კომერციული ბანკების სტატისტიკური მონაცემებით, რომელიც ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული, გარდა 2 მსხვილი ბანკისა, მოგების მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია საშუალო ზომის ბანკებშიც. 2016 წლის მე-3 კვარტლის მონაცემებით „ვითიბი ბანკის" და „ბაზისბანკის" წმინდა მოგება 115-121%-ით გაიზარდა.
სტატისტიკური მონაცემებით, 2016 წლის მე-3 კვარტალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 115 %-ით, 7,512, 395-დან 16,200,794 ლარამდე გაიზარდა „ვითიბი ბანკის" წმინდა მოგება. ეს ძირითადად განპირობებული იყო საპროცენტო და საკომისიო შემოსავლებისა და ასევე უცხოური ვალუტის კურსის ცვლილების შედეგად მიღებული მოგებით. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ დაახლოებით 58%-ით (6,552,631 ლარის ოდენობით) შემცირდა მთლიანი ზარალი აქტივების შესაძლო დანაკარგების მიხედვით.
„ვითიბი ბანკში" დაახლოებით 8%-ით, 1,212, 258, 612 ლარიდან 1,310,477, 373 ლარამდე გაიზარდა მთლიანი აქტივების ოდენობა, რაც ძირითადად განპირობებული იყო სასესხო პორტფელის გაფართოებითა და ძირითადი საშუალებების ზრდით; ბანკმა ასევე გაზარდა დეპოზიტები 11%-ით 789,789,480 ლარიდან 882,601,705 ლარამდე და მთლიანი სააქციო კაპიტალი 8%-ით; (წინა წელს არსებული 116,231,521-დან კაპიტალი გაიზარდა 146,754,982 ლარამდე).
ამასთან, პრუდენციული თვალსაზრისით ბანკმა გააუმჯობესა პირველადი კაპიტალის კოეფიციენტი 8.5%-დან 9.2.%-მდე, ხოლო საზედამხედველო კაპიტალი 12.36%-დან 13.03%-მდე.
რაც შეეხება „ბაზისბანკს" 2016 წლის მე-3 კვარტლის მონაცემებით, 2015 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 121%-ით, 8,403, 807 ლარიდან 18,589,079 ლარამდე გაეზარდა წმინდა მოგება. აქაც ძირითადი განმაპირობებელი მიზეზი იყო საპროცენტო შემოსავლისა და უცხოური ვალუტის კურსის ცვლილების შედეგად მიღებული მოგებით;
ბანკში დაახლოებით 3%-ით გაიზარდა მთლიანი აქტივების ოდენობა, (შედარებისათვის წინა წლის ანალოგიურ პერიოდში აქტივები შეადგენდა 780,934, 585 ლარს, ხოლო გასული წლის მესამე კვარტლის ბოლოსათვის კი 806,041,556ლარს) -რაც ძირითადად განპირობებული იყო ფულადი სახსრებისა და ძირითადი საშუალებების ზრდით, თუმცა სასესხო პორტფელი ამ ბანკში მცირედით შემცირდა - დაახლოებით 2%-ით. (430, 631, 373 ლარიდან 421, 234.234 -მდე). ბანკმა ასევე გაზარდა დეპოზიტები 15%-ით (453,857,332-ლარიდან 524,099,648 ლარამდე) და მთლიანი სააქციო კაპიტალი 20%-ით-137,349,525-ლარიდან 806,041,556-ლარამდე;
პრუდენციული თვალსაზრისით ბანკმა გააუმჯობესა პირველადი კაპიტალის კოეფიციენტი 19.51%-დან 20.52.%-მდე, ხოლო საზედამხედველო კაპიტალი 22.03%-დან 23.62%-მდე.
როგორც ზემოთმოყვანილი მონაცემიდან ჩანს, საქართველოში გარდა მსხვილი ბანკებისა, საკმაოდ მომგებიანია შედარებით საშუალო ზომის ბანკებიც. როგორც ცნობილია, ეროვნული ბანკის მიერ უახლოეს მომავალში შემოვა ახალი მოთხოვნა საზედამხედველო კაპიტალის ზრდის შესახებაც. ზემოთმოყვანილი ორივე ბანკი, მიუხედავად ბაზარზე არსებული საშუალო წილისა, საკმაოდ კაპიტალიზირებულია. პირველადი და საზედამხედველო კაპიტალის მოთხოვნა შესაბამისად დაახლოებით 7% და 10%-ია, განსაკუთრებით ეს უკანასკნელი სამართლიანია „ბაზისბანკის" შემთხვევაში, სადაც არსებული მონაცემები რამოდენიმეჯერ აღემატება მინიმალურ ზღვარს.