15 სექტემბრის მონაცემებით, „რთველი 2020“-ის ფარგლებში, კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 48 ათას ტონაზე მეტი ყურძენი: 36 ათასი ტონა რქაწითელი, 9 ათასი ტონა საფერავი, 1,3 ათასი ტონა კახური მწვანე და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია. ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
„ყურძნის გადამუშავების დღე-ღამური მაჩვენებელი 8-9 ათასი ტონის ფარგლებშია, რაც იმას ნიშნავს, რომ კახეთში რთველი პიკურ ფაზაშია.
რთველი 2020-ის ფარგლებში, კახეთში ყურძნის საპროგნოზო რაოდენობა 300 ათასი ტონის ფარგლებშია. მიმდინარე წელს, COVID-19 პანდემიის შედეგად დაზარალებული მევენახეობა-მეღვინეობის დარგის მხარდასაჭერად, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, “რქაწითელისა” და “კახური მწვანის” ჯიშის ყურძნის სუბსიდირება განხორციელდება. სუბსიდიას მიიღებს ღვინის კომპანია, რომელიც: შეისყიდის და გადაამუშავებს კახეთის რეგიონში მოწეულ, არანაკლებ 1000 ტონა რქაწითელის ან კახური მწვანის ჯიშის ყურძენს.
ამასთან, შესყიდულ 1 კგ ყურძენში ყურძნის ჩამბარებელს გადაუხდის, არანაკლებ 0,80 ლარს. 1 კგ ყურძნის შესყიდვისას, ღვინის კომპანიებზე გაიცემა სუბსიდია: 1 კგ რქაწითელზე და 1 კგ კახურ მწვანეზე - 0,30 ლარი“ – ნათქვამია ინფორმაციაში.