2019 წელს საქართველოში წყალმომარაგებით საქმიანობას ახორციელებდა 24 საწარმო, რომელთა მიერ შინამეურნეობებისთვის მიწოდებული წყლის მოცულობამ 223.4 მილიონი კუბური მეტრი შეადგინა, რაც 0.7 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს. 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, წყალმომარაგების სისტემაზე მიერთებული იყო 2.52 მილიონი მოსახლე (67.7 %), რაც 2.8 პროცენტით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. ინფორმაციას „საქსტატი“ აქვეყნებს.
2019 წელს წყალარინების (კანალიზაციის) ქსელზე მიერთებული მოსახლეობის რიცხოვნობა წინა წელთან შედარებით 1.3 პროცენტით გაიზარდა და 1.83 მილიონი (49.4 %) შეადგინა, ხოლო ჩამდინარე წყლის გამწმენდ ნაგებობაზე მიერთებული მოსახლეობის რიცხოვნობა გაიზარდა 1.3 პროცენტით და 1.36 მილიონი (36.5 %) შეადგინა.