2000 გარდაცვლილი ერთ თვეში - კოვიდკოშმარი გრძელდება, პასუხისმგებლობას არავინ იღებს

2000 გარდაცვლილი ერთ თვეში - კოვიდკოშმარი გრძელდება, პასუხისმგებლობას არავინ იღებს

access_time2021-12-01 11:00:07

საქართველოში კოვიდით გარდაცვლითა რიცხვმა ნოემბერში 2000-ს გადააჭარბა, პანდემიის დაწყებიდან დღემდე 1 თვეში ამდენი ადამიანი სხვა დროს არასდროს დაღუპულა. ინფიცირებულთა დღიური რაოდენობა მსოფლიოში დაახლოებით იმდენივეა რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში, თუმცა სიკვდილიანობა განახევრებულია - საქართველოში ორივე 2021 წლის ნოემბერში, 2020 წლის ნოემბერთან შედარებით კოვიდით 109%-ით უფრო მეტი ადამიანი დაიღუპა.

 


2020 წელს მსოფლიოში კოვიდით 84 მლნ ადამიანი ინფიცირდა და მათგან 1.940 მლნ გარდაიცვალა, სიკვდილიანობის კოეფიციენტმა 2.31% შეადგინა. 2021 წლის 11 თვეში 179 მლნ ინფიცირებულიდან 3.288 მლნ გარდაიცვალა, სიკვდილიანობის კოეფიცეინტი 1.84%-მდე შემცირდა. საქართველოში 2020 წელს 227 ათასი ინფიცირებულიდან 2505 დაიღუპა სიკვდილიანობის კოეფიციენტმა 1.10% შეადგინა, 2021 წელს კი 619 ათასი ინფიცირებულიდან 9549 გარდაიცვალა. სიკვდილიანობის კოეფიციენტი 1.54%-მდე გაიზარდა. თუ მხოლოდ შემოდგომის 3 თვეს განვიხილავთ აღმოვაჩენთ რომ საქართველომ ის ერთადერთი უპირატესობაც დაკარგა რაც ინფიცირებულებთა მიმართებაში დაბალ სიკვდილიანობას გულისხმობდა. ბოლო 3 თვეში მსოფლიოში 43 მლნ ინფიცირებულიდან 683 ათასი გარდაიცვალა ანუ დაავადებულთა 1.59%, ხოლო საქართველოში 296 ათასიდან 4646, ინფიცირებულთა 1.57%.

 


მსოფლიოში ვაქცინაციისა და სიმპტომური მკურნალობის გაუმჯობესების ხარჯზე გარდაცვალებულთა რიცხვი კლებულობს, საქართველოში კი იზრდება, რაც უმთავრესად ვაქცინაციის დაბალ ტემპს, მაგრამ ასევე გაუმართავ ჯანდაცვის სისტემასაც უკავშირდება. მაშინ როცა ავტობუსში მგზავრს პირბადის ცხვირზე აწევას სთხოვენ, კოვიდიანი პაციენტები კოვიდ სასტუმროში ჩვეულებრივი ტაქსით გადაჰყავთ, მათ არავაქცინირებული მძღოლები მართავენ, მძღოლსა და მგზავრს ერთმანეთისგან პლასტიკატის ბარიერიც არ ჰყოფს. ცალკე პრობლემას ჰოსპიტალური სექტორი წარმოადგენს. მედიკოსთა განმარტებით პაციენტთა ნაწილი გადარჩებოდა, რომ არა ხელოვნური სუნთქვის აპარატის არასწორი გამოყენება.

 

საქართველოში პანდემია შეიძლება 2 ეტაპად დავყოთ, 2020 წლის სექტემბრამდე, იქამდე, სანამ კომენდანტის საათითა თუ ქალაქების ჩაკეტვით ვირუსის შეჩერება ხერხდებოდა და შემდგომ, როდესაც რეგულაციები უძლური აღმოჩნდა.

 

2020 წლის სექტემბრიდან დღემდე 5 თვე აღმოჩნდა ისეთი, რა დროსაც გარდაცვლილთა რაოდენობამ 1000-ს გადააჭარბა, მათ შორის ნოემბერში 2000-საც.






