსტატი“ აქვეყნებს.
ზრდა აღინიშნებოდა შემდეგ დარგებში: ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები (13.5 პროცენტი), ხელოვნება, გართობა და დასვენება (16.2 პროცენტი), დამამუშავებელი მრეწველობა (5.7 პროცენტი), მშენებლობა (6.7 პროცენტი), განათლება (7.5 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება (4.2 პროცენტი), ტრანსპორტი და დასაწყობება (4.7 პროცენტი), ინფორმაცია და კომუნიკაცია (7.6 პროცენტი), უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (1.6 პროცენტი).
კლება დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები (-13.1 პროცენტი), საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები (-6.1 პროცენტი), ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება (-6.6).
მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა ვაჭრობა (13.5 პროცენტი) და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (12.9 პროცენტი), შემდეგ პოზიციებს იკავებს დამამუშავებელი მრეწველობა (9.5 პროცენტი), სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (6.9 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა (6.7 პროცენტი), ტრანსპორტი და დასაწყობება (6.6 პროცენტი), მშენებლობა (6.6 პროცენტი), საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები (5.4 პროცენტი).
2020 წლის იანვარ-მაისში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 80.1 პროცენტი შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია: ჩინეთი (162.9 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (141.9 მლნ. აშშ დოლარი) და ბულგარეთი (136.6 მლნ. აშშ დოლარი).
2020 წლის იანვარ-მაისში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე სპილენძის მადნები და კონცენტრატები არის წარმოდგენილი 258.1 მლნ. აშშ დოლარით. აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 28.9 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა ფეროშენადნობები 108.8 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 12.2 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილს იკავებს ყურძნის ნატურალური ღვინოები 73.0 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 8.2 პროცენტი).