2020 წლის 6 თვის განმავლობაში საქართველოს სადაზღვევო სექტორის მიერ მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან 376,9 მილიონი ლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაცია, დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია მოცემული.
ამავე პერიოდის შედეგებით, მზღვეველების სადაზღვევო მოგებამ 89,5 მილიონი ლარი, წმინდა მოგებამ კი 29,2 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის 10 მლნ. ლარით მეტია. აღსანიშნავია, რომ 2019 წლის 6 თვეში სადაზღვევო ბაზრის წმინდა მოგებამ 19.6 მილიონი ლარი შეადგინა.
სადაზღვევო კომპანიების აქტივების ჯამური მოცულობა კი 976,4 მილიონ ლარს, ხოლო კაპიტალი 273,9 მილიონ ლარს შეადგენდა. აღსანიშნავია, რომ 2019 წლის 6 თვეში კომპანიების აქტივები - 952.7 მილიონ ლარს, კაპიტალი კი 231.3 მილიონ ლარს შეადგენდა.
საქართველოს მოსახლეობის 16 პროცენტი სარგებლობს კერძო სამედიცინო დაზღვევით, ასევე საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების მხოლოდ 7 პროცენტია დაზღვეული. 2020 წლის 6 თვეში 607,220 სამედიცინო დაზღვევის პოლისი იყო მოქმედი. ავტოდაზღვევის კუთხით კი, 92,753 პოლისი იყო გაყიდული.
2020 წლის 6 თვის მონაცემებით, მოზიდული სადაზღვევო პრემიით ბაზარზე „ჯიპიაი“ (78,464,531 ლარი) ლიდერობს, მას მოსდევს „ალდაგი“ (54,152,899 ლარი), მესამე ადგილზე „იმედი L“ (45,741,513 ლარი), მეოთხე ადგილზეა „თიბისი“ (44,285,719 ლარი), ხოლო მეხუთე ადგილს სადაზღვევო კომპანია „არდი“ (32,798,672 ლარი) იკავებს.
2020 წლის პირველ 6 თვეში ყველაზე დიდი მოცულობით ზარალი კომპანია „ჯიპიაიმ“ (26,844,484 ლარი) აანაზღაურა. ანაზღაურებული ზარალის მოცულობით მეორე ადგილზეა „იმედი L“ (22,626,617 ლარი) მესამეზე კი „არდი“ (14,200,926 ლარი). მეოთხე ადგილს „ალდაგი“ (13,398,379 ლარი) იკავებს, მეხუთეს კი „თიბისი“ (12,180,384 ლარი).
2020 წლის 6 თვის განმავლობაში სამედიცინო (ჯანმრთელობის) დაზღვევის სახეობაში მოზიდული პრემიით ლიდრობს „ჯიპიაი ჰოლდინგი“ 50.28 მილიონი ლარით და ბაზრის 29% უჭირავს, შემდეგ მოდის სადაზღვევო კომპანია „იმედი L” - 40,02 მილიონი ლარით, მესამე ადგილს კი სადაზღვევო კომპანია „არდი“ იკავებს 23,48 მილიონი ლარით.
სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებების დაზღვევის სახეობაში მოზიდული პრემიით „თიბისი“ ლიდერობს 12.24 მლნ. ლარით, მას მთლიანი წილის 21% უკავია. მეორე ადგილზე „ალდაგია“ 10.53 მლნ ლარით, ხოლო მესამეზე კი „ჯიპიაი“ 9,18 მლნ ლარით.
ქონების დაზღვევის სახეობაში მოზიდულმა პრემიამ 59 მილიონი ლარი შეადგინა. დაზღვევის აღნიშნულ სახეობაში ლიდერი „ალდაგია“ 20.88 მლნ. ლარით და მასზე მოზიდული პრემიის 35% მოდის. მეორე ადგილზეა „უნისონი“ 10.17 მლნ. ლარით, ხოლო მესამეზე „თიბისი“ 8.9 მლნ. ლარით.
სიცოცხლის დაზღვევის სახეობაში მოზიდულმა პრემიამ სულ 26,3 მილიონი ლარი შეადგინა. აღნიშნულ დაზღვევაში „თიბისი“ ლიდერობს - კომპანიამ 6 თვეში 12.56 მილიონი ლარი მიიზიდა და ბაზრის 48% დაიკავა. მეორე პოზიციაზე „ალდაგია“ – 6.61 მილიონი ლარით. მესამე ადგილზე კი „იმედი L“ – 3.18 მილიონი ლარით.
სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის სახეობაში მოზიდულმა პრემიამ 13.6 მილიონი ლარი შეადგინა. ბაზრის ყველაზე დიდი წილი „ალდაგს“ უკავია - 7.23 მილიონი ლარით და მთლიანი ბაზრის 53%, მეორე ადგილზე „ჯიპიაი ჰოლდინგი“ -1.82 მილიონი ლარით. მესამე პოზიციას „თიბისი დაზღვევაა“ 1.27 მილიონი ლარით.
2020 წლის 30 ივნისის მონაცემებით, სადაზღვევო ბაზარზე 18 კომპანია ოპერირებს. 17 მათგანი ფლობს სიცოცხლის და არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას, ხოლო ერთი მათგანი მხოლოდ არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას.