2020 წელს საქართველოში საზღვარგარეთიდან რეკორდული ოდენობის - $1.886 მლრდ ფულადი გზავნილი განახორციელდა, რაც 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით 8.8%-ით ანუ $152 მლნ მეტია. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
პანდემიისა და ეკონომიკური კრიზისის ფონზე, როდესაც საგარეო ვაჭრობაც შემცირდა, ინვესტიციების მოცულობაც, ტურიზმიც და პრაქტუკულად სხვა ყველა ეკონომიკური აქტიობაც არამხოლოდ საქართველოში, გზავნილების ზრდაში გარკვეული როლი მისმა ბოლომდე გაოფიციალურებამაც შეასრულა. სატრანსპორტო მიმოსვლის აკრძალვის გამო, ემიგრანტებს ახლობლისთვის ხელზე გატანების საშუალება მოესპოთ.
ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტისა და ნაციონალური მოძრაობის წევრის რომან გოცირიძის შეფასებით გზავნილების ზრდის ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ ემიგრანტებმა თავად მეტი მოიკლეს რათა ოჯახის წევრებისთვის მეტი გამოეგზავნათ.
2020-ს წინა წლებისგან სხვა გარემოებაც გამოარჩევდა. მართალია რუსეთი გადმორიცხვებში ისევ პირველ ადგილს იკავებს, მაგრამ მისი წილი ისტორიულ მინიმუმმადეა შემცირებული. გასულ წელს რუსეთიდან საქართველოში სულ $364 მლნ გადმოირიცხა ჯამური გზავნილების 19.3%. ბოლო წლებში რუსეთის წილი სისტემატურად კლებულობდა, თუმცა 20%-ს პირველად ჩამოსცდა.
რუსეთის წილი გზავნილებში 50%-ს პირველად 2014 წელს ჩამოსცდა და მას შემდეგ ინტენსიურ ვარდნას განაგრძობს. ბოლო 7 წელიწადში ფულად გზავნილებში რუსეთზე დამოკიდებულება 2.81-ჯერ, ბოლო 15 წელიწადში კი 3.46-ჯერ შემცირდა.
საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ რუსეთიდან გზავნილები არამხოლოდ წილობრივად, თანხობრივადაც შემცირდა. თუ 2013 წელს რუსეთიდან საქართველოში $801 მლნ გადმოირიცხა, 2020 წელს ის 2.2-ჯერ $364 მლნ-მდე შემცირდა, რაც თავის მხრივ 2006 წლის მაჩვენებელსაც - $369 მლნ-საც კი ჩამორჩება.
მშპ-ს დათვლის ფორმულაში ფულადი გზავნილები არაა გათვალისწინებული, თუმცა ის პირდაპირ აისახება მის ერთ-ერთ კომპონენტზე, კერზოდ მოხმარებაზე, შესაბამისად, შეიზლება ვთქვათ, რომ მშპ-ს ფორმირებაში ფულად გზავნილებს მნიშვნელოვანი როლი აკისრიათ. 2019 წელს ეკონომიკის გზავნილებზე დამოკიდებულება 2020 წელს, გზავნილების 8.8%-იანი ზრდისა და ეკონომიკის 6-6.5 პროცენტით შემცირების ფონზე, გზავნილებზე დამოკიდებულებას 14.7%-მდე გაზრდის. იგივე მაჩვენებელი ტაჯიკეთსა და ყირგიზეთში 28%-ს აღემატება, ბალტიის ქვეყნებში კი 4%-ზე ნაკლებია.
გიორგი ელიზბარაშვილი