18-22 დეკემბერს, საქართველოს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული დირექტორი ეწვევა. ამის შესახებ „კომერსანტს“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან აცნობეს.
ვიზიტის ფარგლებში ჰანს კლუგე ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს ეკატერინე ტიკარაძეს შეხვდება. უწყების პირველი პირი ჯანმოს ევროპის რეგიონულ დირექტორს სამინისტროში უმასპინძლებს და ონლაინ კლინიკას დაათვალიერებინებს, რის შემდეგადაც მედიასთნ ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული დირექტორი ეკატერინე ტიკარაძესთან ერთად ადგილზე პირადად გაეცნობა კლინიკურ სასტუმროებსა და კოვიდ კლინიკებში არსებულ მდგომარეობას.
ჰანს კლუგე დელეგაციის წევრებთან ერთად საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-საც ესტუმრება. ვიზიტის ფარგლებში, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული დირექტორი ხელისუფლების უმაღლეს პირებს შეხვდება.
„ხვალ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული დირექტორი გვეწვევა. ჰანს კლუგეს ვიზიტი ხუთ დღიანია. მასთან შეთანხმებული იქნება ყველა სტრატეგია , რომელიც გადაიდგმება არა მხოლოდ კოვიდპანდემიის მართვის კუთხით, არამედ საუბარი გვექნება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ყველა დაგეგმილ რეფორმაზე“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული დირექტორი საქართველოში დელეგაციასთან ერთად ჩამოვა.
დელეგაციის შემადგენლობა არინ :ჯანმოს ევროპის რეგიონის ოფისის ქვეყნის ჯანდაცვის პროგრამების ხელმძღვანელი ნინო ბერძული ; ჯანმოს გადაუდებელი რეაგირებისა და დახმარების განყოფილების პროექტის მართვის ოფიცერი ნატალია დიმოვა ჩერტოიანოვა და ჯანმოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი სილვიუ დომენტე.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული დირექტორის საქართველოში ვიზიტი 5 დღიანია და 22 დეკემბერს დასრულდება.