საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2020 წლის დეკემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) კლებამ 7.9 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2020 წლის საშუალო რეალური ზრდა -6.1 პროცენტით განისაზღვრა.
ამის შესახებ „სტატისტიკის ეროვნული სამსახურის“ აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ამასთან, როგორც მან აღნიშნა, 2020 წლის დეკემბერში საქართველოს ეკონომიკა 7.9%-ით შემცირდა.
„დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა დეკლარირებული მონაცემების მიხედვით, 2020 წლის დეკემბერში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა 7.9%-ით შემცირდა. შესაბამისად, 12 თვის ვარდნის საშუალო მაჩვენებელი -6.1%-ია“, - აღნიშნა გოგიტა თოდრაძემ.
2020 წლის დეკემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით კლება შეინიშნებოდა შემდეგ საქმიანობებში: განთავსების საშუალებით უზრუნველყოფა, მშენებლობა, ხელოვნება, გართობა და დასვენება, დამამუშავებელი მრეწველობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი.
ზრდა დაფიქსირდა შემდეგ სფეროებში: საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, წყალმომარაგება, კანალიზაცია, ნარჩენების მართვა და დაბინძურებისაგან გასუფთავების საქმიანობები, ინფორმაცია და კომუნიკაცია, სამთომოპოვებითი მრეწველობა.