2 წელია ჩვენ გვიწევს ჩემი სიმამრის - დავით ზეიკიძის მიერ ჩვენს ირგვლივ შექმნილ, ამქვეყნიურ ჯოჯოხეთში ცხოვრება

2 წელია ჩვენ გვიწევს ჩემი სიმამრის - დავით ზეიკიძის მიერ ჩვენს ირგვლივ შექმნილ, ამქვეყნიურ ჯოჯოხეთში ცხოვრება

access_time2020-07-14 13:46:50

„ლიდერი-ფუდის“ წილთან დაკავშირებულ სასამართლო დავა ამ დრომდე გრძელდება, ასევე ამ დრომდე გრძელდება ურთიერთ საწინააღმდეგო ბრალდებები ორ დაპირისპირებულ მხარეს შორის. აღნიშნული დავის შესახებ რამდენიმე დღის წინ „ახალგაზრდა ადვოკატები“- მა კვლევა გამოაქვეყნეს. კომპანიის წილებთან დაკავშირებულ გახმაურებულ დავაზე „ახალგაზრდა ადვოკატების“ მიერ მომზადებულ ანგარიშს კომპანიის დამფუძნებელი ირაკლი დუმბაძე და მისი ადვოკატი ეხმაურება. განცხადებებს „კომერსანტი“ უცვლელად გთავზობთ.


ირაკლი დუმბაძის პოზიცია:


„მე, ირაკლი დუმბაძეს, როგორც ამ ქვეყნის როგით მოქალაქეს, მაქვს ერთადერთი სურვილი, რომ ყოველ ფეხის ნაბიჯზე არ მიწევდეს უსამართლობასთან, ჩაგვრასთან და ძალმომრეობასთან ბრძოლა, მქონდეს სახელმწიფო თუ არასახელმწიფო ორგანობის ნდობა და პატივისცემა, მე და ჩემს ოჯახს მოგვეცეს მშვიდ გარემოში არსებობის საშუალება. სამწუხაროდ, ბოლო 2 წლის განმავლობაში ჩვენ გვიწევს ჩემი სიმამრის - დავით ზეიკიძის მიერ ჩვენს ირგვლივ შექმნილ, ამქვეყნიურ ჯოჯოხეთში ცხოვრება, რომელიც უზარმაზარი ფინანსური თუ გავლენითი რესურსებით ცდილობს ჩვენს შეურაცხყოფას და დაჩაგვრას. ეს, ეგრეთწოდებული „დასკვნაც“, ჩემი შეფასებით, დავით ზეიკიძის „ნაჩალიჩარ-ნაყიდი“ საქმეების ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია და სამწუხაროდ არა ერთადერთი. ვინ, თუ არა მე, კარგად ვიცნობ ამ პიროვნებას და ვიცი მისი სტილი,  90-ანი წლების, მაფიოზური სტილი, რომელსაც დღემდე წარმატებით იყენებს. დავით ზეიკიძე დღემდე, პირდაპირ და საჯაროდ ცდილობს ჩემთან არსებული სამართლებრივი დავის სასამართლოს გვერდის ავლით „მოგვარებას“ და შემდეგ სასამართლოში „გაპრავებას“.


დღეს, როდესაც დავით ზეიკიძე სხვადასხვა უკანონო გზებით ცდილობს ორი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილებების გაუქმებას და მოტყუებით ხელში ჩაგდებული ქონების მისაკუთრებას, მე, არაფერი დამრჩენია გარდა იმისა, რომ ხმამაღლა მივმართო საზოგადოებას, სასამართლოს, ყველა ლეგიტიმურ ორგანოსა თუ პირს, რომ თუ დღეს მე დამერღვა სამართლიანობა, ეს შეუქცევადად მოხდება ხვალ ნებისმიერის მიმართ, ხოლო სამართლიანობა რომ მშვიდობის უპირობო საწინდარია ეს ყველას კარგად უნდა მოგვეხსენებოდეს!


მე ასევე მინდა მივმართო ყველა იმ ადამიანს, ვინც დავით ზეიკიძის ფინანსური გავლენების ქვეშ ექცევა და ჩალად არ უღირს საკუთარი ღირსება და რეპუტაცია. გახსოვდეთ და კარგად გაიაზრეთ ბატონებო, თუ ვისთან გაქვთ საქმე! დღეს თუ არა ხვალ, თქვენი დამკვეთი აუცილებლად მოგიბრუნდებათ, მოგინახავთ რაიმე მიზეზს და თქვენზე იყრის იმ ჯავრს, რომელიც ჩემზე დააკლდება.


