საქართველოში კაფე-რესტორნები გაიხსნა. ერთ კვირაში კი დახურული ტიპის სივრცეების გახსნაა დაგეგმილი. „არ ველოდით ამ რაოდენობის სტუმრებს, თუმცა შევძელით,რომ ყველას უსაფრთხოება დაგვეცვა“ - განაცხადა „კომერსანტის დილაში“ „ქარხანა დეველოპმენტის“ (ღვინის ქარხანა N1) გენერალურმა დირექტორმა მერაბ ჭიქაძემ.
„ძალიან დიდი გამოწვევის წინაშე ვართ. პირველ რიგში, დაჩქარებული წესით მოგვიწია ხალხის ჯანმრთელობაზე ზრუნვა. გაიხსნა ყველა ობიექტი. უნდა ითქვას,რომ სტუმრების რაოდენობა დიდი იყო, არ ველოდით ამ რაოდენობას, თუმცა შევძელით, რომ ყველას უსაფრთხოება დაგვეცვა, ამასთანავე, ჩვენი სტუმრებიც იცავდნენ დისტანციას. მენიუში ცვლილებები არ შესულა, გვინდა,რომ ხალხმა მაქსიმალურად კარგად იგრძნოს თავი. ობიექტები ზრუნავენ იმიჯზე, აქ მოგებაზე არაა საუბარი, ყველამ ვიცით,რომ 2-3 თვე რესტორნები წაგებაზე იმუშავებენ.
ყველა რესტორანს გაუჭირდება, თუმცა, ჩვენ იმდენად კარგი ლოკაცია გვაქვს გარე სივრცეების რაოდენობის თვალსაზრისითაც, რომ შედარებით ადვილად შევძლებთ ამ კრიზისის გადატანას, ვიდრე საქართველოში სხვა რესტორნები, თბილისში მითუმეტეს. ბევრი ხარჯი დასჭირდება ასევე კონდენცირების სისტემის ცვლილებას.
სავარაუდოდ, ერთ კვირაში უკვე შესაძლებელი იქნება ჩვენი სტუმრებისთვის შიდა კომფორტული სივრცეების შექმნა. ეს დამოკიდებულია იმაზე,თუ რამდენად ექნება ხალხს საშუალება რესტორანში იაროს,“- აღნიშნავს მერაბ ჭიქაძე.