2019 წლის განმავლობაში საქართველოს სადაზღვევო სექტორის მიერ მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან 625 მილიონი ლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაცია, დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია მოცემული.
ამავე პერიოდის შედეგებით, მზღვეველების სადაზღვევო მოგებამ 157 მილიონი ლარი შეადგინა, ხოლო სადაზღვევო კომპანიების წმინდა მოგება თითქმის განახევრდა და 25 მილიონ ლარს გაუტოლდა. სადაზღვევო კომპანიების აქტივების ჯამური მოცულობა კი 799 მილიონ ლარს, ხოლო კაპიტალი 235 მილიონ ლარს შეადგენდა. აღსანიშნავია, რომ 2018 წელს კომპანიების წმინდა მოგება 42.19 მილიონ ლარს შეადგენდა, აქტივები - 743.22 მილიონ ლარს, კაპიტალი 221.64 მილიონ ლარს შეადგენდა.
აღნიშნული მონაცემების მიხედვით, ბაზრის ლიდერები მოზიდული პრემიის ოდენობით „ჯიპიაი ჰოლდინგი“, „ალდაგი“, „იმედი L“-ია, „TBC დაზღვევა“ და „არდი“.
საქართველოს მოსახლეობის 16 პროცენტი სარგებლობს კერძო სამედიცინო დაზღვევით, ასევე საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების მხოლოდ 7 პროცენტია დაზღვეული. 2019 წელს 602,833 სამედიცინო დაზღვევის პოლისები იყო მოქმედი. ავტოდაზღვევის კუთხით კი, 95,758 პოლისი იყო გაყიდული.
2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით რეგისტრირებულია 17 სადაზღვევო კომპანია, 16 მათგანი ფლობს სიცოცხლის და არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას, ხოლო ერთი მათგანი მხოლოდ არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას.
ნინო თამაზაშვილი