სიკვდილიანობა მინიმალური იყო პირველი ლოქდაუნის დროს და მნიშვნელოვნად შემცირდა მეორე ლოქდაუნის დროსაც, მაგრამ ლოქდაუნის თავისი ძალიან მძიმე ფასი გააჩნდა. 2020 წელს საქართველოს ეკონომიკა 6.8%-ით შემცირდა რაც 1994 წლის შემდეგ აღარ მომხდარა. ორნიშნა ინფლაცია აღარიბებს ყველას რომელთა ნომინალური ხელფასიც წელს თუნდაც 10 ან 12 პროცენტით გაიზარდა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა 200 000-ით 633 000-მდე გაიზარდა და ყოველი მეექვსე ადამიანი მიზერულ შემწეობაზე დამოკიდებული გახდა. ევროპის ქვეყნებისგან განსხვავებით პანდემიის დაწყების მომენტში მოსახლეობის დიდი ნაწილის დანაზოგი 0 ლარი აღმოჩნდა. პირველი ლოქდაუნის დროს 200 ლარიანი დახმარება 162 000-მა ადამიანმა მიიღო, ანუ მათ მინიმუმ 1 თვით და მაქსიმუმ განუსაზღვრელი ვადით სამსახურები დაკარგეს. ერთჯერადი 300 ლარიანი დახმარება კი 248 000 თვითდასაქმებულს დაერიცხა. კოვიდისგან განსხვავებით შიმშილით, არასრულფასოვანი კვებით, მშიერი შვილის ყურებით თუ უბრალოდ სახლში გამოკეტვით მიღებული სტრესით რამდენი ადამიანი დაიღუპა და რამდენ ადამიანს დააკლდა 1, 5, თუ 10 წლის სიცოცხლე ამის სტატისტიკა არავის უწარმოებია. აპრილში როდესაც ონლაინვაჭრობაც კი შეიზღუდა ეკონომიკა 16.6%-ით შემცირდა. ფაქტობრივად სრული კარანტინის გაგრძელების შემთხვევაში გადარჩენილ ბიზნესებსაც დახურვა მოუწევდათ, ადამიანები საბანკო ვალდებულებებს საშეღავათო პერიოდის დასრულების შემდეგაც ვეღარ გაისტუმრებდნენ, თავის მხრივ ბანკები ახალი სესხის გაცემაზე იტყოდნენ უარს და პროცესები შესაძლოა უმართავი გამხდარიყო.

 

საქართველოსგან განსხვავებით შვედეთს რეგულაციები თითქმის არ დაუწესებია. საწყის ეტაპზე შვედეთში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი სიკვდილიანობა ფიქსირდებოდა, მაგრამ დღეს 1 მლნდ-დან 1484 გარდაცვლილით შვედეთი 56-ე ადგილზეა, 1 მლნ-დან 3030 გარდაცვლილით საქართველო მე-8-ზე. შვედეთის მსგავსი სიკვდილიანობის შემთხვევაში კოვიდით 12 054-ის მაგივრად 5491 ადამიანი დაიღუპებოდა და 30 ნოემბრის მდგომარეობით მსხვერპლი 6563-ით ნაკლები იქნებოდა. შვედეთში მოსახლეობის 69%-ა სრულად ვაქცინირებული, საქართველოში კი მხოლოდ 27%.

 

2 ოქტომბრის თვითმართველობის არჩევნებამდე, რომლის მეორე ტურიც 30 ოქტომბერს გაიმართა, მთავრობას ვაქცინაციის კამპანია ფაქტობრივად არ უწარმოებია. პრეზიდენტი, პრემიერი, რამდენიმე მინისტრი თუ დეპუტატი მართალია კამერების წინ აიცრნენ, მაგრამ ჯანდაცვის მინისტრი მეორე დოზით დღემდე არ აცრილა. ვაქცინაციისკენ მოწოდების ერთ-ერთ იშვიათ ბილბორდს ე.წ. სისხლიანი ბანერი გადააკრეს. მეორე ტურის შემდეგ ახლადაცრილი პენსიონერებისთვის 200 ლარის დარიცხვა დაიწყო. დეკემბრიდან კი რესტორნებისა და კინო-თეატრის სტუმრებისთვის მწვანე პასპორტი გახდა სავალდებულო. მცირე გააქტიურებამაც კი ვაქცინაციის დღიური მაჩვენებელი 3-4 ათასიდან 12-13 ათასამდე გაზარდა, რაც საკუთრივ აცრილებს ინფიცირების შემთხვევაში სიცოცხლის შენარჩუნების თითქმის სრულ გარანტიას აძლევს, მაგრამ როცა მოსახლეობის 70%-ზე მეტი ისევ აუცრელია, ჯამური სიკვდილიანობის შემცირებაზე ლაპარაკი ჯერ ძალიან ადრეა.