მე კი, ჩემი მხრივ გპირდებით, რომ მიუხედავად უთანასწორო პირობებისა, არ შევურიგდები ჩაგვრას და უსამართლობას, გამოვიყენებ ყველა კანონიერ გზას და აუცილებლად მივაღწევ სამართლიანობას და დავამტკიცებ, რომ თუ რამისთვის ღირს ბრძოლა, ეს სამართლიანობა, ღირსება და თავმოყვარეობაა!


ადვოკატ ავთანდილ თეთრაშვილის სამართლებრივი შეფასება:


  ააიპ „ახალგაზრდა ადვოკატების“ (შემდგომში „ორგანიზაცია“) მიერ 2020 წლის 6 ივლისს გამოქვეყნებული იქნა კვლევის (მონიტორინგი) შედეგი, რომელიც ეხება შპს „ლიდერი-ფუდის“ 50% წილთან დაკავშირებულ დავას, მოსარჩელე - ირაკლი დუმბაძე, მოპასუხე - დავით ზეიკიძე.


განსახილველი კვლევის ფარგლებში, ორგანიზაციის მიზანს წარმოადგენდა სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების (თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 17 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება, ამავე სასამართლოს 2019 წლის 26 ივლისის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ) და ამ გადაწყვეტილების ძალაში დატოვების (თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 31 იანვრის განჩინება)  წინაპირობების შეფასება კანონიერებისა და დასაბუთებულობის თვალსაზრისით.


წინამდებარე ანალიზის ფარგლებში, ჩვენი მიზანია ორგანიზაციის კვლევის ობიექტური შეფასება და იმ დადებითი თუ უარყოფითი ასპექტების გამოკვეთა, რომელზე დაყრდნობითაც ორგანიზაციამ წარმოადგინა საკუთარი შეფასებები.


უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ ნებისმიერი კვლევა უნდა ეფუძნებოდეს როგორც განსახილველი საქმის ფაქტობრივი გარემოებების შეფასებას, ასევე სისტემურ და კონკრეტულ სამართლებრივ ანალიზს, პრცედენტული სამართლის გააზრებას და ამათუიმ სამართლებრივი ინსტიტუციის შინაარსის გადმოცემას.



სამწუხაროდ, უნდა აღინიშნოს, რომ ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილი კვლევა, მოკლებულია არა მხოლოდ საქმეში არსებული მტკიცებულებების კვალიფიციურ, ობიექტურ და სრულყოფილ შეფასებას, არამედ ცალკეულ ნაწილებში ცალსახად იკვეთება ფაქტების დამახინჯების და მიკერძოების კონკრეტული ნიშნები, კერძოდ:


განსახილველი შემთხვევა ეხება თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 17 ივნისის დაუსწრებელ გადაწყვეტილებას და ამავე სასამართლოს 2019 წლის 26 ივლისის განჩინებას დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ, რომლის საფუძველზეც დაკმაყოფილდა მოსარჩელე - ირაკლი დუმბაძის სარჩელი, შეწყვეტილად იქნა ცნობილი ირაკლი დუმბაძესა და მოპასუხე დავით ზეიკიძეს შორის 2018 წლის 21 მარტს გაფორმებული, შპს „ლიდერი-ფუდის“ 50% წილის ნასყიდობის ხელშეკრულება და ირაკლი დუმბაძეს დაუბრუნდა ნასყიდობის საგანი (შპს „ლიდერი-ფუდის“ 50% წილი). აქვე აღვნიშნავთ, რომ ირაკლი დუმბაძის სარჩელი უკავშირდება მისი სიმამრის - დავით ზეიკიძის მიერ, შპს „ლიდერი-ფუდში“ ი. დუმბაძის კუთვნილი 50% წილის მოტყუებით მისაკუთრების ფაქტს, რის გამოც ეს უკანასკნელი იძულებული გახდა მიემართა სასამართლოსთვის.


მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზაციის კველევის საგანს წარმოადგენდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების და მისი ძალაში დატოვების წინაპირობების შეფასება კანონიერებისა და დასაბუთებულობის თვალსაზრისით, ორგანიზაცია საერთოდ არ მსჯელობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუციურ შინაარსზე, თუ რა მიზნით არსებობს ასეთი გადაწყვეტილების მიღების საკანონმდებლო რეგულირება, რა შემთხვევაში გამოდის და რა წინაპირობებს უნდა აკმაყოფილებდეს იგი.


წარმოდგენილი კვლევა, მართალია სისტემური წყობის და სამართლებრივი ლოგიკის გარეშე, მაგრამ მაინც ეფუძნება ორ ძირითად საკითხს: 1. სარჩელის ჩაბარების მტკიცების საკითხი; 2. სარჩელში მითითებული გარემოებების იურიდიული მართებულობა სასარჩელო მოთხოვნასთან მიმართებაში. განვიხილოთ თითოეული ცალ-ცალკე:


  1. სარჩელის ჩაბარების საკითხი.


ორგანიზაციის დასკვნით ნაწილში ვკითხულობთ (ციტატა) „ორგანიზაციამ შეისწავლა საქმის მასალები, სასამართლოს გადაწყვეტილებები - თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 17 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება, ამავე სასამართლოს 2019 წლის 26 ივლისის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ, 2020 წლის 31 იანვრის განჩინება, გაანალიზა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სხვადასხვა საქმეზე მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებების შეფასების შესახებ არსებული სამართლებრივი პრაქტიკა, მიდის დასკვნამდე, რომ სარჩელისა და მასზედ თანდართული მასალების ჩაბარების ფაქტი, მართლაც საკამათოა“.


როგორც ჩანს, ორგანიზაციის „მკვლევარებს“ მართლაც ღირებული შრომა გაუწევიათ, რადგან ესოდენ რთულ აღმოჩენამდე მივიდნენ. თითქოს ან მხარეთათვის, ან სასამართლოსთვის ან ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის უცხო იყოს აღნიშნულ საკითხზე მხარეთა კამათის ფაქტი.


ძვირფასო „მკვლევარებო“, წესით, თქვენ, ობიექტურად და კვალიფიციურად უნდა განგეხილათ და შეგეფასებინათ სასამართლოს მიერ განხილული და შეფასებული ის მტკიცებულებები, რომელიც დაუსწრებელი გადაწყვეტილების განხილვის ფარგლებში წარმოდგენილი იქნა მხარეთა მიერ და რაზედაც მხარეები აგებენ საკუთარ პოზიციებს, შეგეფასებინათ სასამართლოს მსჯელობა და არგუმენტები და ამის საპირისპიროდ, კონტრარგუმენტებით გაგებათილებინათ სასამართლოს ის დასკვნები, რომელსაც არ ეთანხმებით. ამ კუთხით, სამწუხაროდ, თქვენი მხრიდან სრულ კვალიფიციურ ჩავარდნას აქვს ადგილი.


