2020 წელს საქართველოში ინტერნეტ შესყიდვების მოცულობამ 4 მლრდ ლარს გადააჭარბა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 500 მლნ-ით აღემატება. 7 მლნ-ით 61.5 მლნ-მდე გაიზარდა განხორცელებული ტრანზაქციების რაოდენობაც.
ონლაინ შესყიდვების შესახებ ინფორმაცია ეროვნული ბანკის საიტზე 2008 წლიდან იძებნება. 13 წლის წინ ინდუსტრიის წლიური ბრუნვა 38 მლნ ლარს შეადგენდა და 2011 წლამდე 100 მლნ-ს არ გასცილებია. 0.5 მლრდ-ს პირველად 2015 წელს, 1 მლრდ-ს კი 2017 წელს გადააჭარბა.
ინტერნეტ შესყიდვები ბოლო 3 წელიწადში 3.8-ჯერ, ბოლო 5 წელიწადში 7.2-ჯერ, ბოლო 10 წელიწადში 88-ჯერ და ბოლო 12 წელიწადში 107-ჯერ გაიზარდა.
სწრაფ ზრდაში გარკვეული წვლილი ვალუტის გაუფასურებასაც მიუძღვის, მაგრამ თუ 2012-2020 წლებში დოლარის ღირებულება გაორმაგდა ინტერნეტ შესყიდვების მოცულობა 12-ჯერ გაიზარდა. 2010 წელს კურსი უმეტეს შემთხვევაში 1.80-ს აჭარბებდა, ონლაინშესყიდვებმა კი მხოლოდ 46 მლნ შეადგინა. 10 წელიწადში კურსი 83%-ით, ინტერნეტით განხორციელებული ოპერაციების მოცულობა კი 8700%-ით გაიზარდა.
რაც შეეხება 2021-ს, ჯერ მხოლოდ იანვრის მონაცემებია ცნობილი. იანვარში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ინტერნეტ შესყიდვების მოცულობა 84%-ით 515 მლნ ლარამდე გაიზარდა.
2008-2012 წლებში იზრდებოდა საბანკო ბარათების პოპულარობაც, მაგრამ თუ ბარათებით გადახდილი თანხის მოცულობა 12 წელიწადში 742%-ით გაიზარდა, ონლაინშესყიდვების შემთხვევაში, ზრდის ტემპმა 10 600%-ს მიაღწია.