საქართველოში 2020 წლის ბოლოს 193 დასახელების ლომბარდი მოქმედებდა, მათ მიერ გაცემული სესხების მოცულობა კი 323 მლნ ლარს აღწევდა, რაც 2017 წლის მონაცემებთან შედარებით (საქსტატის ბოლო კვლევა) 83 მლნ ლარითაა შემცირებული, კიდევ უფრო დიდი ვარდნა მოგებისა და კლიენტთა რაოდენობის მიმართულებით ფიქსირდება.
პორტფელის შემცირება კოვიდს არ უკავშირდება, იმავე პერიოდში 2017-2020 წლებში,საბანკო სესხების მოცულობა 15 მლრდ ლარით გაიზარდა, მაგრამ გამკაცრებული რეგულაციების გამო მიკრისაფინანსო ორგანიზაციებს, უფრო მეტად კი ონლაინ გამსესხებლებსა და ლომბარდებს ბრუნვა მკვეთრად შეუმცირდათ.
2020 წლის ბოლოსათვის ლომბარდებს ბანკებში 14.5 მლნ. ლარის ფულადი სახსრები ჰქონდათ განთავსებული, მათ შორის 50.7% - ეროვნულ, ხოლო 49.3% - უცხოურ ვალუტაში.
ლომბარდების საკუთრებაში არსებული ფიქსირებული და არამატერიალური აქტივების მოცულობამ 2020 წლის ბოლოსთვის 29.7 მლნ. ლარი შეადგინა.
გასულ წელს ლომბარდების მოგებამ გადასახადების გადახდამდე 18.4 მლნ ლარი შეადგინა, რაც 2017 წელთან შედარებით 2.6-ჯერ ნაკლებია. ბოლო 3 წელიწადში განახევრებულია კლიენტთა რაოდენობაც. თუ 2017 წელს ლომბარდიდან სესხი 609 000-მა პირმა აიღო, 2020 წელს მათი რიცხვი 307 000-მდე შემცირდა. ორივე შემთხვევაში კლიენტების 99%-ზე მეტს ფიზიკური პირები შეადგენდნენ.