 

არაერთი თხოვნის, მათ შორის პრეზიდენტის თხოვნის მიუხედავად პატრიარქს, რომელიც ნდობის ძალიან მაღალი მაჩვენებლით სარგებლობს ვაქცინაციისკენ მოწოდება არ გაუკეთებია. საპატრიარქომ მხოლოდ ის თქვა, რომ აცრა ცოდვა არაა და აცრილი ადამიანის უზიარებლობით დასჯა დაუშვებელია. რამდენ ადამიანი აიცრებოდა დამატებით საპატრიარქოს მოწოდების შემთხვევაში, რთული სათქმელია, ერთი რაც შეიძლება ითქვას ისაა, რომ მათი რაოდენობა ცოტა არ იქნებოდა. მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი იანვარში აიცრა და ვაქცინაციისკენ სხვა მორწმუნეებსაც მოუწოდა, ათენისა და სრულიად საბერძნეთის  მთავარეპისკოპოსმა იერონიმემ აგვისტოში მრევლს პირდაპირ განუცხადა: „ან ვაქცინა, ან საფლავი.“ საბერძნეთში სრულად ვაქცინირებული მოსახლეობის წილი 63%-ს აჭარბებს და მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით სიკვდილიანობით 43-ე ადგილზე იმყოფება, საქართველო მე-8 ადგილზეა. საზარელი სტატისტიკის მოშველიების მიუხედავად, რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ ავტორიტეტული ინსტიტუტის როლზე, საქართველო კონსტიტუციის მიხედვით სეკულარული სახელმწიფოა და მოქალაქეთა ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა საერო ხელისუფლებას ეკისრება. დღიურად 60 და 80 გარდაცვლილზე დღემდე პასუხი სამსახურეობრივადაც კი არავის უგია.

 

სახელმწიფოთა უმრავლესობამ კოვიდვაქცინა 5 წლის ბავშვებისთვისაც ხელმისაწვდომი გახდა, არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა და ჩინეთმა ასაკობრივი ზღვარი 3 წლამდე დასწიეს, საქართველოში ექიმთა ჯგუფის სპეციალური ნებართვის გარეშე 12 წლამდე ბავშვებისთვის ვაქცინა კვლავ ხელმიუწვდომელია.

 

მწვანე პასპორტიც მხოლოდ ნაწილობრივაა მწვანე. ტრანსპორტსა და სავაჭრო ცენტრებში აუცრელი ადამიანიც დაიშვება. მთავრობაში მას თავისუფალი ნებით ხსნიან, თუმცა არ აკონკრეტებენ თავისუფალი ნების გამოხატვის რა ეგზოტიკური ფორმა იყო კომენდანტის საათი, ქალაქების შესასვლელებში ჯარის ჩაყენება, მუშაობის უფლების აკრძალვა ან პირბადის ტარების ვალდებულება.

 

კიდევ ერთი უცნაურობა 2 მწვანე პასპორტია. კოვიდგადატანილებს მწვანე სტატუსი მუდმივად ექნებათ, ოღონდ მხოლოდ საქართველოში, საზღვარგარეთ მას მხოლოდ 6 თვე ექნება ძალა. 2 ახალი წლის, 2 დამოუკიდებლობის დღის, 2 ქალთა დღის, 2 სიყვარულის დღის, 2 შობისა და 2 გიორგობის შემდეგ, გასაკვირი ალბათ არც 2 მწვანე პასპორტი უნდა იყოს, სხვა დროს, სხვა ვითარებაში 2 მწვანე პასპორტი შესაძლოა ღიმილის მიზეზიც გამხდარიყო, მაგრამ არა მაშინ, როდესაც დანაშაულებრივი გულგრილობის შედეგად თვეში 2000 ადამიანი იღუპება.


გიორგი ელიზბარაშვილი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up