2021 წლის 6 თვის წინასწარი მონაცემების მიხედვით, ამ დროის განმავლობაში საქართველოს სადაზღვევო სექტორის მიერ მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან 448,6 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 19%-ით მეტია წინა წლის ამავე პერიოდის მონაცემებზე. ამის შესახებ ინფორმაცია, დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია მოცემული.
ამავე პერიოდის შედეგებით, მზღვეველების სადაზღვევო მოგებამ 83,1 მილიონი ლარი, წმინდა მოგებამ კი 17,7 მილიონი ლარი შეადგინა.
სადაზღვევო კომპანიების აქტივების ჯამური მოცულობა 1 034,2 მილიონ ლარს, ხოლო კაპიტალი 278,6 მილიონ ლარს შეადგენს.
დოკუმენტის მიხედვით ირკვევა, რომ კერძო სამედიცინო დაზღვევით საქართველოს მოსახლეობის 17 პროცენტი სარგებლობს, ასევე საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების მხოლოდ 7 პროცენტია დაზღვეული. 2021 წლის 6 თვეში 635 876 სამედიცინო დაზღვევის პოლისი იყო მოქმედი. ავტოდაზღვევის კუთხით კი, 98 594 პოლისი იყო გაყიდული.
სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებების დაზღვევის სახეობაში მოზიდული პრემიით „ალდაგი“ ლიდერობს 16.76 მლნ. ლარით, მას მთლიანი წილის 22 % უკავია. მეორე ადგილზე „თიბისი“ 16 მლნ ლარით, ხოლო მესამეზე კი ჯიპიაი 10.85 მლნ ლარით.
ქონების დაზღვევის სახეობაში მოზიდულმა პრემიამ 74,1 მილიონი ლარი შეადგინა. დაზღვევის აღნიშნულ სახეობაში ლიდერი „ალდაგია“ 26.87მლნ ლარით და მასზე მოზიდული პრემიის 36% მოდის. მეორე ადგილზეა „უნისონი“ 15.1 მლნ ლარით, ხოლო მესამეზე „თიბისი“ 8.6 მლნ ლარით.
სიცოცხლის დაზღვევის სახეობაში მოზიდულმა პრემიამ სულ 31,3 მილიონი ლარი შეადგინა. აღნიშნულ დაზღვევაში „თიბისი“ ლიდერობს - კომპანიამ 6 თვეში 15.35 მილიონი ლარი მოიზიდა და ბაზრის 49% დაიკავა. მეორე პოზიციაზე „ალდაგია“ – 8.13 მილიონი ლარით. მესამე ადგილზე კი „იმედი L“ – 3.80 მილიონი ლარით.
სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის სახეობაში მოზიდულმა პრემიამ 17,5 მილიონი ლარი შეადგინა. ბაზრის ყველაზე დიდი წილი „ალდაგს“ უკავია - 9.27 მილიონი ლარით და მთლიანი ბაზრის 53%, მეორე ადგილზეა „ჯიპიაი ჰოლდინგი“ - 2.82 მილიონი ლარით, ხოლო მესამეზე „უნისონი“ 2.14 მილიონი ლარით.
2021 წლის 30 ივნისის მდგომარეობით რეგისტრირებულია 18 სადაზღვევო კომპანია, რომლებიც ფლობენ სიცოცხლის და არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას.