2019 წლის მნიშვნელოვანი ეკონომიკური მოვლენები

2019 წლის მნიშვნელოვანი ეკონომიკური მოვლენები

access_time2019-12-31 11:00:52

2019 წლის განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი ეკონომიკური მოვლენა მოხდა, რომელმაც ბევრი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. ქვეყნის ძირითად ეკონომიკურ მოვლენებს ხელისუფლება და ოპოზიცია თავიანთი გადასახედიდან აფასებს - პირველი მიღწეულით კმაყოფილია, მეორე მმართველ ძალას სწორედ ამ კმაყოფილების მიზეზის გამო აკრიტიკებს. „კომერსანტმა“ მოიძია ის მასშტაბური პროექტები და რეფორმები, რომლებსაც მთავრობის წარმომადგენლები განსაკუთრებული ინტერესით აანონსებდნენ, თუმცა კრიტიკის საგანი არაერთხელ გახდა.


საპენსიო რეფორმის ამოქმედება


2019 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდა ახალი საპენსიო რეფორმა. მოქალაქეებს, რომელთა ასაკიც 2018 წლის 6 აგვისტოს მდგომარეობით, 40 წელს აღემატებოდა, 2019 წლის 31 მაისამდე ჰქონდათ უფლება, დაეტოვებინათ სისტემა. 40 წლამდე მოქალაქეებს და მათ დამსაქმებლებს კი დაზოგვა სავალდებულო პრინციპით მოუწიათ.


აღნიშნული სქემით, დასაქმებული ფონდში რიცხავს ყოველთვიური, დაუბეგრავი ხელფასის 2%-ს. თავის მხრივ, დაუბეგრავი ხელფასის 2%-ს ფონდში იხდის დამსაქმებელი და ასევე დამატებით 2%-ს სახელმწიფო იხდის. ერთი სიტყვით, საპენსიო ფონდში, დასაქმებულის პერსონალურ საპენსიო ანგარიშზე ყოველთვიურად მისი მთლიანი ხელფასის 6% ჩაირიცხება. აღსანიშნავია, რომ დეკემბრის ბოლოსთვის საპენსიო სისტემაში დაგროვილმა შენატანებმა 491 მილიონ ლარს გადააჭარბა.


2019 წლის დეკემბრის დასაწყისში საპენსიო სააგენტოს დირექტორმა ლევან სურგულაძემ თანამდებობა დატოვა და განაცხადა, რომ ილოცებდა, რათა საპენსიო რეფორმა წარმატებით გაგრძელებულიყო.


გამკაცრებული საბანკო რეგულაციები


2019 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდა საქართველოს ეროვნული ბანკის დებულება „ფიზიკური პირის დაკრედიტების შესახებ“, რომლითაც სესხის გამცემ ყველა ორგანიზაციას მსესხებლის გადახდისუნარიანობის შეფასება დაევალა.


როგორც დეველოპერები და მშენებლები „კომერსანტთან“ საუბრისას განმარტავენ, სესხის აღების წესის გამკაცრებამ სამშენებლო სექტორზე უარყოფითი გავლენა იქონია და გაყიდვები შეამცირა. მათ აზრს იზიარებენ ტექნიკის კომპანიების წარმომადგენლებიც და ამბობენ, რომ ბოლო პერიოდში გაყიდვების მაჩვენებლები მართალია შედარებით დასტაბილურდა, თუმცა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ვითარება მაინც მძიმეა.


ამ ყველაფრის ფონზე, საქართველოს ეროვნული ბანკი 2020 წელს საბანკო რეგულაციების გამარტივებას გეგმავს. საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის მეხუთე მიმოხილვის დასრულების შემდეგ გამოქვეყებული დოკუმენტის მიხედვით, შესაბამისი ცვლილებები მომავალი წლის მარტამდე განხორციელდება.


ჯანდაცვის სფეროს კოლაფსი


520-ე დადგენილებამ ჯანდაცვის სფეროს კოლაფსი გამოიწვია. ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის მიერ გატარებული პირველივე რეფორმა, რომელიც კლინიკებს შორის ფასების გათანაბრებას გულისხმობდა, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების კრიტიკის საგანი გახდა.


რამდენიმე დღის წინ, 520-ე დადგენილებასთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტრო დათმობაზე წავიდა, როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებს განუცხადა, დეფიბრილატორის ფასს სახელმწიფო არა 520-ე დადგენილებით განსაზღვრული ტარიფით, არამედ კლინიკების მიერ წარმოდგენილი ფაქტობრივი დანახარჯებით დაადგენს.


თაბაქოს პროდუქციაზე  გაზრდილი ფასები



2019 წლის 21 ნოემბრიდან ე.წ. შესახვევ თამბაქოზე (თუთუნი) და თამბაქოს ნედლეულზე აქციზის გაზრდილი განაკვეთი ამოქმედდა. ეს ნიშნავს, რომ 1 კგ თამბაქოს ნაწარმი, დღეს მოქმედი 35 ლარის ნაცვლად, 60 ლარით იბეგრება. ცვლილება უფილტრო სიგარეტზე ადვალური გადასახადის 30%-მდე ზრდასაც ითვალისწინებს. ამ ცვლილების შედეგად თამბაქოს ნაწარმზე ფასები კვლავ მოიმატებს და ეს პროცესი უკვე დაწყებულია. თუთუნი, რომელიც 70 ლარი ღირდა (1 კგ), დღეს უკვე 110 ლარი ღირს.


ასევე, 21 ნოემბრიდან, აქციზური მარკირების გარეშე აიკრძალა ელექტრონული სიგარეტით მოხმარებისათვის განკუთვნილი სითხეების რეალიზაცია.


ბიზნესისთვის დღგ-უკან დაბრუნება


2019 წლიდან გადასახადის გადამხდელებს საშუალება მიეცათ, დღგ-ის დეკლარაციის საფუძველზე წარმოშობილი ზედმეტობა ავტომატურ რეჟიმში დაებრუნებინათ.  დღგ-ის ავტომატური დაბრუნება ითვალისწინებს დღგ-ის გადასახადისგან წარმოქმნილი ზედმეტობის ახალი და გამარტივებული სისტემით დაბრუნებას დეკლარაციის ჩაბარებისთანავე.


როგორც ფინანსთა სამინისტროში განმარტავდნენ, აღნიშნული ინიციატივა, თავისი მასშტაბიდან და შინაარსიდან გამომდინარე, წარმოადგენს უპრეცედენტო რეფორმას საგადასახადო სისტემაში. პროცესი სრულად ეფუძნება მოწინავე საგადასახადო ორგანოთა თანამედროვე გამოცდილებას და ეყრდნობა რისკზე დაფუძნებულ მეთოდოლოგიას.


ოქროს სიისგაუქმება


ფინანსთა მინისტრის ვანო მაჭავარიანის, გადაწყვეტილებით, კომპანიების ე.წ „ოქროს სია“ გაუქმდა, ბრძანებას 31 მაისს მოეწერა ხელი. ამ გადაწყვეტილებით, ბიზნესს იმპორტის გადასახადის გადასახდელად ვადა 30 დღის ნაცვლად 5 დღე გაუხდათ. ეს ცვლილებები აქციზური საქონლის მიმართ 12 ივნისს ამოქმედდება, ხოლო არააქციზურის მიმართ - 2 ივლისს. აღსანიშნავია, რომ ბიზნეს სექტორის წარმომადგენლების დიდი ნაწილი წლის ყველაზე ნეგატიურ მოვლენად სწორედ ამ ფაქტს ასახელებენ.


„ოქროს სია“ საქართველოში 2009 წლიდან მოქმედებდა და მასში გაწევრიანება მხოლოდ იმ კომპანიებს შეუძლიათ, რომლთა წლიური იმპორტი ან ექსპორტი 5 მლნ ლარს აღემატება. აღსანიშნავია, რომ „ოქროს სიის“ პრივილეგიებით 218 კომპანია სარგებლობდა.


რუსეთიდან ავიამიმოსვლის აკრძალვა


რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები 8 ივლისს ოფიციალურად შეწყდა. რუსეთის გადაწყვეტილებით, ქვეყნებს შორის პირდაპირ ფრენებს ექვსი რუსული და ორი ქართული ავიაკომპანია ასრულებდა. ფრენების შეწყვეტის შესახებ ბრძანება რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 21 ივნისს გამოსცა.


ეროვნული ბანკის გათვლებით, რუსეთის მიერ დაწესებული შეზღუდვების შედეგად, მიღებული დანაკლისი წლიურად დაახლოებით 200–300 მილიონი დოლარი იქნება, რაც დღეს მოქმედი კურსით, 560 მილიონი ლარიდან 840 მილიონ ლარამდეა. ამ მოცულობით დანაკლისს ვარაუდობენ საინვესტიციო ბანკებიც. რაც შეეხება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროგნოზს, მათი მონაცემებით, რუსი მოგზაურები საქართველოში წლიურად 2 მლრდ ლარამდე ხარჯავენ.


აზარტული თამაშების ბიზნესის კანონპროექტის ჩავარდნა


აზარტული თამაშები საქართველოსთვის მოუგვარებელ პრობლემად იქცა. რეგულაციების აუცილებლობაზეც თავად ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან საუბარი მუდმივად მიმდინარეობს. მომზადებული კანონპროექტი რამდენიმე წელია პარლამენტშია გაჭედილი და საბოლოოდ რეკლამის შესახებ კანონი ჩავარდა. კანონპროექტს 42 მომხრე და 2 წინააღმდეგი ჰყავდა, 81 დეპუტატი კი კენჭისყრას არ დაესწრო.


კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორი, „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი ლევან გოგიჩაიშვილი აცხადებს, რომ მმართველმა გუნდმა კანონპროექტი მიზანმიმართულად ჩააგდო. მისივე თქმით, სარეკლამო ბიზნესს პარლამენტში ლობისტები ჰყავს, ხელისუფლებასა და სარეკლამო კომპანიას შორის კორუფციული გარიგება შედგა.


100 საინვესტიციო პროექტის  შეთავაზება ბიზნესს


მასშტაბური საპრივატიზაციო პროექტი „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს” 2019 წლის ნოემბერში ამოქმედდა. ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს” კამპანიის ფარგლებში წარმოდგენილია ქვეყნის მასშტაბით არსებული საინვესტიციოდ მიმზიდველი უძრავი ქონების ნუსხა, თუმცა ეკონომიკის ექსპერტები მიიჩნევენ, რომ მთავრობა რეალურად მნიშვნელოვან ობიექტებს თავისთვის იტოვებს. ობიექტების ჯამური ღირებულება 150 მილიონი ლარია. მთავრობა ამ პროექტისგან ხალხის დასაქმებასა და 200 მილიონი ლარის ინვესტიციას ელის. საპრივატიზაციო ობიექტები 45-მდე ქალაქსა და მუნიციპალიტეტშია გაბნეული.


პროექტის პირველი ორი კვირის განმავლობაში 26 ისეთი ობიექტის პრივატიზება მოხდა, სადაც ჯამურმა ინვესტიციამ 41 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა.


ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემის ამოქმედება


1 აგვისტოდან თბილისში ზონალური პარკირების სისტემა ამოქმედდა. სიახლე პირველ ეტაპზე მხოლოდ კოტე აფხაზისა და მიმდებარე ქუჩებს შეეხოთ. ოქტომბრიდან ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ორბელიანის მოედანზეც ამოქმედდება. პარკინგის გადასახადი ერთი ლარია.


გარდა ამისა, თბილისისთვის შეიქმნა აპლიკაცია „თბილისი პარკინგი“ (Tbilisi Parking), რომელიც მოქალაქეებს ზონალურ-საათობრივი საპარკინგე ადგილების და სხვა დეტალების გარკვევას უმარტივებს.


ნინო თამაზაშვილი

 





დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-08-06 21:00:03
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1.მაია სიდამონიძე: უახლოესი ორი წლის განმავლობაში ტურიზმის სექტორი ჩვეულ რიტმს ვერ დაუბრუნდება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას ინფორმაციით, საქართველოში უცხოელი ტურისტები გამოჩნდნენ. როგორც მინისტრმა განაცხადა, საქართველოში შემოსული ავიარეისების ¾-ს სწორედ ქვეყნის...

პირველად ბოლო 6 წელში რკინიგზას სატვირთო გადაზიდვით შემოსავალი გაეზარდა

პირველად ბოლო 6 წელში რკინიგზას სატვირთო გადაზიდვით შემოსავალი გაეზარდა
access_time2020-08-06 17:40:00
პირველად ბოლო 6 წლის განმავლობაში საქართველოს რკინიგზას ტვირთის გადაზიდვით მიღებული შემოსავალი გაეზარდა. სატვირთო გადაზიდვები სახელმწიფო კომპანიის შემოსავლის ყველაზე დიდ ნაწილს აგენერირებს. 2019 წელს რკინიგზამ ამ გზით 109.4 მლნ დოლარი მიიღო, რაც წლიურად 14%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. შემოსავლის ზრდაზე დადებითი გავლენა იქონია როგორც მშრალი, ასევე თხევადი ტვირთების გადაზიდვებმა. ჯამში რკინიგზამ გასულ წელს 174.2 მლნ დოლარის შემოსავალი...

AIRBALTIC-მა თბილისის მიმართულებით რეგულარული ფრენები განაახლა

AIRBALTIC-მა თბილისის მიმართულებით რეგულარული ფრენები განაახლა
access_time2020-08-06 16:00:25
6 აგვისტოს, ლატვიურმა ავიაკომპანია airBaltic თბილისის მიმართულებით რეგულარული ფრენები განაახლა. ინფორმაციას თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია TAV Georgia ავრცელებს. რიგიდან თბილისში 126 მგზავრი ჩამოფრინდა, ხოლო თბილისიდან რიგის მიმართულებით 141 მგზავრი გაფრინდა. აეროპორტში მოსულ მგზავრებს, ტავის ბრენდირებული პირბადეები დაურიგდათ. 20 აგვისტომდე ფრენები კვირაში ერთი სიხშირით შესრულდება:✔️ რიგა - თბილისი | ყოველ...

პირველი ბრენდირებული ქართული ქვევრის ლუდი ამერიკისა და იაპონიის ბაზარზე

პირველი ბრენდირებული ქართული ქვევრის ლუდი ამერიკისა და იაპონიის ბაზარზე
access_time2020-08-06 16:30:15
ქვევრის ლუდის გამოჩენამ არამარტო ქართულ, არამედ საერთაშორისო ბაზარზე დიდი დაინტერესება გამოიწვია. როგორია დამზადების ტექნოლოგია, როგორ ხვდება ლუდი ქვევრში, რამდენად მაღალია მომხმარებლების დაინტერესება და რა პოზიცია უჭირავს ქვევრის ლუდს საერთაშორისო ბაზარზე – ამ დეტალების გასარკვევად „კომერსანტი“ მწარმოებელი კომპანიის Gotsa Wines-ის მფლობელს ბექა გოცაძეს დაუკავშირდა. „როგორც მეღვინეობაში მთავარი არის ყურძენი და ვენახი, ისე ლუდში მთავარია ალაოდა...

Die Welt: ამერიკა ეკონომიკურ კატასტროფას განიცდის

Die Welt: ამერიკა ეკონომიკურ კატასტროფას განიცდის
access_time2020-08-06 19:50:38
ბოლო თვეებში ამერიკა ეკონომიკურ კატასტროფას განიცდის, 5 წლიანი უწყვეტი ზრდის შედეგები მე-2 კვარტალში დაინგრა, როდესაც ქვეყნის მშპ, ინვესტიციების და შიდა მოხმარების ვარდნის გამო 9,5%-ით დაეცა. 2020 წლის მე-2 კვარტალი ეკონომიკური თვალსაზრისით, ბოლო 75 წლის მანძილზე ყველაზე საშინელი იყო. ამის კარგი მაგალითია ნიუ-იორკი, სადაც მარტის დასაწყისიდან 2800 საწარმო დაიხურა, ხოლო 240 000 მცირე ოჯახური კომპანიიდან (ყავახანები, სილამაზის სალონები, პატარა...


მსგავსი სიახლეები

up