ორგანიზაციის მიერ უსისტემოდ ამოკრეფილი იქნა რამოდენიმე მტკიცებულება და ყოველგვარი იურიდიული ლოგიკისა და თანმიმდევრულობის გარეშე დასკვნაში „ჩაყრილი“, ხოლო ერთ-ერთი მათგანი, იმგვარად იქნა დამახინჯებული, რომ მოსარჩელე ირაკლი დუმბაძის სასარგებლო ფაქტს, მოპასუხის სასარგებლოდ წარმოაჩენს. ასე მაგალითად: დასკვნის „გ“ პუნქტში, სადაც განხილულია სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2019 წლის 17 ივლისის N005001719 დასკვნა, გამუქებული ასოებით წერენ/გადმოსცემენ ექსპერტისის დასკვნას - „მამაკაცის ხელთ არსებულ კონვერტზე დაკვირვების შედეგად გაირკვა, რომ იგი არის გაფორმების გარეშე არსებული თეთრი ფერის კონვერტი“. რეალურად, აღნიშნულ დასკვნაში წერია: „მამაკაცის ხელთ არსებულ კონვერტზე დაკვირვების შედეგად გაირკვა, რომ იგი არ არის გაფორმების გარეშე არსებული თეთრი ფერის კონვერტი და მას ზედა ნაწილში, მარჯვენა და მარცხენა მხარეს, აღენიშნება მუქი შეფერილობის გაფორმება“ (სასამართლოს ბრენდირებულ კონვერტს, რომელიც თეთრი ფერისაა, მცირე ნაწილში გააჩნია მუქი შეფერილობა). ანუ ექსპერტიზის დასკვნის ამგვარი დამახინჯებით, ორგანიზაცია მის მკითხველს უჩენს მცდარ შთაბეჭდილებას, რომ 2019 წლის 22 მაისს, ირაკლი დუმბაძის მიერ მოპასუხე დავით ზეიკიძეს გაეგზავნა არა სარჩელი და მასალები არამედ, თეთრ კონვერტში მოთავსებული, გაურკვეველი შინაარსის კორესპოდენცია, რაც პირდაპირ იმეორებს დავით ზეიკიძის პოზიციას, რომელიც არაკეთილსინდისიერად და დავის ძალადობრივი გზით მოგვარების იმედით თავს არიდებდა სასამართლო განხილვაში მონაწილეობას. ამავდროულად, ორგანიზაცია გამიზნულად თავს არიდებს ექსპერტიზის ამავე დასკვნაში მოცემულ კვლევის შედეგს, რომელმაც გამოააშკარავა მოპასუხე მხარის - დავით ზეიკიძის სიცრუე (რომელიც აცხადებდა, რომ სარჩელის ნაცვლად ჩაბარდა 2 ფურცლიანი წერილი) და დაადგინა, რომ 2019 წლის 22 მაისს, შპს „ლიდერი-ფუდში“ კურიერის მიერ მიტანილი A4 ფორმატის კონვერტი, სისქის მიხედვით არ შეესაბამება კონვერტში 2 ფურცელმოთავსებულ კონვერტს და ის, მისი ვიზუალური პარამეტრებით შეესაბამება კონვერტში 49 ფურცელმოთავსებულ კონვერტს (ირაკლის დუმბაძის სარჩელი და თანდართული მასალები მოცემული იყო 49 ფურცლად). ანუ გამოდის, რომ ორგანიზაციამ, ფაქტების მსგავსი დამახინჯებით განზრახ შექმნა შთაბეჭდილება, რომ თითქოს დავით ზეიკიძეს 2019 წლის 22 მაისს სარჩელი არ ჩაბარებია.



ორგანიზაცია მიუთითებს, რომ თავადაც გაეცნენ 2019 წლის 22 მაისს კურიერის მიერ განხორციელებულ ვიზიტს საწარმოს დაწესებულებაში და აღნიშნავს, რომ ობიექტურად, გონივრული განსჯის საფუძველზე, ცალსახად რთულია იმის თქმა, რომ კადრში სასამართლოს ბრენდირებული კონვერტი ჩანდეს.


დიახ, ბატონებო, სწორედ იმიტომ, რომ შეუიარაღებელი თვალით, სპეციალური აპარატურის და კვლევის მეთოდიკის გარეშე რულია კადრში არსებული დეტალების დანახვა, ჩატარებული იქნა შესაბამისი ექსპერტიზა, რომელზედაც ზემოთ მოგახსენეთ და რომლის შეფასებასაც თქვენ თავი აარიდეთ. აღნიშნული კი იძლევა დასკვნის საფუძველს, რომ ორგანიზაციამ მიზანმიმართულად არ გამოკვეთა ის მტკიცებულებები, რომელიც მოპასუხე დავით ზეიკიძის სიცრუეს ასახავდა და მაშასადამე, სარჩელის ჩაბარებას ადასტურებდა. შესაბამისად, სხვა რა შეიძლება ამას ეწოდოს, თუ არა ორგანიზაციის ტენდენციური და მიკერძოებული დამოკიდებულება დავით ზეიკიძისადმი?!


  1. სარჩელში მითითებული გარემოებების იურიდიული მართებულობა სასარჩელო მოთხოვნასთან მიმართებაში.


ორგანიზაციის დასკვნით ნაწილში ასევე ვკითხულობთ (ციტატა) „სასამართლოს მიერ მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება მიღებულია საქმის არსებითი განხილვის გარეშე, არ შემოწმებულა სარჩელით მითითებული ფაქტების სანდოობა, არ შემოწმებულა, ამართლებდა თუ არა სასარჩელო მოთხოვნა იურიდიულ საფუძვლებს, სასამართლოს არ ჰქონდა უტყუარი სამართლებრივი მტკიცება დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისათვის“.


მიუხედავად ამგვარი ზერელე შეფასებისა, ორგანიზაციის კვლევაში არსად არ იკითხება თუ კონკრეტულად რა ფაქტების სანდოობა უნდა შეემოწმებინა და არ შეამოწმა სასამართლომ. ორგანიზაციამ არ შეაფასა და საერთოდ არაფერს ამბობს სასამართლოს მიერ განხილულ, დადგენილ თუ სადავო ფაქტობრივ გარემოებებზე. ამასთან, როგორც აღმოჩნდა, ორგანიზაციის „მკვლევარებს“, მსუბუქად რომ ვთქვათ, ძალიან ბუნდოვანი წარმოდგენა აქვთ დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუციური შინაარსის შესახებ, რამდენადაც საქმის მასალების უკეთ გაცნობის, საკმარისი იურიდიული კვალიფიკაციის და მიუკერძოებელი პოზიციის არსებობის შემთხვევაში, მარტივად იდენტიფიცირებადი იყო, რომ მოთხოვნის (საწარმოს წილის დაბრუნების) საფუძველი გახლავთ წილის ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გასვლა, რაც გამოწვეული იყო მოსარჩელის კონტრაჰენტის (დავით ზეიკიძე) მიერ სახელშეკრულებლო ვალდებულების შეუსრულებლობით. შესაბამისად, ცხადია, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები გაანალიზებულ იქნა თუ რამდენად ამართლებდა ეს გარემოებები მოსარჩელის მიერ დაყენებულ მოთხოვნას (მოსარჩელე სწორედ ხელშეკრულებიდან გასვლას და პირვენდელი მდგომარეობის აღდგენას მოითხოვდა, რაც კომპანიის 50% წლის მისთვის დაბრუნებას გულისხმობს). დასკვნაში მითითებულია, რომ წარმოდგენილი არ არის პირდაპირი ან ირიბი სახის მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ხელშეკრულების დადებამდე არსებული იძულების ფაქტს. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის მიზნებისათვის, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემობებები დადასტურებულად ითვლება (სსსკ-230-ე მუხლის პირველი ნაწილი), რაც თავის მხრივ იურიდიულად უნდა ამართლებდეს მოთხოვნას და არა მტკიცებულებები - მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებაში და მეორე, „მკვლევარები“ საქმის მასალებით რეალურად რომ დაინტერესებულიყვნენ, აუცილებლად აღმოაჩენდნენ ისეთ მტკიცებულებას, როგორიცაა შპს „ლიდერი-ფუდის“ 50% წილის ნასყიდობის ხელშეკრულება (ერთვის სარჩელს; რეგისტრირებულია სამეწარმეო რეესტრში) და აღარ გაუჩნდებოდათ მსგავსი კითხვები მტკიცებულებების არსებობის შესახებ, მაგრამ ყოველივე ეს, მხოლოდ პასუხისმგებლობიან, მიუკერძოებელ და კვალიფიციურ ორგანიზაციას შეიძლება მოვკითხოთ და არა ნებისმიერს!


გარდა ამისა, იძულებულნი ვართ ორგანიზაციას შევახსენოთ, რომ იძულებით დადებული გარიგება წარმოადგენს საცილო გარიგებათა რიგს, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი შესაბამის პირს ანიჭებს გარიგების ბათილობის მოთხოვნის უფლებას (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 85-ე მუხლი). ეს უფლება მხარემ შესაძლებელია გამოიყენოს (გარიგების საცილოდ ქცევით) ან არ გამოიყენოს. ირაკლი დუმბაძის სარჩელში არანაირი მოთხოვნა ხელშეკრულების ბათილობის შესახებ (ან მისგან) არ არსებობს. ამდენად, ამ საფუძვლით მოსარჩელეს ხელშეკრულება სადაოდ არ გაუხდია და შესაბამისად, რატომ უნდა ემსჯელა სასამართლოს ამ გარიგების ბათილობაზე ან მის დამადასტურებელ მტკიცებულებებზე (იმ პირობებში, როდესაც ასეთი ბათილობა მოთხოვნილი არ არის) მოკლებულია ყოველგვარ სამართლებრივ ლოგიკასა და საფუძველს.


რაც შეეხება შპს „ლიდერი-ფუდის“ 50% წილის ნასყიდობის ხელშეკრულებას, რომელიც დავით ზეიკიძეს (მყიდველი) და ირაკლი დუმბაძეს (გამყიდველი) შორის გაფორმდა და მისგან გამომდინარე სამართლებრივ შედეგებს, მოსარჩელის მიერ რამოდენიმე ფაქტობრივ გარემოებაშია მითითებული (ირაკლი დუმბაძის სარჩელი). აღნიშნული გარიგების შესრულებისადმი მოსარჩელის ინტერესს ცხადყოფს ისეთი მტკიცებულებებიც, როგორიცაა მოპასუხე დავით ზეიკიძისათვის გაგზავნილი წერილობითი მოთხოვნები სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების შესახებ, დამატებითი ვადის განსაზღვრა და გაფრთხილება, შეუსრულებლობის შემთხვევაში სასამართლოსათვის მიმართვის შესახებ. სწორედ აღნიშნული გარიგების (ნასყიდობის ხელშეკრულება) პირობების შეუსრულებლობას დაუკავშირა ირაკლი დუმბაძემ სასრჩელო მოთხოვნა, მოითხოვა რა ხელშეკრულებიდან გასვლა და კომპანიაში მისი კუთვნილი წილის დაბრუნება.  

მიზანმიმართულ ტყუილად და მკითხველის შეცდომაში შეყვანის მცდელობად აღვიქვამთ დასკვნაში მოცემულ მითითებას, თითქოს სასამართლოს მიერ არ შემოწმებულა სასარჩელო მოთხოვნა იურიდიულად ამართლებდა თუ არა სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს, რამდენადაც როგორც პირველი ინსტანციის სასამართლოს (17.06.2019 წლის გადაწყვეტილება - გვ.3) ასევე სააპელაციო სასამართლოს (31.01.2020 წლის განჩინება - გვ. 14-16) მიერ განხილული და შეფასებული იქნა იურიდიული მართებულობის საკითხი და დადგენილ იქნა, რომ ირაკლი დუმბაძის სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებენ სასარჩელო მოთხოვნას.


აქვე უნდა აღინიშნოს, რომ განსახილველ დავაში არსებული მტკიცებულებები, სამართლებრივი შეფასებები და სასამართლოს პოზიციები ამათუიმ საკითხზე, გაცილებით მოცულობითი და მრავალმხრივია. ამ კუთხითაც დასკვნა არასრულია და ვერ პასუხობს ვერც ერთ ფუნდამენტურ საკითხს.


რაც შეეხება პრეცედენტული სამართლის და საერთაშორისო სასამართლოების პრაქტიკის გამოყენებას, უნდა აღინიშნოს, რომ დასკვნაში არ არის მოყვანილი არც ერთი პრეცედენტული გადაწყვეტილება, სასამართლოს მსჯელობა ან დოქტრინალური განმარტება, რომელიც შემხებლობაში იქნებოდა განსახილველ დავასთან და ამ კუთხით მაინც მოგვცემდა ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილ კვლევაში მოცემული ბუნდოვანი დასკვნების შეფასების საშუალებას. ხოლო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს იმ გადაწყვეტილებების მოყვანა განსახილველ დავასთან მიმართებაში, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ორგანიზაციის „მკვლევარები“ ან განსახილველს დავას არ არიან გაცნობილები, ან საერთაშორისო სასამართლოების გადაწყვეტილებებს ან მათი ურთიერთკავშირის ანალიზი ვერ მოახერხეს სწორად, რამდენადაც დასკვნაში წარმოდგენილი მაგალითები სრულიად განსხვავებულ შემთხვევებს ეხება და არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს განსახილველ საქმესთან მიმართებაში.


ბოლოს, გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ჩვენ მზად ვართ ნებისმიერ კვალიფიციურ ორგანიზაციასთან შევიდეთ შპს „ლიდერი-ფუდის“ წილთან დაკავშირებული დავის სიღრმისეულ განხილვაში, ღიად და საჯაროდ ვითანამშრომლოთ ყველა დაინტერესებულ პირთან და საინფორმაციო საშუალებებთან, რათა ცალკეულ არაკვალიფიციურ თუ მიკერძოებულ ორგანიზაციების არ მიეცეთ ფაქტების დამახინჯების და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის საშუალება.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up